Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

მარტოობა ხანდაზმულებში

მარტოობა ხანდაზმულებში

Press Release

მარტოობა ხანდაზმულებში

calendar_today 27 January 2022

სტამბოლი/ლონდონი, 2022 წლის 28 იანვარი – გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ დღეს გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ყოველდღიურ საქმიანობაში ხანდაზმულთა ფიზიკური მხარდაჭერა, როგორიცაა, მაგალითად,  საოჯახო საქმეების შესრულებაში და ექიმთან წასვლაში დახმარება, ასევე, რეგულარული ჯგუფური აქტივობები თუ თაობათაშორისი თანამშრომლობა, აუცილებელია მათი მარტოობის განცდის შესამსუბუქებლად.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის შუა პერიოდში, აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანასა და ტერიტორიაზე - ალბანეთში, აზერბაიჯანში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, საქართველოში, სერბეთსა და კოსოვოში (UNSCR 1244) მცხოვრები 65-დან 85 წლამდე ასაკის ხანდაზმული პირების მონაწილეობით. 

„მარტოობა დიდ საფრთხეს უქმნის ხანდაზმული ადამიანების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას და რისკის ქვეშ აყენებს ჯანსაღი და აქტიური დაბერების ხელშეწყობის ძალისხმევას“, - ამბობს ჯულია ვალესე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.  

მისივე თქმით, „აღნიშნული კვლევა გვეხმარება შევისწავლოთ მარტოობის რისკფაქტორები და უკეთ გავიგოთ თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხანდაზმულ ასაკში ადამიანებმა ნაკლებად იგრძნონ მარტოობა“.  

ჯულია ვალესე ასევე დასძენს, რომ ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიამ სააშკარაოზე გამოიტანა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ბევრი ხანდაზმული დგას. პრობლემების და გამოწვევების უკეთ გააზრება კი შესაძლებლობას ქმნის მობილიზდეს პოლიტიკური ნება  ყველა ასაკის ადამიანებისთვის მისაღები საზოგადოებების შესაქმნელად. 

აღმოსავლეთ ევროპა მოსახლეობის სწრაფი ტემპით დაბერების გამოწვევის წინაშე იმყოფება, რაც, თავის მხრივ, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდის, შობადობის დაბალი მაჩვენებლისა და გარე მიგრაციის მაღალი დონის შედეგია. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანები ხანდაზმულ ასაკში ინარჩუნებდნენ ჯანმრთელობას და აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ პროცესებში. თუმცა, კვლევის თანახმად, ათიდან რვა ხანდაზმული ადამიანი, ანუ კვლევაში მონაწილეთა 79 პროცენტი, აცხადებს, რომ ისინი ზომიერ ან უკიდურეს მარტოობას განიცდიან. 

„კვლევის დასკვნა, რომ ფიზიკური მხარდაჭერის ნაკლებობა არის მარტოობის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი, გამოკვეთს ხანდაზმულთა ამ პოპულაციაში მარტოობის აღმოსაფხვრელად მიზანმიმართული ინტერვენციების აუცილებლობას. ხანდაზმულთა საჭიროებების დაკმაყოფილება საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ რეგიონში ხანდაზმული ადამიანების ჯანსაღი დაბერება“, - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ნეირომეცნიერების პროფესორი ტარა კეკი.  

კვლევა ცხადყოფს, რომ ფიზიკური მხარდაჭერის არარსებობის გარდა, მარტოობის რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება მწირი სოციალური კავშირები, გვერდზე იმ პირის არარსებობა, ვისთან ერთადაც შესაძლებელია საინტერესო და სასარგებლო საქმიანობით დაკავება, და სოციალური ნდობის სიმცირე. 

კვლევის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე სხვა რისკ-ფაქტორი, რომლებიც ზომიერ გავლენას ახდენს მარტოობაზე, ეს რისკ-ფაქტორებია: მარტო ცხოვრება, ბედნიერების განცდის დაბალი ხარისხი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, სმენის დაქვეითება, სოციალური კავშირების ნაკლებობა, ემოციური მხარდაჭერისა და ახლო ურთიერთობების ნაკლებობა.

გამოვლინდა რიგი სხვა დემოგრაფიული ფაქტორები, რომლებიც არ უკავშირდება მარტოობას, მათ შორის - ოჯახური მდგომარეობა, სქესი, ქალაქის ან სოფლის ტერიტორიაზე ცხოვრება, ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილება, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, ინტერნეტზე წვდომა და მისი გამოყენება. 

რისკ-ფაქტორები განსხვავდება ქვეყნებისა და ტერიტორიების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მარტოობის დონე მსგავსი იყო კვლევაში მონაწილე ექვსივე ქვეყანასა და ტერიტორიაზე. 

საქართველოში, მარტოობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის დომინირებს: 

  • სოციალური კავშირების ნაკლებობა (ფარდობითი წილი - 27%);
  • ფიზიკური მხარდაჭერის სიმწირე (ფარდობითი წილი - 25%);
  • სოციალური ნდობის ნაკლებობა (ფარდობითი წილი - 19%);
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით მხარდაჭერის საჭიროება (ფარდობითი წილი - 16%); 
  • დამატებითი სოციალური ინტერაქციის სურვილის დაუკმაყოფილებლობა (ფარდობითი წილი - 13%). 

UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის თქმით, „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, როგორც საზოგადოებამ, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ხანდაზმული მოქალაქეები დგანან. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორების ძალისხმევის გაერთიანებით და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და გაუმჯობესდეს ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხი.“

კვლევის დასკვნების შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებს შორისაა ეროვნული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ხანდაზმულთა უფლებებისა და ღირსების დაცვას, მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე აქცენტით; და, როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ დონეზე, ხანდაზმულთათვის მიზნობრივი ფიზიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად საჭირო პროგრამირების შემუშავება და გახორციელება. 

აღნიშნული პროგრამები შეიძლება მოიცავდეს სამედიცინო მომსახურებათა მიწოდებას ბინაზე მისვლით, თემში მოხალისეების მობილიზებას ხანდაზმულთათვის ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, და სატელეფონო ან დისტანციურ სამედიცინო და სოციალურ მხარდაჭერას. ჯანსაღი და აქტიური დაბერების დღის ცენტრებში, ან მსგავს ადგილებში მიზნობრივი ჯგუფური აქტივობების შემუშავება და განხორციელება შეიძლება იყოს ხანდაზმული ადამიანებისთვის სოციალური ქსელის შექმნისა და გაფართოების და თემის ფარგლებში მათთვის ფიზიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტური გზა.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდით:

სალომე ბენიძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის კომუნიკაციებისა და პარტნიორებთან ურთიერთობის ანალიტიკოსი. benidze@unfpa.org +995 577 211 300