Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

მსოფლიო 8 მილიარდი მოსახლით: დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების 8 გზა ქვეყნებისათვის

მსოფლიო 8 მილიარდი მოსახლით: დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების 8 გზა ქვეყნებისათვის

News

მსოფლიო 8 მილიარდი მოსახლით: დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების 8 გზა ქვეყნებისათვის

calendar_today 15 November 2022

დედ-მამა, ორ გოგო შვილს ეხუტება
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

პროგნოზის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია - ეს ჩვენს პლანეტაზე ადამიანთა სწრაფი ტემპით ზრდის კიდევ ერთი ნიშანსვეტია. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ამ ღირშესანიშნავი თარიღისთვის ემზადება, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ მსოფლიო მოსახლეობის ზრის გლობალური ტენდენცია ნიღბავს დემოგრაფიული მოვლენების მნიშვნელოვან მრავალფეროვნებას, რომელიც არსებობს რეგიონებსა თუ ქვეყნებს შორის. 

შობადობის მაღალი დონე, რაც განაპირობებს გლობალური მოსახლეობის ზრდას, სულ უფრო და უფრო მცირე რაოდენობით ქვეყნებში ფიქსირდება; ფაქტობრივად, მსოფლიო მოსახლეობის უკვე 60 პროცენტი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც შობადობის კოეფიციენტი ჩანაცვლების დონეზეა შენარჩუნებული ან ამ დონეს ჩამოუვარდება (საშუალოდ 2.1 ბავშვი ერთ ქალზე). მზარდი რაოდენობის ქვეყნებში მოსახლეობის ზრდა შეჩერდა, ან მოსახლეობის კლების ტენდენციაში გადაიზარდა. 

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მოსახლეობის რაოდენობა მცირდება - შობადობის დაბალი და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლებისა (განსაკუთრებით მამაკაცებს შორის) და ემიგრაციის მაღალი დონის (ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდებს შორის) ერთობლივი ზემოქმედების შედეგად.  სწორედ აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა რეგიონში უნიკალური დემოგრაფიული გარემოს შექმნა, რაც ერთი მხრივ შიშისა და შფოთვის საბაბს წარმოადგენს, ხოლო მეორე მხრივ, და სულ უფრო მეტად, დემოგრაფიული ცვლილების გამომწვევი პირველწყაროების დაძლევისა და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობების სასიკეთოდ გამოყენების მიზნით, შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მოძიების სტიმულად გვევლინება.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ქვეყნებს სთავაზობს მხარდაჭერას, დემოგრაფიული ცვლილების შედეგების დასაძლევად, დემოგრაფიული მდგრადობის უზრუნველყოფის რეგიონული პროგრამის მეშვეობით. გარდა ამისა, 2021 წლის დეკემბერში, სოფიაში გამართულ მინისტრთა კონფერენციაზე გადაწყდა დემოგრაფიული მდგრადობისადმი მიძღვნილი ათწლეულის გამოცხადება, რაც იმ ღონისძიებების გატარებას ემსახურება, რომლებიც ქვეყნებს ცვალებად დემოგრაფიულ გარემოში წინსვლისა და წარმატების საშუალებას  მისცემს.

ახლა, როდესაც 8 მილიარდიანი მსოფლიოს ზღურბლზე ვდგავართ, ამ რეგიონის ქვეყნებს ვთავაზობთ რვა რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რათა შეამსუბუქონ პოტენციური უარყოფითი ზემოქმედება ადამიანებზე, საზოგადოებებსა და ეკონომიკაზე და როგორ განაგრძონ წინსვლა, სწრაფი ტემპით მიმდინარე დემოგრაფიული ცვლილების ფონზე:

1. ადამიანებს უნდა ჰყავდეთ იმდენი შვილი, რამდენიც მათ სურთ

კვლევები ცხადყოფს, რომ აღნიშნული რეგიონის მოსახლეობას, როგორც წესი, სურს ორი ან მეტი შვილი ჰყავდეს, მაგრამ ხშირად ერთი შვილი ჰყავთ ან საერთოდ არ ჰყავთ შვილი. შვილების სასურველ რაოდენობასა და ოჯახის რეალურ ზომას შორის არსებული ეს სხვაობა მნიშვნელოვანი ბარიერების არსებობაზე მიუთითებს, რომლებიც ხელს უშლის ადამიანებს სისრულეში მოიყვანონ საკუთარი განზრახვები შვილების რაოდენობასთან დაკავშირებით. ამგვარ ბარიერებს განეკუთვნება ხარჯები (განსაკუთრებით შვილებზე ზრუნვისა და მათი განათლებისთვის საჭირო ხარჯები), სამუშაოსა და ოჯახთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების შეთავსების სირთულე და მავნე და საზიანო გენდერულ ნორმები, რომლებიც ქალების მიმართ ქმნის მოლოდინს, რომ ისინი საკუთარ თავზე აიღებენ ოჯახზე ზრუნვისა და საოჯახო საქმეების ძირითადი ნაწილის შესრულების ვალდებულებას. მთავრობები ფლობენ ამ ბარიერების დაძლევის საშუალებებს, კერძოდ, სოციალური და ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გაფართოებით, სამუშაო ადგილების ოჯახის საჭიროებებზე მორგებით, საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლით და ისეთი გარემოს შექმნით, რომელიც მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს შორის, ზრდის ნდობას საკუთარ ქვეყნის, საზოგადოებისა და ეკონომიკური პერსპექტივების მიმართ, ე.ი. იმ გარემოს მიმართ, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი მომავლის დაგეგმვასა და ოჯახის შექმნას. აღნიშნული საჭიროებს მმართველობის გაუმჯობესებას,  ადამიანის უფლებების პატივისცემასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. 

2. ადამიანებისთვის საცხოვრებლად სასურველი საზოგადოებების შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი მომავლის დაგეგმვას 

რეგიონის უმეტეს ნაწილში ემიგრაციის შედეგები მოიცავს მაღალკვალიფიციური კადრების გადინებას, მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას, მოსახლეობის დაბერების პროცესის გაღრმავებას და იგი გავლენას ახდენს შობადობის მაჩვენებლებზე, რადგან რეპროდუქციული ასაკის ბევრი ახალგაზრდა ოჯახს საზღვარგარეთ ქმნის. მაგალითად, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ბოლო კვლევის თანახმად, ყოველი ორი ახალგაზრდადან ერთი, ანუ 47 პროცენტი, აცხადებს, რომ აპირებს ქვეყნის დროებით ან სამუდამოდ დატოვებას. იმავე კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების საზღვარგარეთ გადინების უმთავრეს მიზეზს ცხოვრების ხარისხით მათი უკმაყოფილება წარმოადგენს. 

ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ პოლიტიკა და მიიღონ ზომები განათლებისა და სამუშაო პერსპექტივების გასაუმჯობესებლად, ხარისხიანი საჯარო მომსახურებებისა და საცხოვრისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საჯარო ინსტიტუტებისადმი ხალხის ნდობის აღსადგენად; ამავე დროს საჭიროა ახალგაზრდების წახალისება, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ საქმიანობაში. მიგრაცია, რა თქმა უნდა, თავისთავად, არ არის საზიანო: ის იძლევა საზღვარგარეთ სწავლისა და პროფესიული გამოცდილების მიღების, ახალი ენების შესწავლისა და სხვადასხვა კულტურის გაცნობის შესაძლებლობას. მაგრამ დაუშვებელია ადამიანებს ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი იძულებული არიან დატოვონ საკუთარი ქვეყანა ან არასდროს დაბრუნდნენ შინ, ამ ქვეყანაში შესაძლებლობების ნაკლებობის გამო. საბოლოო ჯამში, მთავრობების პასუხისმგებლობაა შექმნან ისეთი საზოგადოებები, სადაც ადამიანებს სურთ დარჩენა, ცხოვრება და ოჯახების შექმნა. 

3. ხანდაზმულების გაძლიერება, რათა მათ შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და საზოგადოების აქტიურ წევრებად დარჩნენ  

იმის გამო, რომ ნაკლები ბავშვი იბადება და ბევრი ახალგაზრდა ტოვებს საკუთარ ქვეყანას და საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ, საზოგადოებები, მთლიანობაში, დგებიან გამოწვევის წინაშე, რომელიც მოსახლეობის დაბერების სახელწოდებით არის ცნობილი. ამის პარალელურად იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა, რაც ერთიანობაში განაპირობებს იმას, რომ მოცემული რეგიონი სწრაფად ეწევა დანარჩენ ევროპას, სადაც 2050 წლისთვის მოსახლეობის დაახლოებით 30 პროცენტი იქნება 65 წლის და უფროსი ასაკის. 

საზოგადოებების დაბერება, ზოგადი პერსპექტივით, ჯერ ისევ ნეგატიურ მოვლენად აღიქმება: იგი საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ზოგად კეთილდღეობას და ტვირთად აწვება ახალგაზრდებს. თუმცა, მოსახლეობის დაბერება მხოლოდ მაშინ იქცევა პრობლემად, როდესაც ინსტიტუტები მზად არ არიან მასთან ადაპტირებისათვის. უზარმაზარი პოტენციური სარგებლის მომტანია წვდომა განათლებასა და ჯანდაცვის მომსახურებებზე, მთელი ცხოვრების მანძილზე, და ის, რომ ადამიანებს ხანდაზმულობის - სიცოცხლის ამ ახალ ფაზაში შებიჯება ჯანმრთელებსა და სასარგებლო უნარებით აღჭურვილებს შეეძლოთ და შეეძლოთ დარჩნენ ეკონომიკასა და საზოგადოებაში აქტიურად მონაწილე მოქალაქეებად, რადგან საპენსიო ასაკის ცნება უფრო მოქნილი ხდება და ხანდაზმული ადამიანები კი მუდმივად მზარდი „ვერცხლის ეკონომიკის“ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ, ეკონომიკისა, რომელიც ვითარდება მათი საჭიროებებისა და არჩევანის გათვალისწინებით.

ხანდაზმული ადამიანების გარიყვა საზოგადოებიდან, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური ტრაგედია და მორალური მარცხია. მაგრამ ეს ასევე ზიანს აყენებს ქვეყნებს, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით. რეგიონებში, სადაც მოსახლეობის დაბერება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ქვეყნები უბრალოდ ვერ მისცემენ საკუთარ თავს უფლებას საზოგადოებიდან გარიყონ მოსახლეობის ერთი მეოთხედი, მათი უნარებით, ნიჭით და სხვა პოტენციური წვლილით. 

4. ინვესტირება ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკაში (ქალებისთვის ზიანის მიყენების გარეშე) 

ძლიერი სოციალური და ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა არის გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანებმა შეძლონ იყოლიონ იმდენი შვილი, რამდენის ყოლის სურვილიც აქვთ.  მაღალგანვითარებული ქვეყნებს მშპ-ის 1-დან 4 პროცენტამდე ოჯახების მხარდაჭერას ხმარდება. ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ პოლიტიკას წარმოადგენს ბავშვზე ზრუნვის ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის პირობების უზრუნველყოფა, მშობლის შვებულების დასრულების შემდგომი პერიოდიდან დაწყებული, და მშობლების სამუშაო საათების მათ ოჯახურ პირობებზე მორგება. 

პოლიტიკა საუკეთესო საშუალებაა რეპროდუქციასთან დაკავშირებული არჩევანის მხარდასაჭერად, თუ იგი ითვალისწინებს ინდივიდუალური პირების სხვადასხვა საჭიროებებს, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. იგი საშუალებას უნდა აძლევდეს კაცებსა და ქალებს ერთმანეთს შეუთავსონ სამუშაოსა და ოჯახთან ასოცირებული პასუხისმგებლობები და უნდა ითვალისწინებდეს ფინანსურ მხარდაჭერას დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ვიწრო პოლიტიკას, რომელიც მეტი შვილის გაჩენის ხელშესაწყობად მხოლოდ ფინანსური წახალისებით შემოიფარგლება, ნაკლებად ახასიათებს გრძელვადიანი შედეგები. 

ასევე მნიშვნელოვანია, დავრწმუნდეთ, რომ ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიებები უნებლიედ არ ახდენდეს ზეწოლას ქალებზე, არ აიძულებდეს მათ დათმონ საკუთარი განათლებისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივები. მაგალითად, ხანგრძლივი დეკრეტული შვებულება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით დედებისთვის შეღავათის ელფერს ატარებს, როგორც წესი, ართულებს ქალების სამსახურში დაბრუნების პროცესს, ბავშვის გაჩენის შემდეგ. ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ასეთ შედეგებს და უზრუნველყოფდეს იმას, რომ როგორც დასაქმებულ ქალებს, ასევე კაცებს, შეეძლოთ საკუთარი წვლილის შეტანა ოჯახზე ზრუნვასა და საოჯახო საქმეებში. 

5. გენდერული როლების შესახებ ოჯახსა და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების დაძლევა

ოჯახში, სამუშაო ადგილზე და საზოგადოებაში ქალისა და კაცის როლების შესახებ ღრმადფესვგადგმული გენდერული უთანასწორობა და სტერეოტიპები იმ ძირითად ფაქტორებს განეკუთვნება, რომლებიც ხელს უშლის ადამიანებს განახორციელონ საკუთარი რეპროდუქციული მისწრაფებები. ქვეყნებს, სადაც გენდერული თანასწორობა არ არის დაცული, შობადობის ძალიან დაბალი მაჩვენებლები აქვთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა მაღალგანვითარებულია. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ქალები კვლავაც წარმოადგენენ ოჯახის იმ წევრებს, რომლებიც აუნაზღაურებელი სამუშაოს - ოჯახზე ზრუნვისა და საოჯახო საქმიანობის - ძირითად ნაწილს ასრულებენ (ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ქალები საშუალოდ 2,5-ჯერ მეტ დროს უთმობენ აუნაზღაურებელ შრომას - ოჯახის წევრებზე ზრუნვას, ვიდრე კაცები). ისეთ რეგიონებში, სადაც ქალების დიდ ნაწილს განათლება აქვს მიღებული, ეს არსებითად ნიშნავს იმას, რომ ისინი იძულებულნი არიან არჩევანი გააკეთონ სამუშაოსა და ოჯახს შორის. მავნე სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების დაძლევა დროს მოითხოვს, მაგრამ, მიზნის მიღწევის შემთხვევაში, პოტენციური სარგებელი განუსაზღვრელად დიდია - და სცდება შობადობის მაჩვენებელთა ზრდის პერსპექტივას. როდესაც ქალებს საშუალება აქვთ სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა საზოგადოების ყველა სფეროში, ბავშვის გაჩენისგან თავის შეკავების გარეშე, სარგებელი, რომელსაც ქვეყნები იღებენ, არ შემოიფარგლება მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის ზრდით, ამ შემთხვევაში იზრდება შესაძლებლობები, გარანტირებულია სტაბილურობა და კეთილდღეობა მომავალი თაობებისთვის. 

6. უკეთესი შესაძლებლობები ახალგაზრდებს  

მოცემულ რეგიონში მიგრაციის მაღალ დონესა და შობადობის მაჩვენებელთა შემცირებას განაპირობებს ახალგაზრდებისთვის გაურკვეველი მომავლი და პერსპექტივები. უმუშევრობა და არასტაბილური სამუშაო ადგილები, ეფექტური მმართველობის ნაკლებობა და მონაწილეობის შესაძლებლობების შეზღუდვა აიძულებს ბევრ ახალგაზრდას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, უკეთესი შესაძლებლობები ეძიონ სხვაგან. ფართოდ გავრცელებული გაურკვევლობისა და არასტაბილურობის განცდა, ოჯახების არასაკმარისი მხარდაჭერა და მომსახურებებზე წვდომის შეზღუდვა, იმ მთავარ ბარიერებს განეკუთვნება, რომლებიც ხელს უშლის ახალგაზრდებს ჰყავდეთ სასურველი რაოდენობის შვილები ან საერთოდ ჰყავდეთ შვილები. ამ გამოწვევებთან გამკლავება საჭიროებს განათლებასთან, ჯანმრთელობის დაცვასთან, შრომის ბაზართან, კარგ მმართველობასა და პოლიტიკურ მონაწილეობასთან და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებასთან დაკავშირებულ ყოვლისმომცველ პოლიტიკას. 

7. უფრო ინკლუზიური საზოგადოებების შექმნა 

მიუხედავად იმისა, რომ დემოგრაფიული ცვლილება ხშირად აღიქმება გამოწვევად, ის ასევე შეიძლება ჩაითვალოს ძლიერი და უფრო ინკლუზიური საზოგადოებების შექმნის უზარმაზარ შესაძლებლობად. დღევანდელ მსოფლიოში, ქვეყნის სიძლიერე არ იზომება რიცხვებით, არამედ მისი მოსახლეობის განათლებით, უნარებითა და ნიჭით. თუმცა, ძალიან ცოტა რამ კეთდება ამ ადამიანური კაპიტალის გასაძლიერებლად, ძალიან ბევრი ადამიანი რჩება ძირითადი საზოგადოებისგან გარიყული და ვერ ახერხებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებას. ქვეყნებს, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს დემოგრაფიულ ცვლილებას, კარგად აქვთ ეს გაცნობიერებული და იმუშავებენ და ახორციელებენ პოლიტიკას, რომელიც ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილებასა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას ემსახურება. ეს არის პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ქალების სამუშაო ძალაში ჩართვას, იზიდავს ნიჭიერ კადრებს საზღვარგარეთიდან, ხელს უწყობს უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრირებას და აძლევს ხანდაზმულებს საშუალებას დარჩნენ თავიანთ თემებში, ეკონომიკაში და საზოგადოებრივი ცხოვრებაში აქტიურად მონაწილე მოქალაქეებად, პენსიაზე გასვლის შემდეგ. ინკლუზიური საზოგადოებები ბევრად უფრო მდგრადია დემოგრაფიული ცვლილების მიმართ და წინსვლისა და წარმატების მეტი პერსპექტივა აქვთ, მოსახლეობის რაოდენობის მიუხედავად. 

8. უკეთესი მონაცემები უკეთესი პოლიტიკის საფუძველია 

მონაცემები მნიშვნელოვანია. ისინი მთავრობებს საშუალებას აძლევს გააანალიზონ აწმყო, რეაგირება მოახდინონ საჭიროებებზე და დაგეგმონ მომავალი. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს მაღალი სიზუსტით განვსაზღვროთ მომავალი დემოგრაფიული მოვლენები, უახლოეს ათწლეულებში. მაგალითად, ჩვენთვის ცნობილია, რომ მოსახლეობის სწრაფი ტემპით დაბერება, რეგიონის მასშტაბით, გაგრძელდება უახლოეს მომავალში და მთავრობებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ მონაცემებით და მოემზადონ ამ მოვლენასთან დაკავშირებულ შედეგებთან გასამკლავებლად, რაც გულისხმობს სისტემებისა და ინსტიტუტების ცვალებად რეალობასთან ადაპტირებას. მაგრამ ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საჭიროა სქესის, ასაკისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ჩაშლილი გაცილებით მეტი მონაცემის მოპოვება, მათ შორის ქვეეროვნულ დონეზე. გარდა ამისა, მონაცემთა შეგროვების გზა ახალ რეალობას უნდა მოვარგოთ. მაგალითად, ხანდაზმული ადამიანების ერთ ასაკობრივ კატეგორიად - 60 წელს გადაცილებული ან 65 წელს გადაცილებული - განხილვა შეიცავს ამ მუდმივად მზარდ კოჰორტაში ასევე მზარდი მრავალფეროვნების უგულებელყოფის რისკს. უკეთესი, უფრო დეტალური მონაცემები გარანტიაა იმისა, რომ ქვეყნები უკეთ შეძლებენ რეგიონში მიმდინარე დემოგრაფიული ტენდენციების იდენტიფიცირებას და უკეთ მომზადებული შეხვდებიან მათ.