2018 წლის, 21 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ექსპერტებმა.
ფორუმის მიზანს წარმოადგენდა სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის კონსტრუქციული სტრუქტურირებული დიალოგის ხელშეწყობა და მონაწილე ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდულ სფეროში არსებული პროცესებისა და გამოწვევების შესახებ; ფორუმის ამოცანას ასევე წარმოადგენდა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭოს განვითარებასთან დაკავშირებით ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, მონაწილეებისთვის „ახალგაზრდული ინდექსის“ რაობისა და მნიშვნელობის გაცნობა, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მთავარი გამოწვევების გამოვლენა და ახალგაზრდებსა და პასუხისმგებელ სამთავრობო უწყებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა. ფორუმის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდება დოკუმენტი, რომელშიც აისახება ფორუმის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები ახალგაზრდული სფეროს განვითარების ხელშესაწყობად.
ღონისძიება ხორციელდა გაეროს სააგენტოების: გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მხარდაჭერით. საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიციატივითა და მონაწილეობით 2007 წლიდან ტარდება.