Go Back Go Back
Go Back Go Back

თბილისში „მამების სკოლა“ მორიგ ნაკადს მასპინძლობს

თბილისში „მამების სკოლა“ მორიგ ნაკადს მასპინძლობს

News

თბილისში „მამების სკოლა“ მორიგ ნაკადს მასპინძლობს

calendar_today 14 მაისი 2022

თბილისი "მამების სკოლის" მორიგ ნაკადს მასპინძლობს
ფოტო: MenCare

14 მაისს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისში, „გაგუას კლინიკაში“ „მამების სკოლის“  მონაწილეების მორიგი ნაკადი მივიღეთ. 

„მამების სკოლა“ 2021 წელს გაიხსნა თბილისსა და ქუთაისში. მისი სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან სამ წლამდე ბავშვის მამაა. 

სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. “მამების სკოლის” პროგრამა ასევე დაეხმარება კაცებს მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის, ასევე იმ სტერეტიპებისა და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს.

„მამების სკოლაში“ სწავლა უფასოა და ის რვა ძირითადად სესიას მოიცავს. თითოეული სესიის ხანგრძლივობა ორი საათია. საგანგებოდ შემუშავებული მოდულის საშუალებით, მამები მიიღებენ ცოდნასა და ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

● როგორ შევარჩოთ შვილის ყოლისთვის სასურველი დრო;
● როგორ დავუჭიროთ მხარი პარტნიორს ორსულობისა და ბავშვის დაბადების დროს;
● როგორ გავინაწილოთ საოჯახო შრომა;
● როგორ ავარჩიოთ ბავშვის აღზრდის მეთოდები;
● როგორ დავიცვათ შვილი ძალადობისგან;
● როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში;
● რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორი პარტნიორობა.

ასევე, „მამების სკოლის“ ფარგლებში დაგეგმილია დისტანციური შეხვედრები პროფესიონალებთან, რომლებიც ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი. სკოლის მონაწილე მამებს საშუალება ექნებათ, კითხვები დაუსვან პედიატრებს, გინეკოლოგებს, ბავშვთა ფსიქოლოგებს და სხვა შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.

შვილებზე ზრუნვასა და აღზრდაში მამების აქტიური ჩართულობის სარგებელი არაერთი კვლევითაა დამტკიცებული - ამ დროს ბავშვები გაცილებით ბედნიერები არიან, გამოირჩევიან ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობით, მაღალი აკადემიური მიღწევებით, უკეთესი სოციალური უნარებით, მაღალი თვითშეფასებით, ნაკლები ქცევითი პრობლემებითა და სტრესისადმი გაზრდილი მედეგობით.

„მამების სკოლა“ დაფუძნდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და კაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.