Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

მშობლობისთვის მომზადება - მამების როლი პრენატალურ პერიოდში

მშობლობისთვის მომზადება - მამების როლი პრენატალურ პერიოდში

News

მშობლობისთვის მომზადება - მამების როლი პრენატალურ პერიოდში

calendar_today 25 December 2020

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA Georgia

„როცა ექოსკოპიაზე შვილის გულისცემის ხმას გასმენინებენ... ისეთი განცდა მაქვს, რომ დრო ჩერდება, გარშემო ყველაფერი ფერმკრთალდება და მხოლოდ ეს ხმა მესმის.“ ამბობს ლაშა კობერიძე, მომავალი მამა, „ამ მომენტში თითქოს თავს კარგავ, ვერ ვერკვევი, გამიხარდეს, პასუხისმგებლობა ვიგრძნო თუ ემოციები გამოვხატო. რაღაც ამაღელვებელი ხმაა. ისეთი სასიამოვნო, რომ ყველაზე საუკეთესო მუსიკის მოსმენასაც კი ვერ შევადარებ,“ დასძენს ის. 

ლაშასთვის მამობის თავგადასავალი ექოსკოპიის ოთახიდან დაიწყო და მას შემდეგ, მეუღლის ორსულობის ყველა ეტაპზე, ისინი ერთად დადიან ანტენატალურ ვიზიტებზე, გეგმავენ მშობიარობას, ემზადებიან  მშობლობისთვის და საუბრობენ იმაზე, თუ როგორი იქნება მათი შვილი, რა თამაში ეყვარება და სად იმოგზაურებენ პირველად ერთად. 

„ ჩემს წარმოდგენაში  უფრო სკოლის ასაკამდეა - პატარა, ლამაზი,  შავგრემანი, ხუჭუჭა თმებით, ცელქი, მოუსვენარი, სულ ლაპარაკობს; კითხვებს სვამს, ძალიან ბევრ კითხვას, ისეთ კითხვებს, რომ უნდა დაფიქრდე და გაიაზრო. დარწმუნებული ვარ, რომ ფაზლების აწყობა ეყვარება, სამაგიდო თამაშები, ექსპერიმენტების ჩატარება და ჩხირკედელაობა.“

ლაშა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მშობლობის თავგადასავალს მომზადებული შეხვდეს და მეუღლესთან ერთად თანაბრად გაინაწილოს ბავშვის მოვლის პასუხისმგებლობა და სიამოვნება.

„იუთუბზე ვიდეოებს ვუყურებ, ვაკვირდები გარშემო სხვა ბავშვებსაც, ვეკითხები მეგობრებს აზრს, ვკითხულობ წიგნებს და მჯერა, რომ ეს ყველაფერი დამეხმარება ჩვენს შორის მამა-შვილური ურთიერთობების  ჩამოყალიბებაში.“

თუმცა ლაშას შემთხვევა გამონაკლისია. 2019 წელს ჩატარებული კვლევიდან „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ ირკვევა, რომ მომავალი მამები საკუთარ როლს წინასამშობიარო პროცესში მინიმალურად, ან საერთოდ ვერ ხედავენ. იგივე კვლევა აჩვენებს, რომ ორსულობის პერიოდში ექიმთან ვიზიტზე მომავალი შვილის დედას, ყოველი ორი მამიდან, ერთი ახლდა, მათგან ნახევარი მოსაცდელ ოთახში დალოდებით შემოიფარგლა, ხოლო მეოთხედმა პარტნიორი კლინიკის შესასვლელთან დატოვა. 
მამების გამოცდილების გაზიარებით ჩანს, რომ კაცები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ბავშვის აღზრდაში, ბევრად უფრო პროდუქტიულები არიან სამსახურში, და გაცილებთ ბედნიერები პირად ურთიერთობაში. შესაბამიად, მათი შვილებიც უფრო ჯანსაღ გარემოში იზრდებიან. ლაშას შემთხვევაც ასეთია, როგორც თავად ამბობს, მამობის მოლოდინი და შვილზე ფიქრი მას უკეთეს ადამიანად აქცევს.

„სამსახურიდან როცა ვბრუნდები ხოლმე, ყოველთვის ვესაუბრები. ხშირ შემთხვევაში ზღაპრებსაც ვუკითხავ. ვიცი, რომ ამ ეტაპზე ჩემი ხმა ესმის და ეს მეც მავსებს. როდესაც დაიბადება, ვიცი, რომ ჩემი ხმის გაგონებაზე მშვიდად და დაცულად იგრძნობს თავს.  ეს ჩემთვისაც კარგია, თავდაჯერებულს მხდის და მაბედნიერებს.“

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA Georgia

კვლევები აჩვენებს, რომ კაცების უმეტესობას სურვილი აქვს, იყოს კარგი მამა, მაგრამ ღრმად ფესვგადგმული გენდერული ნორმები და სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სისტემის მიერ პარტნიორებისა და შვილების ცხოვრებაში კაცების როლის დაუფასებლობა კიდევ უფრო ართულებს ამის შესაძლებლობას. 

მამების როლის გასაძლიერებლად და აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, მომავალი წლიდან, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, მშობლობის ხელშემწყობი პროგრამა „მამების სკოლა“ განხორციელდება. „მამების სკოლა” წარმოადგენს უსაფრთხო სივრცეს, რომელიც მამებს და მომავალ მამებს საშუალებას მისცემს, შგამოიმუშავონ ის უნარები, რომლებიც მათ როგორც აქტიურ მშობლებს და მზრუნველ პარტნიორებს სჭირდებათ და ამ გზით, საზიანო გენდერულ ნორმებთან ბრძოლაშიც შეიტანონ საკუთარი წვლილი.

„უკვე მრავალი წელია, რაც UNFPA-ს საქართველოს ოფისი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მეტმა კაცმა დაუჭიროს მხარი გენდერულ თანასწორობას, არაძალადობრივ ურთიერთობებს, თანასწორ პარტნიორობასა და მშობლობას. მოხარული ვართ, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მხარდამჭერთა რიცხვი დღითიდღე იზრდება და უშუალო მონაწილეები ვართ იმ უმნიშვნელოვანესი სოციალური ცვლილების, რომელიც, გვჯერა, რომ სრულიად განსხვავებული საზოგადოების ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანს. „მამების სკოლა“ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ გზაზე და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ახალი ინიციატივა, რომელსაც პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით განვახორციელებთ, არაერთ ახალგაზრდა ოჯახს შეუწყობს ხელს,“ აღნიშნავს ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. 

აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.