Go Back Go Back
Go Back Go Back

მსოფლიომ ძალისხმევა უნდა გააძლიეროს, რათა უზრუნველყოს სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებების დაცვა ყველასთვის, ნათქვამია UNFPA-ის ახალ ანგარიშში

მსოფლიომ ძალისხმევა უნდა გააძლიეროს, რათა უზრუნველყოს სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებების დაცვა ყველასთვის, ნათქვამია UNFPA-ის ახალ ანგარიშში

News

მსოფლიომ ძალისხმევა უნდა გააძლიეროს, რათა უზრუნველყოს სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებების დაცვა ყველასთვის, ნათქვამია UNFPA-ის ახალ ანგარიშში

calendar_today 10 April 2019

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნიუ-იორკი, 2019 წლის 10 აპრილი - რეპროდუქციული უფლებების გლობალურმა მოძრაობამ, რომელიც 1960-იან წლებში დაიწყო, ასობით მილიონი ქალის სიცოცხლე შეცვალა, გააძლიერა ისინი რათა თავად მიეღოთ საკუთარ სხეულთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და შეექმნათ სასურველი მომავალი. მიუხედავად იმ წარმატებისა, რომელიც გასული 50 წლის განმავლობაში UNFPA-ის - გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტოს - შექმნის შემდეგ იქნა მიღწეული, მსოფლიოს კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ უფლებები და არჩევანი ყველასთვის  ხელმისაწვდომი გახდება - წერია მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

უფლებებისა და არჩევანის რეალიზების გზაზე, ქალები და გოგონები  ყოველ ნაბიჯზე აწყდებიან სოციალურ და ეკონომიკურ ბარიერებს. სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია, აქტივისტები და ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა UNFPA, მათ ამ ბარიერების დამსხვრევაში ეხმარება.

რეპროდუქციული უფლებების მოძრაობების ძალისხმევამ მკვეთრად შეამცირა არასასურველი ორსულობისა და დედათა სიკვდილობის რიცხვი, და მილიონობით ადამიანისთვის შექმნა უფრო ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრების წინაპირობა, ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშში.

წლევანდელი ანგარიში ასახავს რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით მიღწეულ წარმატებას ორი მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად. 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1969 წელს მუშაობა დაიწყო გაეროს მოსახლეობის ფონდმა, როგორც გაერთიანებული ერების პირველმა სააგენტომ, რომლის საქმიანობაც მიმართული იყო მოსახლეობის ზრდისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საჭიროებებისკენ. 25 წელი გავიდა 1994 წელს გამართული მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციიდან (ICPD), სადაც 179 ქვეყნის  მთავრობებს მოუწოდეს ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ყოვლისმომცველი რეპროდუქციული ჯანდაცვის, მათ შორის, ნებაყოფლობითი ოჯახის დაგეგმვის და უსაფრთხო ორსულობისა და მშობიარობის სერვისების უზრუნველყოფისათვის.

1969 წლიდან ბევრი მიღწევა შეინიშნება, ნათქვამია ანგარიშში. ცოცხლად დაბადებულთა საშუალო რიცხოვნობა თითო ქალზე მაშინ 4.8 იყო, 1994 წელს - 2.9, დღეს კი 2.5-ია. ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში შობადობის კოეფიციენტი შემცირდა 6.8-დან 1969 წელს 5.6-მდე 1994 წელს, და 3.9-მდე - 2019 წელს; ასევე დაიკლო ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზით გარდაცვლილ ქალთა რაოდენობამ; თუ 1994 წელს ყოველ 100,000 მშობიარობაზე ეს მაჩვენებლი შეადგენდა 369-, 2015 წელს ის 216-მდე შემცირდა. გარდა ამისა, 1969 წელს ქალების მხოლოდ 24% იყენებდა თანამედროვე კონტრაცეპტივებს, 1994 წელს ეს მაჩვენებელი 52%-მდე გაიზარდა, ხოლო 2019 წელს 58% შეადგინა.

თუმცა, რეპროდუქციული უფლებები კვლავ მიუწვდომელია მრავალი ქალისათვის, მათ შორის, იმ 200 მილიონზე მეტი ქალისთვის, რომელთაც სურთ ორსულობის თავიდან არიდება, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმაციასა და სერვისებზე.

"წლების განმავლობაში კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, თუმცა ამის მიუხედავად, ასობით მილიონ ქალს ჯერ კიდევ არ მიუწვდება ხელი კონტრაცეფციასა და იმ არჩევანზე, რომელიც მას უკავშირდება,” - განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატალია კანემმა. "ამის გარეშე, მათ არ არ შესწევთ ძალა მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარი სხეულის, მათ შორის, სასურველი ორსულობების რაოდენობის შესახებ.“

"ამ ძალაუფლების ნაკლებობა, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სხვა ასპექტზე, იქნება ეს განათლება, შემოსავალი თუ უსაფრთხოება, ქალებს ართმევს საკუთარი მომავლის შექმნის შესაძლებლობას,“ - ამბობს ნატალია კანემი.

წლევადელ ანგარიშში პირველადაა წარმოდგენილი მონაცემები ქალთა შესაძლებლობის შესახებ მიიღონ გადაწყვეტილება სამ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით: სქესობრივი ცხოვრება თავიანთ პარტნიორთან, კონტრაცეფციის გამოყენება და ჯანდაცვა. 51 ქვეყანაში, სადაც ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ქორწინებაში ან ურთიერთობებში მყოფი ქალების მხოლოდ 57%- შეუძლია საკუთარი არჩევანის გაკეთება სამივე სფეროში.

"მოვუწოდებ მსოფლიოს ლიდერებს კიდევ ერთხელ დაადასტურონ მზადყოფნა იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელიც 25 წლის წინ კაიროში დადეს, რათა უზრუნველყონ სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ყველასთვის", - ამბობს კანემი. "მსოფლიოს ეძლევა ისტორიული შანსი შეასრულოს ICPD- ის დაუსრულებელი საქმე ICPD25 სამიტზე, რომელიც წელს, ნოემბერში, კენიაში გაიმართება და სადაც მთავრობები, აქტივისტები და მხარდამჭერები ერთად დადგებიან თავიანთი მონაპოვარის დასაცავად და ICPD დღის წესრიგის შესასრულებლად, რათა არავინ დარჩეს მიღმა.“

ანგარიშში ასევე წარმოდგენილია 15 ადამიანი - ცვლილების ჩემპიონები მთელი მსოფლიოდან, რომელთაც შეძლეს დაემსხვრიათ ბარიერები და გავლენა მოეხდინათ სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მდგომარეობაზე, და ეს პროგრესი ჩვენამდე მოეტანათ.

"მივესალმები ჩვენს ჩემპიონებს“, - განახადა კანემმა. "ჩვენ, ყველას, საკუთარი როლი გვაქვს იმ ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებსაც სურთ ძველ დროში დაგვაბრუნონ, როცა ქალებს არ გააჩნდათ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება არც რეპროდუქციული ჯანმრთელობის და არც მათი ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხების ირგვლივ," - დასძენს კანემი. "ბრძოლა უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ უფლებები და არჩევანი ყველასათვის რეალობად არ იქცევა."

 

ფაქტები და მონაცემები ანგარიშიდან:

ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზით გარდაცვლილი ქალების რაოდენობა ყოველ 100,000 მშობიარობაზე მსოფლიოში: 1994 წელს - 369; 2015 წელს - 216.

გლობალური თანამედროვე კონტრაცეფციის პრევალენტობის მაჩვენებელი: 1969 წელს - 24, 1994 წელს - 52; 2019 წელს - 58.

გლობალური შობადობის მაჩვენებელი, ან შობადობის მაჩვენებელი თითოეულ ქალზე: 1969 წელს - 4.8; 1994 წელს - 2.9; 2019 წელს - 2.5.

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე დაუკმაყოფილებელი საჭიროებების ყველაზე დიდი მაჩვენებელი მარგინალიზებულ ჯგუფებს შორისაა, მათ შორისაა ეთნიკური უმცირესობების ჯგუფები, ახალგაზრდები, დაუოჯახებელი ადამიანები; ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენერი და ინტერსექსი ადამიანები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; სოფლებსა და ურბანულ ადგილებში მცხოვრები ღარიბი მოსახლეობა.

დღეს მსოფლიოში მცხოვრები დაახლოებით 800 მილიონი ქალი ბავშვობის ასაკში დაქორწინდა.

ყოველდღიურად, 500-ზე მეტ ქალი და გოგონა იღუპება  საგანგებო ვითარების მქონე ქვეყნებში ორსულობისა ან/და მშობიარობის დროს.