11 ოქტომბერი გოგოების საერთაშორისო დღეა.
გაერთანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან ეს დღე ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
დღესასწაულთან ერთად, გოგოების საერთაშორისო დღე, ასევე ემსახურება იმ სოციალური თუ სისტემური ბარიერების წარმოჩენას, რომელთაც გოგოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწყდებიან. მათ შორისაა, ბავშვობის ასაკში ქორწინება, სტერეოტიპული მიდგომები განათლების თუ პროფესიის არჩევისას, შეზღუდული მისაწვდომობა სპორტზე და სხვა. ყველაზე მთავარი გამოწვევა კი საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა სტერეოტიპებია - დამოკიდებულებები, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გოგოებს უწესებს საზღვრებს საზოგადოებაში.
„თანაბარი შესაძლებლობები - თანასწორი მომავალი“ - ეს არის თემა, რომლის გარშემოც წელს საქართველოს მთავრობა და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) გაერთიანდნენ. ერთობლივი კამპანიის მიზანია, პოზიტიური მაგალითებით დაანახოს საზოგადოებას, რომ გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევა შესაძლებელია.
უკანასკნელი წლების განმავლობაში საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს არსებული გამოწვევების გადაჭრის და სტერეოტიპების დასამსხვრევის მიზნით. მათ შორისაა, საკანონმდებლო ცვლილებები და სახელმწიფო უწყებების პროაქტიული პოლიტიკა ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების კამპანიები და სხვა.
იმისათვის, რომ გოგოებს ჰქონდეთ თანასწორი მომავალი ხვალ, აუცილებელია, რომ მათ შევუქმნათ თანაბარი შესაძლებლობები დღეს.