Go Back Go Back
Go Back Go Back

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და განკურნება შესაძლებელია

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და განკურნება შესაძლებელია

Press Release

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და განკურნება შესაძლებელია

calendar_today 26 January 2022

WHO და UNFPA ხაზს უსვამენ საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო იმუნიზაციისა და სკრინინგის მნიშვნელობას

26 იანვარი, 2022, თბილისი

საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია  აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც დაკავშირებულია უდიდეს პერსონალურ სტრესთან, სოციალური აქტივობის წყვეტასთან და ქალების, მათი ოჯახებისა და ასევე, ჯანდაცვის სისტემების ფინანსურ დანახარჯებთან. საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის ძირითადი ეთიოლოგიური ფაქტორი ადამიანის პაპილომავირუსია, ქალთათვის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, ის მაინც რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად ქვეყანაში, სადაც შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ (მე-3 ან მე-4) სტადიაზე ხდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) ვაქცინით, ხოლო ადრეული გამოვლენისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი, მისი განკურნებაც შესაძლებელია. 

აპვ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამაში აპვ ვაქცინის ჩართვას, რითიც იგი ხელმისაწვდომი გახდა 9-13 წლის გოგონებისთვის. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა მნიშვნელოვანია საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად“ - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ.

2020 წლის ნოემბერში WHO-მ საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის, აღმოფხვრის დაჩქარების გლობალურ სტრატეგიას ჩაუყარა საფუძველი. მასში წარმოდგენილია საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის სამი მიმართულება: აპვ ვაქცინაცია, საშვილოსნოს ყელის სკრინინგი და მკურნალობა; სამივე პრინციპი უნდა განხორციელდეს ერთობლივად და საჭირო მასშტაბით ელიმინაციის მისაღწევად.

საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებით, WHO-ს და UNFPA-ს წარმომადგენლობები საქართველოში ხაზს უსვამენ იმუნიზაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, კიბოსწინარე დაზიანებების მაღალი ხარისხის სკრინინგსა და მკურნალობას საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად და ტანჯვის შესამცირებლად.

საქართველოში მცხოვრები ყველა ქალისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, მიიღოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის და საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ, იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგ პროგრამაში რეგულარულ მონაწილეობას მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. ჩვენი აზრით, ეს სერვისები უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ქალებისათვის, განსაკუთრებით კი სოფლად და ძნელადმისაწვდომ ადგილებში მცხოვრები ქალებისათვის, რათა მივაღწიოთ კიბოს სკრინინგის მაღალ მოცვას და გადავარჩინოთ სიცოცხლე“, - აღნიშნა ქნ-მა ლელა ბაქრაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.   

საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო პარტნიორებმა (WHO, UNFPA) მხარი დაუჭირეს საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და სკრინინგის პროგრამების დანერგვას დაავადების ტვირთის შესამცირებლად და აიღეს ვალდებულება განაგრძონ მუშაობა ამ მიმართულებით WHO-ს საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის სტრატეგიის შესაბამისად. ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია გამოვკვეთოთ შემდეგი ვალდებულებები პრევენციის, სკრინინგის, მკურნალობის და მონაცემთა მართვის სფეროში: 

პრევენცია: 2019 წლიდან HPV ვაქცინაცია შეტანილია ვაქცინაციის ეროვნულ  პროგრამაში 9-13 წლის გოგონებისთვის. ხოლო, 2022 წლის 12 იანვრის საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 13-18 წლის გოგონებში „გაწმენდის“ რაუნდის ჩატარება შემდეგი სქემით:

o    15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
o    15-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 - 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

სკრინინგი: ეროვნული პროგრამის ფარგლებში  საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 25-60 წლის ქალებისათვის. 

მკურნალობა: შემუშავდა საშვილოსნოს ყელის კიბოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მკურნალობის გაიდლაინები.

მონაცემები: შეიქმნა კიბოს სკრინინგის ეროვნული რეგისტრი სკრინინგში მონაწილეობის და მონაცემთა მართვის გასაუმჯობესებლად.