გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია გრძელდება. შეხვედრების მიზანია აამაღლოს სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ასევე იმ საბანკო სერვისების შესახებ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ.
მოხარული ვარ, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, გაეროს სააგენტოებმა ძალისხმევა გააერთიანეს და, კერძო სექტორთან პარტნიორობით, საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმეს. ეს ღონისძიებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში მამაკაცების მეტი ჩართულობისკენაა მიმართული“, - ამბობს ია მირაზანაშვილი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენდერული საკითხების კოორდინატორი.
2021 წლის 16 დეკემბერს, შეხვედრა ამბროლაურში, სასტუმრო „მეტეხარაში“ შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭასა და ლეჩხუმში მცხოვრები ქალები, რომლებიც FAO-ს ,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტში’’ (ფინანსური მხარდამჭერი - „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა“) არიან ჩართულნი. მათ ინფორმაცია მიიღეს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, საშვილოსნოს და ძუძუს კიბოს პრევენცია, ოჯახში ძალადობა, საზიანო პრაქტიკები (ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა), გენდერული თანასწორობის როლი ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ფინანსური დაგეგმვა და საბანკო სერვისები, რომელსაც ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.
ღონისძიებები გახსნეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებმა.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის გენდერის ანალიტიკოსის, მარიამ ბანძელაძის თქმით, „გენდერული თანასწორობის მიღწევა ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად საქართველოსთვის, შესაბამისად, გაეროს სააგენტოების ერთობლივი ძალისხმევა, მიწვდნენ რაც შეიძლება, მეტ ქალს და კაცს მთელი ქვეყნის მასშტაბით, უაღრესად მნიშვნელოვანია. ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების უზრუნველყოფა, ქალებისა და მოზარდი გოგოების გაძლიერება, ისევე, როგორც კაცების ჩართულობის გაზრდა უფრო თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში კვლავაც რჩება UNFPA-ს უმთავრეს პრიორიტეტებს შორის. განვაგრძობთ აქტიურად მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი თანამოაზრეების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს, როგორც ინსტიტუციურ, ასევე ინდივიდუალურ დონეზე.“
გაეროს განვითარების პროგრამა აქტიურად უჭერს მხარს სოფლად მცხოვრებ ქალებს ეკონომიკური საქმიანობისა და შრომის ბაზარზე აქტიური მონაწილეობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენასა და ჩამოყალიბებაში. ამასთან, ვთვლით რომ მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ასვეე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალთა გაძიერების კუთხით, ვინაიდან ცნობიერების ამაღლება და საკუთარი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია მათი კოლექტიური წარმომადგენლობის გაძლიერებისთვის." - აღნიშნა ნათია წიქვაძემ, UNDP-ს პოლიტიკისა და შესაძლებლობების განვითარების სპეციალისტმა.
უკვე მეორე წელია, აღნიშნული შეხვედრები ლიბერთი ბანკთან პარტნიორობით ხორციელდება. „ჩვენი ახალი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“, მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებას გულისხმობს. ჩვენ განვაგრძობთ ქალების მხარდაჭერას და მათი გაძლიერებისთვის ხელმისაწვდომი პროდუქტების შექმნას. ასევე, ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი ყველაზე დიდი საბანკო ინფრასტრუქტურის გამოყენება, მომხმარებლისთვის მარტივი მომსახურების შეთავაზება და რეგიონში აგრობიზნესის განვითარებაა,“ - განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ.
პარალელურად, UNFPA-სა და FAO-ს თანამშრომლობით, გაიმართა ტრენინგი „მამაკაცური საუბრები“, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი 2016 წლიდან ახორციელებს, რათა გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში კაცების ჩართულობის გაზრდას შეუწყოს ხელი. ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, „მამაკაცური საუბრები“ კარგი შესაძლებლობაა ბიზნესსა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული კაცებისთვის, გაიაზრონ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა თავიანთ საქმიანობაში, რაც დადებითად აისახება როგორც პროდუქტიულობაზე, გუნდურობასა თუ შედეგების ეფექტურ მიღწევაზე, ასევე, იმ რისკის შემცირებაზე, რომ დასაქმებულმა კაცმა გააღვივოს სტერეოტიპები.
პარტნიორი ორგანიზაციები შეხვედრების გაგრძელებას 2022 წელს, ახალ სამიზნე რეგიონებში გეგმავენ.