გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის განცხადება
ქალთა საერთაშორისო დღე
ქალები მთელს მსოფლიოში ლიდერობენ. ისინი სამშვიდობო პროცესებს ხელმძღვანელობენ, ბიზნესებს მართავენ, საავადმყოფოებს და სკოლებს აარსებენ. ისინი არიან ქვეყნის პრეზიდენტები და კორპორაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეები. ქალები სათავეში უდგანან საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, რწმენაზე დაფუძნებულ ჯგუფებს თუ სპორტულ გუნდებს, შრომით და გარემოსდაცვით მოძრაობებს, თანაც, ხშირად ეს მაშინ ხდება, როცა ისინი თავიანთ ოჯახებსა და ახლობლებზე ზრუნვითაც არიან დაკავებულნი.
ქალთა საერთაშორისო დღეს ჩვენ საზეიმოდ მივესალმებით ყველა ქალს, განსაკუთრებით მათ, ვინც თანასწორობისთვის ბრძოლას უდგას სათავეში. მე მოვუწოდებ ქალებსა და გოგონებს, რომლებიც ლიდერობაზე ოცნებობენ, რომ ასეც მოიქცნენ. ლოდინი არ გჭირდებათ. ეს თქვენი უფლებაა და მსოფლიოს თქვენ ახლა უფრო მეტად სჭირდებით, ვიდრე ოდესმე.
ლიდერობის მხრივ, სრული გენდერული თანასწორობა ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანაში არ არის მიღწეული. მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ აქამდეც მივალთ და რომ ქალები ერთობლივად შეცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ. იქ, სადაც გენდერული თანასწორობაა, საზოგადოება უფრო პერსპექტიულია. მშვიდობა უფრო ძლიერად არის დამკვიდრებული. ეს კი ყველასთვის სარგებლის მომტანია.
მიუხედავად ამისა, ლიდერობისკენ მიმავალ გზაზე ქალებს ბევრი დაბრკოლება ხვდებათ. ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური საკითხი საკუთარ სხეულზე ავტონომიის არქონაა. ბევრ ქალს არ შეუძლია, თუნდაც ელემენტარული გადაწყვეტილებები მიიღოს საკუთარი სხეულის შესახებ, მაგალითად, ჰქონდეს თუ არა სქესობრივი ურთიერთობები, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეპტივები, ან თუნდაც, როგორ გააკეთოს საკუთარი არჩევანი ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით.
ამგვარი არჩევანი არც ერთ ქალს არ უნდა წაერთვას. თუმცა, კოვიდ-19-ის პანდემიის დადგომიდან ერთი წლის შემდეგ ვხედავთ, თუ როგორ შეიძლება კრიზისებმა არსებული ბარიერები გაამძაფრონ, ბარიერები, რომლებიც ქალებს ხელს უშლის, რომ საკუთარ სხეულზე ავტონომია ჰქონდეთ: სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები მთელს მსოფლიოში შეფერხდა ან შემცირდა, ხოლო გენდერული ნიშნით ძალადობის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია.
როცა ქალს არ შეუძლია თვითონ მიიღოს ავტონომიური გადაწყვეტილება საკუთარ სხეულთან დაკავშირებით, ის, შესაძლოა, თანასწორობის კუთხით რთულ ბარიერებს წააწყდეს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. ეს კი ხელს შეუშლის მთელი რიგი უფლებების რეალიზებას და არჩევანის გაკეთებას, რაც ლიდერად გახდომისთვის არის საჭირო. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ქალებმა ლიდერობის უნარები და შესაძლებლობები შეიძინონ, რათა მტკიცე საფუძველი შექმნან თავიანთ სხეულზე ავტონომიის მისაღწევად.
კოვიდ-19-ის კრიზისის განმავლობაში, ქალებმა მოახერხეს გადაერჩინათ ბევრი საზოგადოება და შეენარჩუნებინათ ჯანდაცვის სისტემები, სადაც მათი უმეტესობა წინა ხაზზე მუშაობდა, ამავდროულად კი გაბედულად ითავსებდნენ დამატებით საოჯახო ვალდებულებებს, როგორიცაა ავადმყოფების მოვლა და სახლში დარჩენილ შვილებზე ზრუნვა. სწორედ მათი ძალისხმევით, კვლავ ღია იყო თავშესაფრები ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის და მათ მართლაც ცხრა მთა გადაიარეს კონტრაცეპტივების დასარიგებლად.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, ქალებმა ცხადად და ყველასთვის დასამახსოვრებლად, თავად დაადასტურეს, თუ რამდენად ღირებულია ლიდერობა მათი მხრიდან. ეს კი შექებას იმსახურებს და მაგალითი უნდა გახდეს სხვებისთვის, რათა ამის შედეგად ყველა ქალს შეეძლოს, მართოს საკუთარი სხეული და ცხოვრება მთელს მსოფლიოში, სადაც ქალები სხვების თანასწორად იქნებიან ლიდერები, რადგანაც ეს მათი უფლებაა.