Go Back Go Back
Go Back Go Back

ინკლუზიური რეაგირება - UNFPA-ის ტრენინგი World Vision საქართველოს წარმომადგენლებისთვის

ინკლუზიური რეაგირება - UNFPA-ის ტრენინგი World Vision საქართველოს წარმომადგენლებისთვის

Story

ინკლუზიური რეაგირება - UNFPA-ის ტრენინგი World Vision საქართველოს წარმომადგენლებისთვის

calendar_today 27 October 2023

A bunch of people sitting at a roundtable, one of them pointing figure at something
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

24 ოქტომბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, გაეროს ერთობლივი პროგრამის: „ინკლუზიური ჰუმანიტარული რეაგირება უკრაინელ ლტოლვილთა შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე“ ფარგლებში, World Vision საქართველოს წარმომადგენლებისთვის, გაიმართა ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და გენდერული ძალადობის შესახებ.

„საქართველოში პირველად ხდება ისე, რომ ჰუმანიტარული რეაგირების დროს, ვიყენებთ ინკლუზიურ მიდგომას, ამ პროცესების ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დაყენებით,“ აღნიშნავს UNFPA-ის პროგრამის ოფიცერი, ნუცი ოდიშარია.

„World Vision-თან პარტნიორობით, ვატარებთ ტრენინგს ამ ორგანიზაციის ფასილიტატორებისა და სათემო მობილიზატორებისთვის, რომლებიც თავად წარმოადგენენ ლტოლვილთა თემებს უკრაინიდან, ირანიდან, სუდანიდან, ... დღევანდელი ტრენინგის მიზანია, მათი შესაძლებლობების გაძლიერება შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით და ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ როგორ დაგეგმონ და განახორციელონ ინკლუზიური მიდგომები“, დასძენს ის.

Four people sitting at a roundtable, talking
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის World Vision საქართველოს წარმომადგენელი მარინა მენთეშაშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული შემთხვევების მართვა.

„ჩვენი თანამშრომლები - თემის მობილიზატორები - სხვადასხვა ქვეყანასა და ეროვნულ ჯგუფს წარმოადგენენ, აქ არიან ასევე სოციალური მუშაკები და მობილიზატორები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ცოდნა ამ საკითხთან მიმართებით გაღრმავდეს და მათ შეძლონ, სწორად მართონ თითოეული შემთხვევა, რომელიც მათ არეალში მოხვდება, ანუ ბენეფიციარს შესთავაზონ ყველა ის სერვისი, რაც ქვეყანაში არსებობს,“ ამბობს ის.

“გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) მიესალმება თანამშრომლობას World Vision-სა და UNFPA-ის შორის და მოხარულია, რომ WV-ის ლტოლვილთა თემის ფასილიტატორებისთვის შშმ პირთა საჭიროებების შესახებ ტრენინგი იმართება,“ ამბობს UNHCR-ის წარმომდგენელი, თეა კვირიკაშვილი.

მისი თქმით, გაეროს სააგენტოებს შორის თანამშრომლობა და სამიზნე ჯგუფებისთვის ერთობლივი აქტივობების ჩატარება „ხელშესახები ცვლილების მისაღწევად უმთავრესი წინაპირობაა, განსაკუთრებით, თავშესაფრის მაძიებლებთან, ლტოლვილებთან, მოქალაქეობის არმქონე პირებთან და იძლებით გადაადგილებულ პირებთან მუშაობისას.“

„იმის გათვალისწინებით, რომ იძულებით გადაადგილებული პირები ძალადობის მომატებული რისკის ქვეშ არიან, მნიშვნელოვანია, მათ მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ და ვასწავლოთ, სად შეუძლიათ დახმარების მიღება. იგივე ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ლტოლვილებს, რომლებიც საზოგადოების ყველაზე მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენენ,“ აღნიშნავს კვირიკაშვილი და დასძენს, რომ UNHCR მზად არის განაგრძოს თანამშრომლობა UNFPA-თან ერთობლივი აქტივობების განსახორციელებლად ლტოლვილთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

Five people sitting at a roundtable
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

გაეროს ერთობლივი პროგრამა „ინკლუზიური ჰუმანიტარული რეაგირება უკრაინელ ლტოლვილთა შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე“ ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 5 სააგენტოს მიერ (UNFPA, UNICEF, WHO, UN Women, OHCHR) 2023 წლის მანძილზე. პროგრამა ხორციელდება გაეროს პარტნიორობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის (UNPRPD Multi-Partnership Trust Fund) მხარდაჭერით.

პროგრამის მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს შშმ პირთა კონვენციის მე-11 მუხლის განხორციელებას, რომლის თანახმად: „მონაწილე სახელმწიფოები იღებენ საერთაშორისო სამართლით, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა და უსაფრთხოება სარისკო სიტუაციებში, შეიარაღებული კონფლიქტების, საგანგებო ჰუმანიტარული და სტიქიური უბედურებით გამოწვეული სიტუაციების ჩათვლით“.