Go Back Go Back
Go Back Go Back

საზიანო პრაქტიკებით გამოწვეულ ფარულ და ენდემურ კრიზისთან გამკლავება

საზიანო პრაქტიკებით გამოწვეულ ფარულ და ენდემურ კრიზისთან გამკლავება

Press Release

საზიანო პრაქტიკებით გამოწვეულ ფარულ და ენდემურ კრიზისთან გამკლავება

calendar_today 30 June 2020

დაუყოვნებელი და დაჩქარებული მოქმედებაა საჭიროა ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების, ბავშვთა/ადრეული ქორწინებისა და სხვა მსგავსი პრაქტიკების შესაჩერებლად, რომლებიც ზიანს აყენებს ქალებსა და გოგონებს, ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშში.

2020 წლის 30 ივნისი, სტამბოლი - ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, მილიონობით გოგონა ხდება საზიანო და მანკიერი პრაქტიკის მსხვერპლი, რაც მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს და ეს ხდება მათივე ოჯახების, მეგობრებისა და საზოგადოების თანხმობით, ნათქვამია მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) -  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტოს - 2020 წლის ანგარიშში.   

სულ მცირე 19 საზიანო პრაქტიკა, დაწყებული მკერდის გაკვრით და დამთავრებული ქალწულობის შემოწმებით, მიჩნეულია ადამიანის უფლების დარღვევად, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშის თანახმად, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია სამ ყველაზე გავრცელებულ საზიანო პრაქტიკაზე: ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ბავშვთა/ადრეული ქორწინება და ვაჟებისთვის უპირატესობის მინიჭება. 

„საზიანო პრაქტიკა გოგონებში ღრმა და ხანგრძლივ ტრავმას იწვევს და ცხოვრებაში მათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის უფლებას ართმევს,” განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ნატალია კანემმა.  

წელს, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 4,1 მილიონი გოგონა გახდება სასქესო ორგანოების დასახიჩრების მსხვერპლი;  18 წლამდე ასაკის 33 000 გოგონა იძულების წესით დაქორწინდება მასზე ასაკით უფროს მამაკაცზე. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების ტენდენციამ ხელი შეუწყო გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკის გავრცელებას, ან გოგონების უგულებელყოფას, რაც, რიგ შემთხვევაში, გოგონების სიკვდილით მთავრდება და რისი შედეგიც არის მსოფლიო მასშტაბით 140 მილიონი „გაუჩინარებული გოგონა“. 

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ბავშვთა ქორწინება, ზოგადად, არალეგალურად არის მიჩნეული და მსგავს შემთხვევათა რაოდენობა კლებულობს, თუმცა, რეგიონის ზოგიერთ ნაწილში აღნიშნული პრაქტიკა ჯერ ისევ ფართოდ არის გავრცელებული (ზოგიერთ ქვეყანაში, 18 წლამდე ასაკში დაქორწინებულ გოგონათა წილი 15%-მდეა; ხოლო ზოგიერთ თემში, თითქმის ყოველი მეორე ქალი 18 წლამდე ასაკში  ქორწინდება).

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება კვლავაც ფართოდ არის გავრცელებული, რამაც სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობის სერიოზული დარღვევა გამოიწვია, რადგან დაბადებული ვაჟების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება დაბადებული გოგონების რაოდენობას.

ქვეყნებს, რომლებმაც მოახდინეს ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება, როგორიცაა ბავშვის უფლებების კონვენცია, ეკისრებათ საზიანო პრაქტიკის აღკვეთისა და დასრულების ვალდებულება. ბევრმა ქვეყანამ ამ ვალდებულების შესრულების მიზნით შესაბამისი კანონები შემოიღო, თუმცა, მხოლოდ კანონების შემოღება საკმარისი არ არის.

ათწლეულების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და ამ მიმართულებით წარმოებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ე.წ. „ქვემოდან ზემოთ“ მიდგომები გაცილებით ეფექტურია ცვლილებების მისაღწევად, ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშში.

„ნებისმიერი ფორმის საზიანო პრაქტიკას საერთო საფუძველი გააჩნია: ფართოდ გავრცელებული მცდარი შეხედულება, რომ ვაჟები გოგონებზე უპირატესნი არიან,” განაცხადა ალანა არმიტაჟმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა. „თუმცა ჩვენ მოწმე ვხდებით იმისა, რომ აღნიშნული სოციალური ნორმები სწორი მიმართულებით იცვლება და არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ერთობლივი ძალისხმევით - მთავრობები, სამოქალაქო საზოგადოება, ავტორიტეტული პირები და საზოგადო მოღვაწენი - შევძლებთ გოგონებისთვის ზიანის მომტანი ყველა პრაქტიკა წარსულს ჩავაბაროთ“. 

პროგრამები, რომლებიც სოციალური ნორმების შეცვლას ემსახურება, საკმაოდ ეფექტურია საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, თუმცა ეს პროგრამები არა მხოლოდ ამგვარი პრაქტიკის აღმოფხვრაზე უნდა იყოს ორიენტირებული, არამედ უფრო ფართო სპექტრის საკითხებზე, როგორიცაა ქალებისა და გოგონების დაქვემდებარებული მდგომარეობის შეცვლა, მათი უფლებების დაცვა, მათი სტატუსის ამაღლება და შესაძლებლობებზე წვდომის უზრუნველყოფა, ნათქვამია ანგარიშში. 

მსოფლიო მასშტაბით, ბავშვთა ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა 10 წლის ვადაში არის შესაძლებელი ისეთი გზებით, როგორიცაა გოგონებისთვის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შექმნა, მათთვის ცხოვრებისეული უნარების სწავლება და სოციალური ცვლილებების განხორციელების ძალისხმევაში ბიჭებისა და მამაკაცების ჩართვა. ანგარიშის თანახმად, 2030 წლამდე, 3,4 მილიარდი დოლარის ოდენობის წლიური ინვესტიცია ამ ორი საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრას უზრუნველყოფს და ამით დასრულდება, დაახლოებით, 84 მილიონი გოგონას ტანჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიმართულებით გარკვეული პროგრესი მიღწეულია, COVID-19-ის პანდემია საფრთხეს უქმნის ამ მიღწევებს და ზრდის პრობლემის გამწვავების რისკს.  უახლესი კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიწოდება და პროგრამები ექვსი თვით შეჩერდება დღევანდელი დღიდან 2030 წლამდე პერიოდში, დამატებით 13 მილიონი გოგონა გახდება იძულებული ადრეულ ასაკში დაქორწინდეს და 2 მილიონზე მეტი გოგონა გახდება სასქესო ორგანოების დასახიჩრების მსხვერპლი. 

პანდემიამ შესაძლოა გამოიწვიოს იძულებით ადრეული ქორწინების რისკის ზრდა, რომელიც გარკვეულ საზოგადოებებში ოჯახის ეკონომიკური ტვირთის შემსუბუქების სტრატეგიად არის მიჩნეული. იზოლაცია, სკოლების დახურვა და გადაადგილების შეზღუდვა არღვევს მოზარდი გოგონების ყოველდღიური ცხოვრების რიტმს და იმ სისტემების რღვევას უწყობს ხელს, რომლებიც მათ ამ ყოველდღიური ცხოვრების რიტმის შენარჩუნებაში ეხმარება. 

„პანდემია უფრო მეტ გოგონას აყენებს რისკის წინაშე და საფრთხეს უქმნის ჩვენ მიერ ამ რისკების შემცირების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს” განაცხადა არმიტაჟმა. „ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ გოგონებმა ყველგან შეძლონ სრულად ისარგებლონ საკუთარი უფლებებით, თავად გააკეთონ საკუთარ ცხოვრებისა და სხეულის შესახებ არჩევანი“.