Go Back Go Back
Go Back Go Back

მხარი დავუჭიროთ ჯანმრთელობის უფლებას ყველასთვის, რათა 2030 წლისთვის დავასრულოთ შიდსის ეპიდემია

მხარი დავუჭიროთ ჯანმრთელობის უფლებას ყველასთვის, რათა 2030 წლისთვის დავასრულოთ შიდსის ეპიდემია

News

მხარი დავუჭიროთ ჯანმრთელობის უფლებას ყველასთვის, რათა 2030 წლისთვის დავასრულოთ შიდსის ეპიდემია

calendar_today 01 December 2017

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის მიმართვა შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით  2017 წელს

აივ ინფექციის ერთი შემთხვევაც  მეტისმეტად ბევრია - 2016 წელს კი  1.8 მილიონი ასეთი შემთხვევა იყო.

მდგრადი განვითარების მიზნების აღიარებით, საერთაშორისო საზოგადოებამ აიღო ვალდებულება, 2030 წლისთვის დაასრულოს შიდსის ეპიდემია.  დასახული მიზნის მიღწევას საფრთხე ექმნება, როცა თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის უფლება რეალიზებული არ არის. ჯანმრთელობის უფლება კი რეალიზებული არ არის მაშინ, როცა ადამიანები სტიგმისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან, როცა მათ ხელი არ მიუწვდებათ ინფორმაციაზე, სერვისებსა და დახმარებაზე. სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელიც უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს არაერთი თემისთვის მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით უწყობს ხელს აივ/შიდსის უწყვეტ გავრცელებას.

მაშინ, როცა მოზარდი გოგონები არ არიან საკმარისად დამოუკიდებელნი და ვერ იღებენ ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს, მაშინ, როცა ისინი არ არიან დაცულნი ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინებისგან, აივ/შიდსისგან, სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან და არასასურველი ორსულობისგან, მათი ჯანმრთელობის უფლება დარღვეულია. შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რომ აივ ინფექციით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა შემაშფოთებელ და არაპროგნოზირებად სახეს იღებს, განსაკუთრებით, აფრიკაში.  ახალგაზრდებისათვის ჯანდაცვის კეთილგანწყობილი  სერვისები არარსებობის,   კულტურული ბარიერებისა და სხვა ფაქტორების გამო, ისინი ვერ იღებენ სათანადო ინფორმაციას, მათი ჯანმრთელობის უფლება დარღვეულია. როცა უსამართლო კანონების და პოლიტიკის გამო, სარისკო ქცევის მქონე პოპულაციას  სერვისებზე ხელი არ მიუწვდება, ან მამაკაცები, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან, სექსმუშაკები, ტრანსგენდერები და ნარკომომხმარებლები მუდმივად განიცდიან მტრულ დამოკიდებულებას, მათი ჯანმრთელობის უფლება ირღვევა, რაც აივ ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს.

ყველაზე მარგინალიზებული და საზოგადოებისგან გარიყული ჯგუფების წარმომადგენლები ხშირად ამჯობინებენ, ყველასაგან დამალულად იცხოვრონ პერსონალური უსაფრთხოების დაცვისა და სავარაუდო არაკეთილგანწყობის თავიდან აცილების მიზნით, რათა ძალადობას თავი დააღწიონ. თუმცა ეს, ხშირ შემთხვევაში, სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის წართმევას ნიშნავს.

გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) გააერთიანა ძალისხმევა გაეროს ერთობლივ პროგრამასთან (UNAIDS) აივ/შიდსის პრევენციისათვის, აივ/შიდსის პრევენციის გლობალურ კოალიციასთან, რომელიც მთავრობებთან, თემებთან და პარტნიორებთან მუშაობს, გააქტიურდეს ყველაზე დაზარალებული ქვეყნებისა და მოსახლეობის დასახმარებლად. ჩვენ ერთობლივად ვმოქმედებთ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ახალგაზრდები და დავიცვათ ისინი სათანადო ცოდნის მიცემის გზით. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ხელს ვუწყობთ მოწყვლად თემებსა და სარისკო ქცევის მქონე პოპულაციას, რათა მათ შეძლონ უფლებებზე დაფუძნებული სერვისებით სარგებლობა და საკუთარი პოტენციალის რეალიზება.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მოუწოდებს მთავრობებსა და თემებს, გადადგან აუცილებელი ნაბიჯები სტიგმისა და დისკრიმინაციის დასასრულებლად და ამით მყარი საფუძველი შეუქმნან ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ყველასათვის. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ინკლუზიურობისა და ტოლერანტობის პოპულარიზაცია, რათა 2030 წლისთვის აივ/შიდსს წერტილი დავუსვათ.