17 მარტს, ახალციხის #1 საჯარო სკოლაში, გაიმართა კულტურულად მგრძნობიარე და ასაკზე მორგებული კომიქსის „უჩინარი“ წარდგენა, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, გამომცემლობა „პალიტრა L”- თან თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა 13-დან 16 წლამდე ასაკის გოგოებისა და ბიჭებისთვის.
კომიქსის ავტორია მართა ურუშაძე, ილუსტრაციები კი თათია ნადარეიშვილს ეკუთვნის. სცენარზე იმუშავეს მართა ურუშაძემ და მიხეილ ციხელაშვილმა.
„უჩინარი“ არის ამბავი გოგოზე, რომელიც სირთულეებს არ უშინდება და თითქოს პატარა, უმნიშვნელო ნაბიჯებით ცდილობს უთანასწორო გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას. ეს ამბავი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ სამყაროში არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც მეგობრობა, სიყვარული და სამართლიანობა ვერ გადალახავს.
კომიქსი ნაწილია კამპანიისა „ნუ განასხვავებ, გოგოც და ბიჭიც შენი მომავალია“, რომლის ფარგლებშიც გაეროს მოსახელეობის ფონდი (UNFPA) შეახსენებს ყველას, რომ გოგოც და ბიჭიც თანაბრად ღირებული და ძვირფასია თავიანთი ოჯახებისთვის, თემისა და ქვეყნისთვის.
კომიქსი მომზადდა პროგრამის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.