2017 წლის 3 ოქტომბერი. ნიუ იორკი. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელ დირექტორად ნატალია კანემი დაამტკიცა. კანემი ამავდროულად გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
ნატალია კანემი, რომელიც პანამიდანაა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) რიგით მეხუთე აღმასრულებელი დირექტორია. 2017 წლის ივნისიდან ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, 2016 წლის ივლისიდან კი იყო აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, პროგრამების მიმართულებით. 2014-2016 წლებში ის იკავებდა ტანზანიაში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლის პოსტს. ასევე მუშაობდა წამყვან პოზიციებზე ფორდის ფონდსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში.
ნატალია კანემს მიღებული აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება კოლუმბიის უნივერსიტეტში, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის წოდება ვაშინგტონის უნივერსიტეტში. ის ასევე არის ჰარვარდის უნივერსიტეტის magna cum laude კურსდამთავრებული ისტორიისა და მეცნიერების მიმართულებით.
„ვარ სრულიად ერთგული გაეროს მოსახლეობის ფონდის პრინციპის, რომელიც გულისხმობს ისეთი მსოფლიოს აშენებას, სადაც ყველა ორსულობა სასურველია, ყველა მშობიარობა უსაფრთხო და ყველა ახალგაზრდის პოტენციალი რეალიზებული,“ განაცხადა ნატალია კანემმა.
„როგორც აღმასრულებელი დირექტორი, განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ UNFPA-ს ტრანსფორმაციულ მიზნებზე, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს 2018-2021 წლების სტრატეგიულ გეგმასთან და გულისხმობს დედათა სიკვდილიანობის შემცირებას, არასასურველი ორსულობების თავიდან არიდებას ოჯახის დაგეგმვის გზით, ისევე, როგორც საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრას, ბავშვთა/ადრეულ ასაკში ქორწინების ჩათვლით, 2030 წლისთვის.“
„გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მანდატი არასოდეს ყოფილა ასეთი დროული და რელევანტური,“ აღნიშნა კანემმა, „ჩვენი მუშაობა და პარტნიორობა კიდევ უფრო ინოვაციური და ამბიციური უნდა გახდეს. უნდა გავაძლიეროთ საქმიანობა ქვეყნების დონეზე, რათა არცერთი ქალი და მოზარდი გოგონა არ დარჩეს მდგრადი განვითარების პროცესის მიღმა.“