ადამიანის უფლებათა ასეთი დარღვევა მხოლოდ გაერთიანებული, შეთანხმებული და კარგად დაფინანსებული ქმედებებით შეიძლება დასრულდეს
ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება
გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დოქტორი ნატალია კანემი
გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიეტა ფორი
მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების შემთხვევები შეიძლება კიდევ ორი მილიონით გაიზარდოს, რადგანაც კოვიდ-19-ის შედეგად სკოლები დაიხურა და შეფერხდა იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც გოგონებს ამ საზიანო პრაქტიკისგან იცავდა.
ჩვენ სწორედ ახლა უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს აღარ მოხდეს.
მანამდეც კი, ვიდრე კოვიდ-19 პროგრესს შეაფერხებდა, „მდგრადი განვითარების მიზნების“ ფარგლებში 2030 წლისთვის ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების დასრულება ამბიციურ მიზანს წარმოადგენდა.
თუმცა, აღნიშნული ამბიციის შემცირების მაგივრად, პანდემიამ კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი გადაწყვეტილება, რომ დაგვეცვა ის 4 მილიონი გოგონა და ქალი, ვინც ყოველწლიურად სასქესო ორგანოების დასახიჩრების რისკის წინაშე დგას. ქვემოთ მოგახსენებთ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს:
ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. იმისთვის, რომ ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრებას ბოლო მოეღოს, დაინტერესებულ მხარეთა ფართო ჯგუფს შორის თანამშრომლობა აუცილებელია. მათ შორისაა გლობალური, რეგიონული, ეროვნული და ადგილობრივი პოლიტიკის შემმუშავებელი პირები; სამოქალაქო საზოგადოება, დაწყებული მცირე ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ქალთა უფლებებადამცველი ჯგუფებით, დამთავრებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებით; ცვლილების ხელშემწყობი ადამიანები - მასწავლებლები და ჯანდაცვის მუშაკები, ასევე რელიგიური ლიდერები და ადგილობრივი უხუცესები; ასევე სამართალდამცავები და სასამართლო სფეროს ოფიციალური წარმომადგენლები. მამაკაცებმა და ბიჭებმაც ასევე გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშონ ამ პროცესში. მოდით, ერთად გავაძლიეროთ ძალადობაგამოვლილ პირთა ძლიერი და დამარწმუნებელი ხმები, ვინც უფრო და უფრო მეტად უძღვება ტრანსფორმაციულ ცვლილებას თავიანთ საზოგადოებებში.
ჩვენ უნდა დავაფინანსოთ ამგვარი ძალისხმევა იმ დონეზე, რაც ჩვენს მიერ აღებული ვალდებულების შესრულებისთვის არის საჭირო. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება უკვე მცირდება, პროგრესი უნდა გაათმაგდეს, რათა ამ პრაქტიკის აღმოფხვრასთან დაკავშირებით 2030 წლისთვის დასახული გლობალური მიზანი შესრულდეს. ამისთვის კი, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, დაახლოებით 2.4 მილიარდი დოლარია საჭირო, რაც თითოეულ გოგონაზე 100 დოლარზე ნაკლები გამოდის. ეს ძალიან მცირე საფასურია, რომლის გადახდაც არის საჭირო ერთი გოგონას სხეულის მთლიანობის, ჯანმრთელობისა და უფლების დასაცავად, რათა მან შეძლოს და უთხრას „არა“ ძალადობას. ამასთან, ამ თანხის უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ შესაგროვებელია.
ჩვენ სწრაფად, გაბედულად და ბევრი მიმართულებით უნდა ვიმოქმედოთ ერთდროულად. უნდა დავრწმუნდეთ, რომ გოგონებს ხელი მიუწვდებათ განათლებაზე, ჯანდაცვაზე - მათ შორის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე - და საარსებო საშუალებებზე და რომ ისინი დაცულები არიან კანონებით, პოლიტიკითა და ახალი სოციალური ნორმებით. მოდით, წავახალისოთ მოზარდი გოგონების და მათი თანატოლი ბიჭების ლიდერობის უნარები და წარმოვაჩინოთ მათი ძალა, რომ ხმა აიმაღლონ და უთხრან „კმარა“ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის, თავიანთ სხეულზე ძალადობრივ ზემოქმედებას.
იგივე ინტერვენციები, რომლებიც ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრებას დაასრულებს, ასევე ხელს შეუწყობს ქალების და გოგონების გაძლიერებას და მათ გააქტიურებას, რათა ისარგებლონ საკუთარი ადამიანის უფლებებით, მოახდინონ თავიანთი პოტენციალის რეალიზება და სრულად შეიტანონ წვლილი უკეთესი საზოგადოებისა და მომავავლის შექმნაში. ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების აღმოფხვრა და გენდერული თანასწორობა ერთმანეთზე დამოკიდებულ და ურთიერგამაძლიერებელ მიზნებს წარმოადგენს. მარტივად რომ ვთქვათ, გენდერული თანასწორობა რომ მიღწეული ყოფილიყო, ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება არ მოხდებოდა. ეს არის სამყარო, რომელსაც ჩვენ სამომავლოდ წარმოვისახავთ და „მდგრადი განვითარების მიზნები“ სწორედ ის მეგზურია, რაც იქამდე მისასვლელ გზას გვიჩვენებს.
ჩვენ ვიცით, თუ რა მუშაობს ეფექტურად. ვერანაირ გამართლებას ვერ მივიღებთ. უკვე საკმარისი ძალადობა ვიხილეთ ქალების და გოგონების მიმართ. დროა, რომ გავერთიანდეთ აპრობირებული სტრატეგიების გარშემო, ადეკვატურად დავაფინანსოთ ისინი და ვიმოქმედოთ.