თქვენ აქ ხართ

27 აპრილს, მარნეულის №3 ბაგა-ბაღში საბავშვო წიგნის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა” პრეზენტაცია გაიმართა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთობლივი ინიციატივით. 

ღონისძება გახსნეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა.

პრეზენტაციაზე მისულ მამებსა და შვილებს წიგნი აზერბაიჯანულ ენაზე მთარგმნელმა ოქტაი ქაზუმოვმა წარუდგენა. ბავშვებმა მამებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ხატვის ვორქშოფშიც, რომელიც ილუსტრატორმა თათია ნადარეიშვილმა ჩაატარა. 

ამავე ღონისძიების ფარგლებში, წიგნების ფართო გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს გადასცა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოცემული წიგნები „ლუნა და ციცინათელების პლანეტა” და „იავნანა ლილისთვის“, რომლებიც განთავსდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ სკოლამდელ დაწესებულებებში. 


ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, ევროკავშირის მხარდაჭერითა და მარნეულის კულტურის ცენტრთან თანამშრომლობით, ასევე ამზადებს თოჯინურ სკექტაკლს „ლუნა და ციცინათელების პლანეტა”. 

სწორედ ამიტომ, 27 აპრილსვე მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და ა(ა)იპ მარნეულის კულტურის ცენტრს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს კულტურულად მგრძნობიარე, ასაკზე მორგებული და გენდერული თანასწორობის პრინციპეპზე დაფუძნებული მოძრავი თოჯინური თეატრის განვითარებისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ფარგლებსა და მის გარეთ, ადგილობრივი თემების სკოლებსა და ბაღებში წარმოდგენების გამართვას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და მარნეულის კულტურის ცენტრის დირექტორმა ნატო შავიშვილმა.

ორივე ღონისძიება გაიმართა პროგრამის “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.


ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში მომზადებული საბავშვო წიგნები „ლუნა და ციცინათელების პლანეტა” და „იავნანა ლილისთვის“, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა “პალიტრა L”-თან თანამშრომლობით გამოიცა.

წიგნის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა” ტექსტის ავტორი მწერალი დავით გორგილაძეა, ილუსტრაციები თათია ნადარეიშვილს ეკუთვნის. „იავნანა ლილისთვის“ მწერალმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ დაწერა, მისთვის ილუსტრაციები კი ილუსტრატორმა სოფო კირთაძემ შექმნა. წიგნები აზერბაიჯანულ ენაზე ოქტაი ქაზუმოვმა თარგმნა. 

ორივე წიგნი იმ ოჯახების თავგდასავლებზე მოგვითხრობს, რომელთა გარშემოც ჯადოსნური ამბები ხდება, ოჯახის წევრები ერთმანეთზე გულითადად ზრუნავენ, ხოლო დედა და მამა შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს თანაბრად ინაწილებენ. უახლოეს ადამიანებზე ყოველდღიური ზრუნვა და საერთო გამოწვევების გააზრება ამ ოჯახების ბედნიერებისა და ჰარმონიის საფუძველია. საბავშვო წიგნები კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს, კაცების როგორც აქტიური მამების, მზრუნველი და არამოძალადე პარტნიორების ჩართულობას თანასწორი, ჰარმონიული და მდგრადი საზოგადოების მშენებლობის პროცესში.