Go Back Go Back
Go Back Go Back

საქართველოს მთავრობასთან და UNFPA-სთან თანამშროლობით, „ბოდი შოპი“ ადრეული ქორწინების პრევენციისთვის მუშაობაში ჩაერთვება

საქართველოს მთავრობასთან და UNFPA-სთან თანამშროლობით, „ბოდი შოპი“ ადრეული ქორწინების პრევენციისთვის მუშაობაში ჩაერთვება

News

საქართველოს მთავრობასთან და UNFPA-სთან თანამშროლობით, „ბოდი შოპი“ ადრეული ქორწინების პრევენციისთვის მუშაობაში ჩაერთვება

calendar_today 10 June 2020

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისსა და კომპანია „ბოდი შოპს“ შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, „ბოდი შოპი“ ადრეული ქორწინების პრევენციისთვის მუშაობაში ჩაერთვება. კომპანია სპეციალურ სტიპენდიებს გამოყოფს მოზარდი გოგოებისთვის, რომლებიც იდგნენ ან დგანან ადრეული ქორწინების რისკის ქვეშ.

შეხვედრას, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს შორის 2020 წლის 8 ივნისს შედგა, ესწრებოდნენ: ლელა აქიაშვილი - პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა ბაქრაძე - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ირინა ადეიშვილი - „ბოდი შოპ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი და ქეთი კოზმანაშვილი - „ბოდი შოპ საქართველოს“ გენერალური მენეჯერი.

„მოხარულნი ვართ, რომ პასუხისმგებლიანი ბიზნესის და სოციალური პასუხისმგელობის ფარგლებში ქალთა უფლებების დაცვას ორგანიზაცია „ბოდი შოპი“ უერთდება.“ - აღნიშნა ლელა აქიაშვილმა, - „გაეროს მოსახლეობის ფონდისა და „ბოდი შოპთან“ თანამშრომლობით ჩვენ უკვე გავერთიანდით COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად. ამჯერად კი ვიწყებთ ახალ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ბავშობის ასაკში ქორწინების პრევენციას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით. წლების განმავლობაში საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, სახელმწიფო ატარებდა რეგულარულ ღონისძიებებსა ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციისათვის და აძლიერებდა მასზე რეაგირების მექანიზმებს. თუმცა, მანამ სანამ ერთი ბავშვი მაინც იქნება ბავშვობის ასაკში ქორწინების რისკის ქვეშ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. იმედი მაქვს გაეროს მოსახლეობის ფონდთან და „ბოდი შოპთან“ თანამშრომლობით კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ.“ 

„გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი აქტიურად თანამშრომლობს „ბოდი შოპთან“, როგორც კომპანიასთან, რომელიც ღიად უჭერს მხარს გენდერულ თანასწორობას და ქალებისა და გოგონების გაძლიერებას.“ - აღნიშნა ლელა ბაქრაძემ, -„რადგან ბავშვობის ასაკში, ადრეული და იძულებითი ქორწინების პრევენციისა და აღმოფხვრის ადვოკატირება ჩვენთვის უკვე მრავალი წელია პრიორიტეტს წარმოადგენს, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი პარტნიორების გაერთიანება და რესურსების მაქსიმალური მობილიზება ამ საკითხის გარშემო, რათა ყველა მოზარდ გოგონას მიეცეს საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა, ხოლო საზოგადოებამ არ დაკარგოს უმნიშვნელოვანესი ადამიანური რესურსი მათი სახით.“

„ჩვენთვის, როგორც ბრენდისთვის, რომელიც ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება ქალთა უფლებების დამცველად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ ადრეული ქორწინების პრევენციისთვის,“ - ირინა ადეიშვილი, „ბოდი შოპ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რომელიც  გენდერულად განპირობებული ფენომენია, 20-24 წლის ქალების 13.9 პროცენტი 18 წლამდე დაქორწინდა მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი მამაკაცებში 0.5 პროცენტია. ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება მძიმედ აისახება როგორც გოგონების, ასევე ბიჭების ცხოვრებაზე, თუმცა განსაკუთრებულად მავნე გავლენას გოგონებზე ახდენს, რომლებსაც ეზღუდებათ  უფლებების განხორციელების და საკუთარი პოტენციალის სრულად განვითარების შესაძლებლობა. ამ კომპლექსურ პრობლემასთან ბრძოლაში შედეგის მიღწევა მხოლოდ მრავალსექტორული მიდგომით არის შესაძლებელი სოციალური ნორმების ცვლილებების და მოზარდების განვითარებისა და გაძლიერების გზით.

ინიციატივა, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და „ბოდი შოპის“ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით განხორციელდება, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოზარდი გოგონების ეკონომიკურ გაძლიერებას და საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგონების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის, რომ თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს საშუალება, დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ.