Go Back Go Back
Go Back Go Back

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და განკურნება შესაძლებელია

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და განკურნება შესაძლებელია

Press Release

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და განკურნება შესაძლებელია

calendar_today 26 January 2024

An illustration of a female fighter against cervical cancer
ილუსტრაცია: WHO

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ხაზგასმით საუბრობენ საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო იმუნიზაციისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე.  

საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც დაკავშირებულია უდიდეს პერსონალურ სტრესთან, სოციალური აქტივობის წყვეტასთან და ქალების, მათი ოჯახებისა და ასევე, ჯანდაცვის სისტემების ფინანსურ დანახარჯებთან. საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის უმთავრესი გამომწვევი ფაქტორი ადამიანის პაპილომავირუსია, საქართველოში მცხოვრებ ქალებს შორის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, ის მაინც რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად ქვეყანაში, სადაც შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა გვიან (მე-3 ან მე-4) სტადიაზე ხდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინით, ხოლო ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი, იგი განკურნებას ექვემდებარება.

ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამაში ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინის ჩართვას. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა მნიშვნელოვანია საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად“ - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ.

2020 წლის ნოემბერში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის, აღმოფხვრის დაჩქარების გლობალური სტრატეგია შეიმუშავა. მასში წარმოდგენილია საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის სამი მიმართულება: ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაცია, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და მკურნალობა; სამივე მიმართულება უნდა დაინერგოს ერთობლივად და საჭირო მასშტაბით, საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. 
საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (ჯანმო) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლობები საქართველოში ხაზს უსვამენ ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) იმუნიზაციის ხელმისაწვდომობის, კიბოსწინარე დაზიანებების ხარისხიანი სკრინინგისა და მკურნალობის მნიშვნელობას, საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს დამარცხება შესაძლებელია, თუ შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ ყველა იმ მიმართულებით, რომელიც გლობალური სტრატეგიით არის განსაზღვრული. საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ინფორმაციაზე საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის არსებული სერვისების შესახებ, იყოს ინფორმირებული, თუ რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგ პროგრამაში რეგულარულ მონაწილეობას მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. ჩვენი აზრით, საჭიროა ახალი მეთოდების დანერგვა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა ქალებისათვის, განსაკუთრებით კი სოფლად და ძნელადმისადგომ ადგილებში მცხოვრები ქალებისათვის, რათა მივაღწიოთ კიბოს სკრინინგის მაღალ მოცვას, რაც, თავის მხრივ, არაერთი სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია... ჩვენ მივესალმებით საქართველოში ადამიანის პაპილომავირუსზე (აპვ) ტესტირების შემოღებას” - აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.

საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო პარტნიორებმა (ჯანმო, გაეროს მოსახლეობის ფონდი) მხარი დაუჭირეს საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და სკრინინგის პროგრამების დანერგვას, ქვეყანაში საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების შემცირების მიზნით, და აიღეს ვალდებულება განაგრძონ მუშაობა ამ მიმართულებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის მიზნით ჯანმო-ს მიერ შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად. ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია გამოვკვეთოთ შემდეგი ვალდებულებები, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის, სკრინინგის, მკურნალობის და მონაცემთა მართვის სფეროში:

პრევენცია: ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეტანილია იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის. 2022 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 13-18 წლის გოგოების ვაქცინაცია, ხოლო 2023 წლის გადაწყვეტილებით კი, ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთვნენ 46 წლამდე ასაკის ქალები.*

ამჟამად, ვაქცინაციის პროგრამა მოიცავს:

•    10-12 წლის ასაკობრივ ჯგუფში ორჯერად ვაქცინაციას, მინიმუმ 6 თვის ინტერვალით; 
•    13-46 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერად ვაქცინაციას, შემდეგი სქემით: 0 - 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 თვეს, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 თვეს.

სკრინინგი: სკრინინგის ეროვნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 25-60 წლის ქალებისათვის. მარტსა და აპრილში იწყება 30 წელს გადაცილებული ქალების ტესტირება ადამიანის პაპილომავირუსზე (აპვ).

მკურნალობა: შემუშავებულია საშვილოსნოს ყელის კიბოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მკურნალობის გაიდლაინები. 

მონაცემები: შეიქმნა კიბოს სკრინინგის ეროვნული რეესტრი, სკრინინგში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად და მონაცემთა მართვის გასაუმჯობესებლად. 

* ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოდ არის ხელმისაწვდომი პირველადი ჯანდაცვისა და ეროვნულ სკრინინგ ცენტრებში. ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაცია ასევე უფასოა 10-26 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ბიჭებისა და მამაკაცებისთვის და ემსახურება სხვადასხვა ლოკაციაზე კიბოს განვითარების პრევენციას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზს: 116 001