Go Back Go Back
Go Back Go Back

საქართველო საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს

საქართველო საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს

News

საქართველო საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს

calendar_today 27 January 2022

თუ ქალი რუტინულად ივლის გინეკოლოგთან, საშვილოსნოს ყელის კიბოსთვის თავის არიდება გაცილებით მარტივია. ქალებს სწორედ ამას ვურჩევდი - აირჩიონ ექიმი, რომელთანაც კომფორტულად იგრძნობენ თავს და მიყვნენ მის რჩევას, არ შეეშინდეთ საშვილოსნოს ყელის გამოკვლევის - არც მტკივნეულია და გვერდითი მოვლენებიც თითქმის არ გააჩნია, იყვნენ ჯანმრთელები და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე,“ ამბობს ექიმი-გინეკოლოგი სოფიო ბოჯგუა. 

ყოველი წლის იანვარს, მსოფლიო საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვან ინიციატივას ტრადიციულად უერთდება საქართველოც. 

წლევანდელი კამპანიით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისები შეახსენებენ ქალებსა და გოგოებს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის გზებს და მოუწოდებენ მათ დროული ვაქცინაციისა და სკრინინგისკენ.

წყარო: WHO Georgia

2020 წლის ნოემბერში WHO-ს მიერ დამტკიცებული საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის აღმოფხვრის, გლობალური სტრატეგია სწორედ აპვ ვაქცინაციას, საშვილოსნოს ყელის სკრინინგსა და მის შემდგომ მკურნალობას მოიცავს. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის სილვიუ დომენტეს თქმით,  „აპვ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის.“

ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამაში აპვ ვაქცინის ჩართვას, რითიც იგი ხელმისაწვდომი გახდა 9-13 წლის გოგონებისთვის. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა მნიშვნელოვანია საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად,“ ამბობს ის. 

პრევენციის მიზნით 2019 წლიდან HPV ვაქცინაცია შეტანილია ვაქცინაციის ეროვნულ  პროგრამაში 9-13 წლის გოგოებისთვის, ხოლო 2022 წლის 12 იანვარს კი საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 13-18 წლის გოგოებში განმეორებითი ვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობა, რაც ერთიორად ზრდის პრევენციის მასშტაბებს. 

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე მოუწოდებს საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ და გაამხნევონ გოგოები და ქალები კიბოს პრევენციისა და მკურნალობის გზაზე, რათა მათ ჯანმრთელად და უსაფრთხოდ ცხოვრება შეძლონ. 

საქართველოში მცხოვრები ყველა ქალისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, მიიღოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის და საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ, იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგ პროგრამაში რეგულარულ მონაწილეობას მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის,“ ამბობს ლელა ბაქრაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ „ეს სერვისები უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ქალებისათვის, განსაკუთრებით კი სოფლად და ძნელად მისაწვდომ ადგილებში მცხოვრები ქალებისათვის, რათა მივაღწიოთ კიბოს სკრინინგის მაღალ მოცვას და გადავარჩინოთ სიცოცხლე“.

ეროვნული სკრინინგ ცენტრი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-დან 60 წლამდე ქალებს უფასოდ სთავაზობს. თუმცა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის ეთერ კიღურაძის თქმით, ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩართულობა და მოცვაა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს.
 

წყარო: WHO Georgia

მისი თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორისაა: ინფორმაციის არარსებობა, მისი გავრცელების პრობლემა; ასევე შიში, როგორც პროცედურის, ასევე დიაგნოზის. ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ არაფერი არ აწუხებთ და სკრინინგის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავენ.

მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ საშვილოსნოს ყელის სკრინინგის ჩატარება არ არის მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი ოჯახების, ახლობლების და ზოგადად, საზოგადოების წინაშე. ქალებმა უნდა გადალახონ ბარიერები და მეტი გაიგონ იმ სარგებლის შესახებ, რომელიც სკრინინგის ჩატარებას მოაქვს,“ აღნიშნავს ეთერ კიღურაძე. 

საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რაც, უმრავლეს შემთხვევებში, ადამიანის პაპილომავირუსითაა (აპვ) გამოწვეული. 

დღეს არსებული მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, ის მაინც რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად ქვეყანაში, რადგან შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა, სამწუხაროდ, დაგვიანებულ სტადიაზე ხდება. 

აპვ საწინააღმდეგო  ვაქცინაციას და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს შეუძლია კიბოს პრევენცია, ხოლო დროული და ეფექტური სამედიცინო ინტერვენციებით კი შესაძლებელია შევამციროთ და საბოლოოდ აღმოვფხვრათ საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა.