მიმდინარე წლის ნოემბერში, მარნეულისა და ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე კამპანიის “კაცები ზრუნავენ“ ინიციატივით, ბილბორდები განთავსდა. აღნიშნული ინიციატივით „კაცები ზრუნავენ“ ეხმიანება 16 დღიან გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე განთავსებულ ბილბორდებე, მამები: ინჟინერი რუბენ საპონჯიანი და მასწავლებელი ქამრან აფანდიევი თავიანთ შვილებთან ერთად, წიგნის კითხვისა და სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს არიან ასახული.
ახალციხეში კი ბილბორდები თამარაშვილისა და 9 აპრილის ქუჩებზე დგას, რომლებზეც მამები მეღვინე გიორგი ნათენაძე და მსახიობი ლექსო ჩემია თავიანთ შვილებთან ერთად, სირბილისა და პიკნიკზე ყოფნის დროს არიან გადაღებული.
ბილბორდები ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა შვილების აღზრდაში და საოჯახო საქმეებში, ქალთა, ბავშვთა, ოჯახების და ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ნამდვილი გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
მონაცემები გენდერული ურთიერთობების შესახებ, გვიჩვენებს, რომ ტრადიციული გენდერული როლების ირგვლივ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით კაცებს თანაბრად გაინაწილონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ.
მარნეულში ბილბორდები განთავსდა პროგრამის “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
ახალციხეში კი ბილბორდები განთავსდა პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
კამპანია „კაცები ზრუნავენ“ UNFPA-ს და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ პარტნიორობით მიმდინარეობს. მისი მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, და ამ გზით - ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც მის იდეას იზიარებს.