Go Back Go Back
Go Back Go Back

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისში „მამების სკოლა“ კვლავ გაიხსნა

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისში „მამების სკოლა“ კვლავ გაიხსნა

Press Release

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისში „მამების სკოლა“ კვლავ გაიხსნა

calendar_today 28 March 2022

მამაკაცი პირბადით დგას ეკრანის წინ, რომელზეც მკრთალად მოჩანს წარწერა: კამპანია "კაცები ზრუნავენ". მის გვერდით, ფოტოს უკიდურეს მარჯვენა ნაწილშ კი "მამების სკოლის" აბრაა
ფოტო: ირაკლი ჭელიძე/MenCare Georgi

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისში „მამების სკოლამ“ მსურველების მეორე ნაკადის მიღება დაიწყო.

სკოლა 2021 წელს გაიხსნა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. “მამების სკოლის” პროგრამა ასევე დაეხმარება კაცებს მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის, ასევე იმ სტერეტიპებისა და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს. 

სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან სამ წლამდე ბავშვის მამაა. სკოლაში 12 ვაკანტური ადგილია და სწავლა უფასოა. დაინტერესებული პირები მონაწილეობას ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით შეძლებენ. 

„მამების სკოლა“ რვა ძირითადად სესიას მოიცავს. თითოეული სესიის ხანგრძლივობა ორი საათია. საგანგებოდ შემუშავებული მოდულის საშუალებით, მამები მიიღებენ ცოდნასა და ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

●    როგორ შევარჩოთ შვილის ყოლისთვის სასურველი დრო;
●    როგორ დავუჭიროთ მხარი პარტნიორს ორსულობისა და ბავშვის დაბადების დროს;
●    როგორ გავინაწილოთ საოჯახო შრომა;
●    როგორ ავარჩიოთ ბავშვის აღზრდის მეთოდები;
●    როგორ დავიცვათ შვილი ძალადობისგან;
●    როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში;
●    რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორი პარტნიორობა.

ასევე, „მამების სკოლის“ ფარგლებში დაგეგმილია დისტანციური შეხვედრები პროფესიონალებთან, რომლებიც ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი. სკოლის მონაწილე მამებს საშუალება ექნებათ, კითხვები დაუსვან პედიატრებს, გინეკოლოგებს, ბავშვთა ფსიქოლოგებს და სხვა შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.

„მოხარული ვართ, რომ წელს „მამების სკოლა“ უკვე მეორე ნაკადს უმასპინძლებს. გასულ წელს მიღებულმა გამოცდილებამ და ახალგაზრდა მამების ინტერესმა „მამების სკოლის“ მიმართ, ნათლად გვაჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს გაცილებით ღიაა სიახლეებისთვის და ცვლილებებისთვის, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. ჰარმონიული საზოგადოების შექმნის საფუძველი სწორედ ასეთი ცვლილებებია, ცვლილებები, რომელიც ადამიანებს საზიანო სოციალური ნორმებისგან და სტერეოტიპებისგან ათავისუფლებს.“- ამბობს ლელა ბაქრაძე, UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. 

„მამების სკოლის“ პარტნიორი თბილისში კვლავ „გაგუას კლინიკაა“ და გაკვეთილებიც სწორედ ამ კლინიკაში ჩატარდება. 

„ჩვენმა გამოცდილებამ ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად პოზიტიურ გავლენას ახდენს მამების ჩართულობა ანტენატალურ მეთვალყურეობასა და მშობიარობის პროცესში და როგორ აისახება გართულებების სიხშირეზე. გაგუას კლინიკა გახდა პარტნიორი აღნიშნული პროექტის, რომელიც გაზრდის მამების ჩართულობას, ხელს შეუწყობს სოციალურ ცვლილებას და გაუადვილებს ოჯახებს ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გავლას.” - ამბობს დავით გაგუა, გაგუას კლინიკის გენერალური დირექტორი.

შვილებზე ზრუნვასა და აღზრდაში მამების აქტიური ჩართულობის სარგებელი არაერთი კვლევითაა დამტკიცებული - ამ დროს ბავშვები გაცილებით ბედნიერები არიან, გამოირჩევიან ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობით, მაღალი აკადემიური მიღწევებით, უკეთესი სოციალური უნარებით, მაღალი თვითშეფასებით, ნაკლები ქცევითი პრობლემებითა და სტრესისადმი გაზრდილი მედეგობით.  

„მამების სკოლა“ დაფუძნდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის  (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და კაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.