კამპანია „კაცები ზრუნავენ“, რომელიც 2018 წელს “Emerging Europe Award”-ის გამარჯვებული გახდა, როგორც თანასწორობის ხელშემწყობი საუკეთესო ინიციატივა ევროპის მასშტაბით, 10-14 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარდგა, სადაც წელს საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა იყო. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და ორგანიზაცია LitCam-ის პარტნიორობით, კამპანიის ეგიდით ფრანკფურტში სამი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებებში მონაწილეობას კამპანიის სახეები და ორგანიზატორები იღებდნენ.
10 ოქტომბერს, LitCam-ის სცენაზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორმა კარლ კულესამ, ამავე ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის, Stiftung Lesen-ის ხელმძღვანელმა ჯო მესიმ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე, მამების ჩართულობის აუცილებლობასა და არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს. პანელ-დისკუსიაში საქართველოსა და გერმანიის მაგალითები იქნა განხილული.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალის ოფიციალური პროგრამა მრავალფეროვანია და საშუალებას აძლევს სტუმრებს, საქართველო არაერთი კუთხიდან გაიცნოს. გენდერული თანასწორობის იდეა ყოველთვის იყო და დღესაც არის ქართული კულტურის, ჩვენი იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საპასუხისმგებლოა, რომ საშუალება მოგვეცა, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე წარვადგინოთ კამპანია „კაცები ზრუნავენ“ - კამპანია, რომელიც გენდერული თანასწორობის, ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების, ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდის იდეას ემსახურება“. ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი
12 ოქტომბერს, LitCam-ის სცენაზე UNFPA-ს საქართველოს ოფისის გენდერული თანასწორობის პროგრამის მენეჯერი მარიამ ბანძელაძე და კამპანიის “კაცები ზრუნავენ” სახე, ტელეწამყვანი და მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე საერთაშორისო აუდიტორიას კამპანიის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინიციატივების შესახებ ესაუბრა. ამავე პანელის ფარგლებში შედგა წიგნის “იავნანა ლილისათვის” ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია, რომელიც კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, ალექსანდრე ლორთქიფანიძის ავტორობით შეიქმნა (ილუსტრატორი: სოფო კილაძე).
13 ოქტომბერს, LitCam-ის სცენაზე კამპანია “კაცები ზრუნავენ” წარმოადგინა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილმა. პანელ-დისკუსიაში ლევან კობიაშვილთან ერთად სახელოვანმა ფეხბურთელმა კლაუდიმერ მარია ბარეტომ (კაკაუ) მიიღო მონაწილეობა. სპიკერებმა ისაუბრეს ფეხბურთის სოციალურ პასუხისმგებლობისა და ფეხბურთელების გავლენის მნიშვნელობაზე გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცეში.
კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით - საზოგადოების გაძლიერებას. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.