ანა მაისურაძე, 34 წლის შშმ დედა თბილისიდან.
(სტილი დაცულია)
ანა საბანკო საქმის ბაკალავრი და სამართლის მაგისტრია. ორივე უმაღლესი სახელმწიფო გრანტით აქვს დამთავრებული. შვილის გაჩენამდე ანამ ხუთი წელი წიგნების მაღაზიაში იმუშავა. არის ლიტერატურული კონკურსის, “ინსომნიას” მონაწილე. ახლა ის თავისი დროის უდიდეს ნაწილს შვილის აღზრდას უთმობს, მაგრამ ზოგჯერ კვლავ ახერხებს თავისუფალი დროის მეგობრებთან ერთად გატარებას, ბორდ გეიმების თამაშსა და წიგნების კითხვას.
„საკმაოდ რთულია იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედა საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ გარემო ძაან არა-ადაპტირებულია. ჩემთან დაკავშირებით კიდევ, დამატებით ის პრობლემები არის, რომ მიჭირს სიმძიმეების აწევა. მიუხედავად ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა, ყოველთვის ვიცოდი, რომ აუცილებლად მეყოლებოდა შვილები. თავიდანვე ისე გავზარდე (მედეა), რომ მაგალითად ხელში ტარებას არ მივაჩვიე. ნამდვილად ძაან დიდი ბედნიერება მოიტანა მედეამ ჩვენს ოჯახში.
შვილის ყოლა იყო ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება კომფორტის ზონიდან გამოსვლის მხრივ. მშვენივრად მქონდა ცხოვრება აწყობილი, მიყვარდა ჩემი სამსახური, ბორდ გეიმები... ახლა თავისუფლად ვეღარ მივდივარ, ვეღარ მოვდივარ სადაც მინდა თუ არ მყავს დამტოვებელი, ღამის ძილის გატეხვები, სხვათაშორის, ორსულობა ძალიან კარგი მქონდა, დიდად არც ტოქსიკოზს შევუწუხებივარ. ბოლოსკენ კი რთული იყო დამძიმებული სიარული. ბავშვის დაბადების მერე, რა თქმა უნდა, გაცილებით რთულია ყველაფერი, მაგრამ ძალიან საყვარელი ბავშვია და ერთი წუთითაც არ ვნანობ. ეგ კი არა, მინდა კიდევ ერთი ბავშვი გავაჩინო.
ფინანსურად მთლიანად მეუღლეზე ვარ დამოკიდებული იმიტომ რომ პენსია მაქვს 140 ლარი, რაც მარტო მედეას საჭმელში და პამპერსში მიდის და უფრო მეტიც სჭირდება იმიტომ, რომ საკმაოდ ძვირია ხელოვნური კვება. ბერლინში ვიყავით ერთი თვე და იქ ძალიან აქტიურად მეხმარებოდა შაბათ-კვირას. ლაქტაცია არ გამოგვივიდა, ძალიან ცოტა მქონდა რძე. სადღაც 2 თვე ვაჭამე. მთლიანად ფორმულაზე გადავედით. ეს როგორც შშმ ქალებისთვის, ასევე არა შშმ ქალებისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ვისაც არ აქვს რძე ან სხვადასხვა მიზეზით არ გამოუვიდათ ლაქტაცია, ამაშიც კარგი იქნება, რომ სახელმწიფო დაეხმაროს ხოლმე, თუნდაც ლაქტაციის სპეციალისტებით, თუნდაც უფრო ხელმისაწვდომი ფორმულის ფასებით.
ძალიან ბევრ კამპანიას, სოციალურ ქსელში თუ სხვაგან, აქვთ ესეთი სლოგანი „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“, რაც სინამდვილეში ძალიან დიდი ტყუილია. ეს ტერმინი თითქოს საზოგადოებას პასუხისმგებლობას უხსნის, რომ გარემო გახადოს ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე ადამიანებისთვის. მაგალითად დაამონტაჟოს ხმოვანი შუქნიშნები, პანდუსები, მოაჯირები და ა.შ.
ასეთი მოლოდინები, რაც საზოგადოებას აქვს, თუ ხარ შშმ პირი უნდა იჯდე სახლში, არ უნდა გყავდეს ოჯახი, არ უნდა გქონდეს განათლება მიღებული, არ უნდა მუშაობდე და ა.შ. ძაან არასწორია. რეალურად, რომ გავდივარ გარეთ და რომელიმე შენობაში შევდივარ და მხვდება კიბე და არ არის მოაჯირი, მე იმ კიბეზე ვერ ავდივარ. და ეს არის შეზღუდული შესაძლებლობა. ანუ ის, რომ მე ვთქვათ შვილი გავაჩინე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა ჩემი შესაძლებლობის მიღმა გავაკეთე, იმიტომ, რომ ეს არ იყო ჩემი შესაძლებლობების მიღმა საქციელი, ანუ ჩემი პრობლემა არ არის რეპროდუქციული, შესაბამისად ეს არ იყო ჩემი მხრიდან რაღაც გმირობა ან რაღაც განსაკუთრებული საქციელი.
მე არ ვარ პატარა, 80-იანებში დავიბადე და ვიცი ოჯახები, რომლებიც მალავდნენ, არ უშვებდნენ [შშმ შვილებს]. ეგეთი რამ არ ყოფილა ჩემს ოჯახში. ყოველთვის ყველაფერს აკეთებდნენ [ჩემი მშობლები], რომ მაქსიმალურად სოციალიზებული ვყოფილიყავი, რომ არანაირად თავი არ მეგრძნო შეზღუდულად.
ყველაზე მთავარი, რაც ვთვლი, რომ ადამიანს ეხმარება, ამ შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომ ისეთი რაღაცეები გააკეთონ, რაც გულით უნდათ, ეს არის საკუთარი თავის რწმენა.
საზოგადოებას რომ უსმინო, საზოგადოება ძირითადად იმისკენ არის მიმართული, რომ შეგზღუდოს, რაღაცეები აგიკრძალოს, სტერეოტიპებში მოგაქციოს და გითხრას აი ეს არ შეგიძლია, ის არ შეგიძლია. ამიტომ პირველ რიგში არ უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, თუ რას იტყვიან სხვა ადამიანები."
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 6 სააგენტო (UNFPA, UNICEF, WHO, UNDP, UN Women, OHCHR) 2020 წლის დასაწყისიდან ახორციელებს პროგრამას „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის მხარდაჭერით.
პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყვის მთავარი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების გატარება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების მხარდაჭერა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში გაეროს მოსახლეობის ფონდმა მჭიდროდ ითანამშრომლა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან და ასევე პროექტის მონაწილე გაეროს სააგენტოებთან.
- პროგრამის ფარგლებში გაანალიზდა და შეფასდა კანონები და პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და რეპროდუქციულ უფლებებთან მიმართებაში, შემუშავდა რეკომენდაციები შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. გაეროს მოსახლეობის ფონდმა მხარი დაუჭერა შესაბამისი სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების განახლებას და მათში შშმ ქალთა მიმართ ძალადობის და მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხების და შესაბამისი ღონისძიებების ინტეგრირებას.
- ხელი შეეწყო სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების და ძალადობის გამოვლენის და მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტების დახვეწასა და განვითარებას.
- პროგრამის ფარგლებში ხელი შეეწყო მონაწილეობითი საადვოკაციო პლატფორმების გაძლიერებას შშმ ქალებისა და ახალგაზრდების უფლებებისათვის და მონაწილე შშმ ქალების საადვოკაციო შესაძლებლობების გაძლიერებას შშმ ქალების და ახალგაზრდების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.
შენიშვნა: ფოტოამბავში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს გაეროს მოსახლეობის ფონდის, პროგრამის მონაწილე გაეროს სხვა სააგენტოების და დონორი ორგანიზაციის პოზიციას.