2017 წლის 18 ოქტომბერს გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) სასტუმრო Rooms Tbilisi-ში გამართა დიალოგი მრგვალ მაგიდასთან თემაზე: „სამედიცინო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისათვის საქართველოში.“
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის, სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლებმა, კლინიკების ხელმძღვანელებმა, რადიოლოგებმა, მეან-გინეკოლოგებმა, რეპროდუქტოლოგებმა და ოჯახის ექიმებმა.
შეხვედრის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისათვის მონაცემების და კვლევების მიგნებების გაზიარება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის დაბადებისას სქესთა დარღვეული თანაფარდობა საქართველოში, ვაჟიშვილისთვის უპირატესობის მინიჭება და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა, და დიალოგის წამოწყება ნაყოფის სქესის დადგენის სამედიცინო ტექნოლოგიების ეთიკური გამოყენებისა და მშობლებისთვის ნაყოფის სქესის გამხელის ვადების შესახებ, რაც შესაძლოა შესაბამისი რეკომენდაციის/პროტოკოლის შემუშავების საფუძველი გახდეს.
ქვეყნები, სადაც გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული, დაბადებისას სქესთა დარღვეული თანაფარდობით ხასიათდება. ბიჭების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდას მნიშვნელოვანი უარყოფითი სოციალური და დემოგრაფიული შედეგები მოსდევს. პატრიარქალური სტრუქტურა და შეხედულებები, რომელიც არაერთი საზოგადოების მახასიათებელია, ვაჟიშვილისთვის უპირატესობის მინიჭების განწყობას და ამგვარად, გოგონებისა და ქალების მიმართ დისკრიმინაცის განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ დაბალმა შობადობამ და სწრაფმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა, რომელიც ნაყოფის სქესის დადგენის საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის გავრცელებას. გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა ბიჭების სასარგებლოდ, გოგონების და ქალების მიმართ სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ უთანასწორობაზე მიუთითებს და საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულ გენდერულ უთანასწორობაზე მეტყველებს.
სტატისტიკის თანახმად, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების 46% ბიჭს ამჯობინებს, 45%-სთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგონას ყოლას მხოლოდ 9% არჩევდა. 2010-2014 წლების მონაცემებით საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე საშუალოდ 109 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. აღნიშნული შეფარდება, მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას, ასევე, მათი მხრიდან მომავალ მშობლებთან სწორ კომუნიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ საზიანო პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) გლობალური პროგრამის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.