თქვენ აქ ხართ

2017 წლის 2 მარტს, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მონაწილეები და მხარდამჭერები გენდერის კვირეულის აღსანიშნავად შეიკრიბებიან.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცთა ჩართულობის მნიშვნელობას. კამპანიის მონაწილე მამაკაცებს საშუალება მიეცეათ შეახსენონ საზოგადოებას, რომ გენდერული თანასწორობა უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის და კიდევ ერთხელ გამოხატონ მხარდაჭერა, რათა გენდერული თანასწორობის შესახებ წამოწყებულ საზოგადოებრივ დისკუსიაში მეტი მამაკაცი ჩართონ. ღონისძიებას კამპანიის ასამდე მონაწილე დაესწრო, მათ შორის: პოლიტიკოსები, სპორტსმენები, მწერლები, სახელოვნებო და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები.

ღონისძიების მონაწილეებნმა ისაუბრეს ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა: მშობლების თანაბარი ჩართულობა შვილის აღზრდაში, მამობა, დეკრეტული შვებულების პოპულარიზაცია მამაკაცებს შორის და სხვა.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 2016 წლიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-თან თანამშრომლობით წამოიწყო გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. კამპანია ეფუძნება ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზსა და ითვალისწინებს საქართველოს სოციალურ-კულტურულ კონტექსტს.

მამაკაცთა მზრუნველობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალთა, ბავშვთა და, ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით მამაკაცებს აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ.  არსებული სოციალური ნორმები კვლევებითაც დასტურდება: 2013 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ ჩატარებული კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ მიხედვით მოზარდისთვის საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში, მასწავლებელთან საუბარში, საჭიროების შემთხვევაში დავლების მომზადებაში ყოველდღიურად ჩართული კაცების ხვედრითი წილი 5%-ს არ აღემატება.

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით - საზოგადოების გაძლიერებას. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.

ღონისძიება ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.