Go Back Go Back
Go Back Go Back

კაცები სტერეოტიპების წინააღმდეგ, გენდერული თანასწორობისთვის

კაცები სტერეოტიპების წინააღმდეგ, გენდერული თანასწორობისთვის

News

კაცები სტერეოტიპების წინააღმდეგ, გენდერული თანასწორობისთვის

calendar_today 20 December 2021

„მამაკაცური საუბრების“ კიდევ ერთი მონაწილე ქრისტო ხაჩიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი საყუნეთიდანაა.
ფოტო: თემო ინასარიძე

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, პარტნიორ ორგანიზაცია “Care Together”-თან თანამშრომლობით, 2016 წლიდან დაიწყო ერთდღიანი ტრენინგ-მოდულის, “მამაკაცური საუბრების” განხორციელება თბილისში, კახეთსა და სამეგრელოში. ინიციატივას 2020 წელს ჯერ გურია და იმერეთი, 2021 წელს კი უკვე ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთიც შეუერთდნენ.

ტრენინგ-მოდული “მამაკაცური საუბრები” საერთაშორისო ორგანიზაციასთან, Promundo US-თან პარტნიორობით დამუშავდა და ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას და კვლევით მონაცემებს. მოდულის ადაპტირება, საქართველოს კულტურულ-სოცილაური ასპექტების გათვალისწინებით, ადგილობრივმა ფასილიტატორებმა უზრუნველყვეს. 

შეხვედრაზე ფასილიტატორები და მონაწილეები უსაფრთხო, სანდო გარემოში საუბრობენ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა საოჯახო საქმის თანაბარი გადანაწილება, შვილების აღზრდასა და მოვლაში თანაბარი ჩართულობა, ოჯახის წევრებზე ზრუნვა, ძალადობის ელემენტების ამოცნობა და მათი გამოაშკარავება. ტრენინგ მოდული მოიცავს ინტერაქტიულ სავარჯიშოს, ვიზუალურ სასწავლო მასალას და ეფუძნება არაფორმალური განათლების პრინციპებს.  

ფოტო: დავით მოსიაშვილი

თელაველი იასე გაგნიძე ერთ-ერთია, ვინც სექტემბერში „მამაკაცურ საუბრებს“ პირველად დაესწრო. როგორც თავად ამბობს, „მამაკაცური საუბრები“ ყველა იმ შეხვედრისგან განსხვავდება, სადაც აქამდე მიუღია მონაწილეობა.

აქამდე ბევრ შეხვედრაზე ვყოფილვარ თუმცა ეს განსხვავებული იყო, მსგავსი მიმართულების შეხვედრებზე, რომლებთანაც მქონია შეხება, საუბარი ძირითადად, დედებზე და დედების მშობლობაზე იყო“, ამბობს ის. 

მისივე თქმით, „ხშირად ყველა ჩვენთაგანს რაღაც კითხვები გვაწუხებს, რომლებზეც ხმამაღლა ვერ ვსაუბრობთ, ან არ გვაქვს ის გარემო, სადაც ჩვენს მოსაზრებებს გავუზიარებთ ერთმანეთს“. სწორედ ამიტომ, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ჯგუფის წევრებში იმის აღმოჩენა, რომ შეხედულებები, რომელიც მას ჰქონდა ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ემთხვეოდა ან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ზოგიერთ საკითხზე, განსხვავებული მოსაზრების მოსმენისა და მსჯელობის შემდეგ კი აზრიც შეიცვალა. 

დავინახე, რომ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში შეიძლება ვცდებოდე და ძალიან დამეხმარა მონაწილე ადამიანებისაგან მოსმენილი მოსაზრებები სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში”, ამბობს იასე და დასძენს, რომ თუ აქამდე სხვის ოჯახურ კონფლიქტში ჩარევას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევდა, „მამაკაცური საუბრების“ შემდეგ შეხედულება შეეცვალა.

ჯგუფში დისკუსიის განმავლობაში შეთანხმდნენ იმაზეც, რომ „შვილებთან მიმართებაში ხმამაღალი საუბრით და დასჯის გარკვეულ მექანიზმებთან შედარებით, მათთან მეგობრული, თანასწორობის პრინციპზე დამყარებული საუბრით უფრო მეტი დადებითი შედეგს მივაღწევთ“. 

ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ჩვენს გარემოში არსებული გარკვეული სტერეოტიპების მსხვრევას, თუნდაც იმას რომ ოჯახში ქალმაც და კაცმაც სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი. პირადად ჯგუფის მოდერატორებს, გისურვებთ წარმატებებს, ბევრ მსმენელს და წინსვლას, ძალიან კარგი იდეა განახორციელეთ ამ პროექტის შექმნით...ბევრი სტერეოტიპები დაგემსხვრიოთ ადამიანის აზროვნებაში”, ამბობს იასე. 

ფოტო: ქამრან აფანდიევი

იასინ ბედიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში ცხოვრობს. სწორედ მისსავე სოფელში დაესწრო ის „მამაკაცურ საუბრებს“, საიდანაც, როგორც თავად ამბობს, ბევრი რამ ისწავლა იმის შესახებ, „თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ოჯახის თითოეულ წევრზე, რა შეიძლება იყოს კაცისა და ქალის როლი ოჯახში და სხვა.“

სემინარს ისეთი ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებსაც მსგავსი გამოცდილება არასდროს ჰქონიათ, ასევე იყვნენ ადამიანები, რომელთა აზრები განსხვავდებოდა, თუმცა ერთმანეთის ნათქვამს პატივს სცემდნენ.

პირადად მე მყავს ორი თვის შვილი, რა თქმა უნდა, ვზრუნავ შვილზე და მეუღლეზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტრენინგის შემდეგ, როცა დავბრუნდები სახლში, უფრო ყურადღებიანი და მზრუნველი ვიქნები ოჯახის თითოეული წევრის მიმართ. მეუღლესთან ერთად ჩავერთვები ჩემი შვილის აღზრდაში“, ამბობს იასინი.

„მამაკაცური საუბრების“ კიდევ ერთი მონაწილე ქრისტო ხაჩიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი საყუნეთიდანაა. ქრისტო აღნიშნავს, რომ „რეგიონებსა და სოფლებში, ხშირად არ გვაქვს სივრცე და შესაძლებლობა, სადაც ოჯახში როლების გადანაწილებაზე, სტერეოტიპებზე ან სხვა მნიშნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ“. 

მისივე თქმით კი, სხვების მოსმენით ბევრს სწავლობს და აანალიზებს, რაც შემდეგ სწორი აზრის ფორმირებაში ეხმარება. 

„მამაკაცური საუბრებისთვის“ სწორედ ისეთი გარემოა შექმნილი, სადაც ჩემი აზრის გამოხატვა თავისუფლად შემიძლია. ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრების შემდეგ ადამიანებს ბევრი სტერეოტიპის დამსხვრევა და ჯანსაღ დისკუსიაში მონაწილეობა შეუძლიათ. შეხვედრისას ბევრი ახალი რამ გავიგე, ზოგი გადავაფასე კიდეც. ძალიან კარგი საქმეა და მგონია, რომ  ყველასთვის საჭიროა ამ შეხვედრებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა“, აღნიშნავს ქრისტო. 

ფოტო: თემო ინასარიძე

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ აჩვენა, რომ საქართველოში გენდერული როლები კვლავ არათანაბრადაა გადანაწილებული. კაცების 60% და ქალების 38% მიიჩნევს, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა პროფესიული კარიერის განვითარება. დედების 47% და მამების 58% ამბობს, რომ თანაბარ დროს უთმობენ ბავშვთან თამაშს, თუმცა მამებს არ აქვთ განსაზღვრული როლი ბავშვზე ზრუნვაში. დედების 78% და მამების 76% ამბობს, რომ საფენს/ტანსაცმელს დედა უცვლის. 

 „მამაკაცური საუბრები“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება შემდეგი პროგრამების ფარგლებში:

“ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად”, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

“გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

“ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისათვის“, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანასური მხარდაჭერით.