Go Back Go Back
Go Back Go Back

მშვიდობა ამ სახლს: ქალთა და გოგონათა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა - COVID-19–ის პირობებში

მშვიდობა ამ სახლს: ქალთა და გოგონათა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა - COVID-19–ის პირობებში

Statement

მშვიდობა ამ სახლს: ქალთა და გოგონათა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა - COVID-19–ის პირობებში

calendar_today 11 July 2020

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის მიმართვა მსოფლიო მოსახლეობის დღესთან დაკავშირებით

მსოფლიოში მშვიდობის საწინდარი ჩვენს სახლებში მშვიდობაა, როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, როდესაც მსოფლიოს „ცეცხლის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა გენდერული ნიშნით ძალადობასთან დაკავშირებით - ამგვარი ძალადობა პანდემიაა COVID-19-ის პანდემიის ფარგლებში. ყოველი სამიდან ერთ ქალი, სიცოცხლის განმავლობაში, ერთჯერ მაინც ხდება ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ახლა, როდესაც ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში მკაცრი იზოლაცია მოქმედებს და ოჯახებში დაძაბულობა მატულობს, გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართულებით მდგომარეობა მწვავდება, ხოლო  სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურება ჩრდილში აღმოჩნდა, ჯანდაცვის სისტემების COVID-19-თან გამკლავების ძალისხმევის ფონზე. 
COVID-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა შემაძრწუნებელი დარტყმა მიაყენა ადამიანებს, საზოგადოებასა და ეკონომიკას, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. თუმცა, ყველას თანაბარი ზიანი არ მიდგომია და, ჩვენ ხშირად ვხდებით სავალალო ტენდენციის მოწმე, რომ ქალები და გოგონები ყველაზე მეტად ზარალდებიან. 
COVID-19–ი, დიდი ალბათობით, შეაფერხებს გლობალურ ძალისხმევას სამი უმნიშვნელოვანესი მიმართულებით, რომლებიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ძირითად საზრუნავსა და მიზანს წარმოადგენს, ესენია: 2030 წლისთვის დასრულდეს დედათა სიკვდილობა, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა კონტრაცეფციაზე და გენდერული ნიშნით ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ და მათ წინააღმდეგ მიმართული საზიანო პრაქტიკები.   გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პროგნოზით, მიმდინარე პანდემია  გლობალურ მიღწევებს, გენდერული ნიშნით ძალადობის დასრულების მიმართულებით, სულ მცირე, ერთი მესამედით შეამცირებს, მომავალი ათწლეულის განმავლობაში. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება, ჯანმრთელობის მომსახურებათა მნიშვნელოვანი შეფერხებებით მიწოდების ფონზე, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 47 მილიონ ქალს შეეზღუდება წვდომა თანამედროვე კონტრაცეპტივებზე, რის შედეგადაც მივიღებთ 7 მილიონ დაუგეგმავ ორსულობას. 
დღეს, როდესაც  მსოფლიო მოსახლეობის დღეს აღვნიშნავთ, ჩვენი ყურადღება მიპყრობილია ქალებისა და გოგონების დაუცველობასა და მათ საჭიროებებზე, COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დროს, და იმაზე, თუ რატომ არის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა და გენდერული ნიშნით ძალადობის ფარულად მიმდინარე პანდემიის დასრულება ესოდენ აუცილებელი, განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგევართ. 
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს თანამედროვე კონტრაცეპტივებისა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა საქონლის ხელმისაწვდომობა და რომ ბებიაქალები და სხვა სამედიცინო პერსონალი სათანადოდ იყვნენ აღჭურვილი ინდივიდუალური  დაცვის საშუალებებით, რაც მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.
ჩვენ იმედს გვისახავს ის ფაქტი, რომ 146-მა წევრმა სახელმწიფომ უკვე მოაწერა ხელი გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას ჩვენს სახლებში მშვიდობის უზრუნველყოფის რეალობად ქცევის შესახებ, და ჩვენ ვერთიანდებით მათ მხარდასაჭერად. COVID-19-ზე რეაგირების ფარგლებში, ჩვენ გამოვდივართ დისტანციური მომსახურების ინიციატივით, როგორიცაა ცხელი ხაზების, ტელემედიცინისა და დისტანციური საკონსულტაციო მომსახურების შემოღება და დანერგვა და ვაგროვებთ და ვამუშავებთ მონაცემებს, რათა დავეხმაროთ მთავრობებს იმ პირების იდენტიფიცირებასა და მათთან დაკავშირებაში, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ დახმარებასა და თანადგომას. 
გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით გაკეთებული პოზიტიური საჯარო განხადებები და გზავნილები და გენდერული სტერეოტიპებისა და მავნე სოციალური ნორმების წინააღმდეგ გალაშქრება ძალადობის რისკის შემცირებას ემსახურება. და ამ ძალისხმევაში მთავარი მოკავშირეების ფუნქცია მამაკაცებსა და ბიჭებს ეკისრებათ. 
სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა ადამიანის უფლებაა, და ისევე, როგორც არ წყდება ორსულობები და მშობიარობები, ადამიანის უფლებებიც არ წყვეტს არსებობას პანდემიის გამო. მოდით, გავერთიანდეთ, რათა შევაჩეროთ COVID-19-ის პანდემია და დავიცვათ ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობა და უფლებები - ახლა! 
არცერთ ორგანიზაციას თუ ქვეყანას არ შესწევს ძალა დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს. მიმდინარე პანდემია კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა გლობალურ დონეზე. გაერო, რომელიც წელს დაარსებიდან 75-ე წლისთავს აღნიშნავს, სწორედ საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა, რაც გლობალურ პრობლემებთან გამკლავების ერთადერთი გზაა. დღეს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება ესოდენ სოლიდარულია და კიდევ ერთხელ გაერთიანდა, ამჯერად პანდემიასთან გამკლავების მიზნით, მე მჯერა, რომ ამ გზით ჩვენ საფუძველს ჩავუყრით უფრო მდგრადი საზოგადოების შენებას, სადაც დაცული იქნება გენდერული თანასწორობა, და რომელიც ჯანსაღი და წარმატებული მომავალის საწინდარი გახდება.