Go Back Go Back
Go Back Go Back

ნატალია კანემის ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სიტყვა

ნატალია კანემის ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სიტყვა

Statement

ნატალია კანემის ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სიტყვა

calendar_today 08 March 2022

ქალები ბავშვებითა და წიგნებით ხელში თავს აფარებენ ტყვიების წვიმას, რისგანაც მათ მტრედები, როგორც მშვიდობის სიმბოლოები, იცავენ. თათია ნადარეიშვილის მომზადებულ ამ ილუსტრაციაზე არის წარწერა: 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე. ილუსტრაციაზე დატანებულია შტრიხკოდი, რომელსაც გადაჰყავხარ UNFPA-ს დონაციის გვერდზე.

კონფლიქტები და კრიზისი უმძიმესი ტვირთია ქალებისა და გოგოებისთვის.

1,7 მილიონზე მეტი ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები, იძულებული არიან დატოვონ საკუთარი სახლები და უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში გაიხიზნონ. იძულებითი გადაადგილების წყალობით, ისინი ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და ექსპლუატაციის მსხვერპლად ქცევის გაზრდილი რისკის წინაშე დგანან. უფრო მეტიც, ამ ქალთაგან ბევრი ორსულია და შესაძლოა საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას, გართულებული ორსულობის გამო. სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდა კი საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს.

კონფლიქტებმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მკვეთრმა შედეგებმა და ხანგრძლივად მიმდინარე ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა გენდერული უთანასწორობა. დღეს მსოფლიოში რეკორდული რაოდენობით ადამიანია იძულებით გადაადგილებული და საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებასა თუ სასიცოცხლოდ აუცილებელ მომსახურებებზე წვდომას, და ეს ყველაფერი სწორედ ქალებსა და გოგოებს აწვება ყველაზე მძიმე ტვირთად.

მიუხედავად იმისა, რომ იემენის კონფლიქტი არ მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში, შვიდი წლის განმავლობაში იქ მიმდინარე არეულობამ სრულად გაანადგურა ჯანდაცვის სისტემა, რის გამოც დაახლოებით 5 მილიონ ქალსა და გოგოს არ აქვს წვდომა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სასიცოცხლოდ აუცილებელ მომსახურებებზე. დღეს ამ ქვეყანაში ყოველ ორ საათში ერთი ქალი იღუპება მშობიარობის დროს, იმ გართულებების გამო, რომელთა პრევენციაც სავსებით შესაძლებელია. 

აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები მილიონობით ქალისა და გოგოსთვის, რომლებსაც ბოლო რვა წლის განმავლობაში დროდადრო გააქტიურებული კომფლიქტების გარემოში უწევთ ცხოვრება და რომელთათვისაც გენდერული ნიშნით ძალადობა ყოველდღიურ რეალობას წარმოადგენს, სიტუაცია სავარაუდოდ კიდევ უფრო გაუარესდება. სირიაში მცხოვრები ზოგიერთი ახალგაზრდა ქალისა და გოგოსთვის ძალადობა და შევიწროება უკვე ცხოვრების წესად იქცა. 

მარტივად რომ ვთქვათ, ქალებსა და გოგოებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრიზისით დაზარალებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ჩამორთმეული აქვთ საკუთარი სხეულის, ცხოვრებისა და მომავალის განკარგვის უფლება. მათი ტანჯვა გაუმართლებელია.

იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მივაღწიეთ მსოფლიო მასშტაბით, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების გაუმჯობესების კუთხით, საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები და არეულობები. ავღანეთის კრიზისის ფონზე ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ, თუ როგორ სწრაფად შეიძლება დაიმსხვრეს ქალებისა და გოგოების ცხოვრების გაუმჯობესების მიმართულებით დიდი ძალისხმევით მოპოვებული წარმატება. ტიგრაეში, ჩრდილოეთ ეთიოპიაში, და კოქსის ბაზარში, ბანგლადეშში, ქალებსა და გოგოებს უწევთ კონფლიქტისა და მისი შედეგების მძიმე ტვირთის ტარება.

ფილიპინებსა და ჰაიტიში, ტონგასა და პატარა კუნძულებზე მდებარე სხვა განვითარებად ქვეყნებში, კლიმატის ცვლილების ზემოქმედება და გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები მნიშვნელოვნად ზღუდავს ქალთა წვდომას საარსებო წყაროებზე, საკვებზე, წყალსა და სხვა ძირითად საჭიროებებზე, რაც მათ უფრო დაუცველს ხდის დისკრიმინაციის, ექსპლუატაციისა და ძალადობის მიმართ.

აღვნიშნავთ რა ქალთა საერთაშორისო დღეს, საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ, უზრუნველყოს ქალებისა და გოგოების ჯანმრთელობის, უფლებებისა და ღირსების დაცვა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, კონფლიქტისა და კრიზისის შედეგად დაზარალებულ ყველა ქვეყანაში. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებების მიწოდებაზე ზრუნვა დაუშვებელია დაიწყოს კრიზისული სიტუაციის დადგომის შემდგომ. ორსული ქალებისთვის და სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებული მოზარდი გოგოებისთვის აღნიშნული მომსახურებები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საკვები, წყალი და თავშესაფარი, და შეიძლება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხსაც კი წარმოადგენდეს.

ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ქალებს და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ისინი ლიდერებად და ძლიერ პიროვნებებად მოგვევლინონ. ქალები უზრუნველყოფენ თემების ერთობას; ქალები ხელმძღვანელობენ ძალისხმევას კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით; და სწორედ ქალებს შეუძლიათ კონფლიქტების განმუხტვა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა.

ნებისმიერი კონფლიქტისა თუ კრიზისის ყოველი დღე არის დღე, რომელიც გვაშორებს ჩვენთვის სასურველი, უკეთესი, უფრო მდგრადი და უფრო თანასწორი მომავლის შექმნის იდეას. ქალები და გოგოები მთელ მსოფლიოში საჭიროებენ და იმსახურებენ მშვიდობას.