Go Back Go Back
Go Back Go Back

მზადება მშობლობისთვის - ოჯახების ხელშეწყობის პოლიტიკა და პრაქტიკა საქართველოში

მზადება მშობლობისთვის - ოჯახების ხელშეწყობის პოლიტიკა და პრაქტიკა საქართველოში

News

მზადება მშობლობისთვის - ოჯახების ხელშეწყობის პოლიტიკა და პრაქტიკა საქართველოში

calendar_today 07 September 2023

A black and white photo of a couple, expecting a baby standing near the curtains holding hands
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

26 წლის ნატალია ჭამიაშვილს და ირაკლი ხუჭუას, 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, პირველი შვილი შეეძინათ.

შვილის ყოლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დარწმუნდნენ, რომ ამისთვის ყოველმხრივ მზად იყვნენ.  

„საზოგადოება ფიქრობს, რომ დაქორწინების შემდეგ, აუცილებლად ბავშვი უნდა გყავდეს. ქორწინება რომ დავგეგმეთ, ვიცოდით, რომ ამისთვის მზად ვიყავით, მაგრამ ამავდროულად, ვაცნობიერებდით, რომ ბავშვი არის უკვე სხვა პასუხისმგებლობებთან ასოცირებული და ამიტომ მშობლობა ცოტა გადავავადეთ,“ ამბობს ნატალია.

„ჩვენი კარიერის დასაწყის საფეხურზე ვიყავით, ჩვენ კი გვყოფნიდა ის თანხა, მაგრამ მესამე ადამიანისთვის იქნებოდა წარმოუდგენელი და გვქონდა ცხოვრებაში რაღაცები შესასრულებელი, რისთვისაც დიდი დროის დათმობა გვიწევდა,“ განმარტავს ის.

A couple standing together holding hands around the belly as the women is expecting a baby
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

რას ნიშნავს ოჯახის დაგეგმვა?

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ 2023 წლის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყნებში ოჯახის ხელშემწყობი პოლიტიკის გატარებას და დანერგვას.

ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს მთავრობებისთვის, რომლებიც ეხება გენდერული თანასწორობისა და უფლებების უზრუნველყოფაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავებას, მათ შორის მშობლის შვებულებას, ბავშვებისთვის საგადასახადო შეღავათებს, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას სამუშაო ადგილზე, ასევე სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე საყოველთაო წვდომას.

კერძოდ, ნათქვამია, რომ „ოჯახის ხელშემწყობი პირობების დანერგვა ქალებისთვის, რომლებსაც სურთ შვილების გაჩენა, და კონტრაცეპტივების მიწოდება მათთვის, ვისაც არ სურს შვილების გაჩენა, იმ ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც რეპროდუქციული უფლებების დაცვასა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ემსახურება.“

გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის პროგრამის ანალიტიკოსის, მარიამ ბანძელაძის თქმით, იმისთვის რომ ქალებმა შეძლონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება, კარიერული წინსვლა და შრომის ბაზარზე აქტიური მონაწილება, საჭიროა სათანადო ზომების მიღება დამსაქმებლების მხრიდანაც.

„ეს შეიძლება იყოს მშობლობის დეკრეტული შვებულება, დედებისთვის მოქნილი სამუშაო გრაფიკის შეთავაზება, მეტი ინვესტირება ბავშვთა ზრუნვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის და სხვა... ოჯახებისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკის დანერგვა საშუალებას მისცემს ქალებს იყოლიონ შვილები მაშინ, როდესაც სურთ, და ამავდროულად არ წავიდნენ კომპრომისზე საკუთარი პროფესიული მისწრაფებების და მიზნების ხარჯზე,“ აღნიშნავს ის.

ნატალიაც მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მომავალ მშობელს გაცნობიერებული ჰქონდეს შვილის ყოლის პასუხისმგებლობა და არ გაუჩნდეს შეგრძნება, რომ საკუთარ თავს სწირავს ბავშვისთვის და ამის გამო, მთელი დარჩენილი ცხოვრება სინანულის შეგრძნება გაჰყვეს.

A couple standing behind the curtains holding each other
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

მას უნდოდა, დედობამდე მაგისტრატურაზე ესწავლა საზღვარგარეთ. ირაკლისაც თავისი „მისიები“ ჰქონდა შესასრულებელი.

„ვიცოდი, რომ ოდესმე მომინდებოდა დედობა, მაგრამ ჯერ მომწიფებული არ იყო ეს აზრი,“ ამბობს ნატალია.

მას შემდეგ, რაც კარიერაშიც გადადგეს ნაბიჯები, ფინანსურად მოემზადნენ და დარწმუნდნენ, რომ ჯანმრთელობაც ხელს უწყობდათ და მენტალურად მზად იყვნენ, შვილის გაჩენაც გადაწყვიტეს.

მზადება მშობლობისთვის

გაეროს მოსახლეობის ფონდი აქტიურად თანამშრომლობს კერძო და საჯარო სექტორთან  გენდერულად მგრძნობიარე ოჯახზე მორგებული  პოლიტიკის გასატარებლად, რაც გულისხმობს სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების შეთავსების თვალსაზრისით თანამშრომლებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზებას.

UNFPA-ის მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, ბევრ ქვეყანაში მოქმედებს პროგრამები, რომლებიც ქალებისთვის და მათი პარტნიორებისთვის ფინანსურ წახალისებას გულისხმობს იმისთვის, რომ შვილის ყოლისთვის უკეთ მოემზადონ. რადგან საქართველოში მსგავსი პროგრამები ჯერ არ არის აქტიურად დანერგილი, ნატალია და ირაკლი მშობლობისთვის დამოუკიდებლად ემზადებოდნენ.

 „პატარა დანაზოგი გავიკეთეთ, კვლევაც ვცადეთ, რომ დაგვეთვალა დაახლოებით რა ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული ბავშვის ყოლა. გარდა ამისა, როგორც კი გადაწყვეტილება მივიღეთ, ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა გავაასმაგეთ,“ ამბობს ნატალია და დასძენს, რომ ერთი წლით ადრე დაიწყეს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება.

ნატალია შვილის ყოლის მსურველ წყვილებს ურჩევს, მიიღონ ინფორმაცია სახელმწიფო თუ კერძო ჯანდაცვის სერვისების შესახებ, რაც ორსულობისა და მშობიარობის დროს დაეხმარებათ. სამედიცინო ხარჯების გათვლასთან ერთად, გაითვალისწინონ ჯანსაღი  კვება, ასევე ბავშვთან დაკავშირებული ხარჯები, რაც ორსულობიდანვე იწყება.  ამ ყველაფერს, ნატალიასა და ირაკლის თქმით,  სტაბილური შემოსავალი სჭირდება.

The man is kissing the belly of a woman expecting a baby
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

მამების დეკრეტული შვებულება

შვილის დაბადების მოლოდინში, ირაკლიმ დეკრეტული შვებულება აიღო იმისთვის, რომ ნატალიასაც ხელი შეუწყოს და მაქსიმალურად თავის თავზე აიღოს ახალშობილსა და მის საჭიროებებზე ზრუნვა.

„მხოლოდ ქალის ხომ არ არის ბავშვი - კაცისაცაა. პასუხისმგებლობის განაწილებაა საჭირო,“ ამბობს ირაკლი.

როგორც მარიამ ბანძელაძე აღნიშნავს, იმისათვის, რომ ოჯახების ხელშემწყობი პოლიტიკა რეალურად დაინერგოს ქვეყანაში, UNFPA-იმ თავისი წვლილი შეიტანა შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში, როდესაც ცნების დონეზე პირველად გაიმიჯნა ორსულობის/მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულება.

„შესაბამისად, მამებს მიეცათ რეალური შესაძლებლობა ისარგებლო მშობლობის შვებულებით და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ბავშვის მოვლის პროცესში. ამას გარდა, გაეროს მოსახლეობის ფონდი თანამშრომლობს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ავამაღლოთ ცნობიერება დასაქმებულებს შორის და მათ შეძლონ ისარგებლო მშობლობის შვებულებით ყოველგვარი შეზღუდვის თუ სტერეოტიპებისგან თავისუფლად,“ განმარტავს ის.

საქართველოში დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით დამოკიდებულება ბოლო 6 წლის განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა.

კეძოდ, 2019 წელს ჩატარებული კვლევის „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ თანახმად, დაახლოებით, სამიდან ორი ქალი და კაცი მხარს უჭერს მამის დეკრეტული შვებულების იდეას. რესპონდენტების 62.3% აღნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს მამობის შვებულების მარეგულირებელი კანონი და 66% მიიჩნევს, რომ შვებულება უნდა მიეცეს როგორც დედებს, ასევე მამებს.

2013 წელს ჩატარებული იგივე კვლევის თანხმად კი ყოველი მეორე გამოკითხული ამბობდა, რომ მამების შვებულების კანონის საჭიროებას ვერ ხედავდა, და თითქმის იგივე რაოდენობა არ უჭერდა მხარს იდეას, რომ მამებისთვის შვეულების მიცემა დამსაქმებლის ვალდებულება ყოფილიყო.

A close up photo of woman and a man
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

რადგან საქართველოში ზოგადად „ადრე ვქმნით ოჯახებს, ადრე ვაჩენთ შვილებს“, ნატალია იმედოვნებს, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია სასკოლო პროგრამის ნაწილიც გახდება და ამით ოჯახის დაგეგმვის სერვისების შესახებ ინფორმირებულობაც გაიზრდება.

სხვა წყვილებს ურჩევს, რომ მიუხედავად გარშემომყოფების სურვილისა ჩაერიონ მათი ოჯახის დაგეგმვის ნაწილში, ყოველთვის თავად განსაჯონ, რა სჯობს მათთვის - „გარედან შემოძახილები არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, შინაგან ხმას უნდა მოვუსმინოთ.“