Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

მამებისა და შვილების საფეხბურთო ჩემპიონატი

მამებისა და შვილების საფეხბურთო ჩემპიონატი

News

მამებისა და შვილების საფეხბურთო ჩემპიონატი

calendar_today 28 September 2017

 2017 წლის 30 სექტემბერი, 14 საათი, "არენა 2".

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, დავით პეტრიაშვილის არენაზე მამებისა და შვილების საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართება.

ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მამას, რომელიც წინასწარ გაივლის რეგისტრაციას და თამაშზე წარმოდგენილი იქნება მწვრთნელის ამპლუაში. მამებმა თამაშზე უნდა წარმოადგინონ 8-დან 12 წლამდე ასაკის ბიჭებითა და გოგონებით დაკომპლექტებული ოთხწევრიანი გუნდები. გუნდში ორივე სქესის ფეხბურთელის მონაწილეობა ჩემპიონატის აუცილებელი პირობაა.

“მამების თასის” ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო პრიზები.

 ჩემპიონატის მთავარი მიზანია, გასწიოს კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ძირითადი იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია საზოგადოებაში. მამაკაცთა მზრუნველობას, მათ ჩართულობას გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალთა, ბავშვთა და, ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით მამაკაცებს აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ.  არსებული სოციალური ნორმები კვლევებითაც დასტურდება: 2013 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ ჩატარებული კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ მიხედვით მოზარდისთვის საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში, მასწავლებელთან საუბარში, საჭიროების შემთხვევაში დავლების მომზადებაში ყოველდღიურად ჩართული კაცების ხვედრითი წილი 5%-ს არ აღემატება.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ მიმდინარეობს გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით - საზოგადოების გაძლიერებას. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.