Go Back Go Back
Go Back Go Back

თაობათაშორისი დიალოგი ადამიანის უფლებათა შესახებ

თაობათაშორისი დიალოგი ადამიანის უფლებათა შესახებ

News

თაობათაშორისი დიალოგი ადამიანის უფლებათა შესახებ

calendar_today 14 December 2023

A bunch of people sitting, talking
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

14 დეკემბერს,  თბილისის მირზა გელოვანის სახელობის ახალგაზრდულ ბიბლიოთეკაში არსებულ 60+ კლუბში ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის, ადამიანის უფლებათა შესახებ თაობათაშორისი დიალოგი გაიმართა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75 წლის იუბილის ეგიდით გამართული ღონისძიება ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCHR) უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში, ვლადიმირ შკოლნიკოვმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის სოციალური პოლიტიკის ოფიცერმა, ნუცი ოდიშარიამ, საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობიდან პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილემ, ევია კოტანნმა, საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ, და  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა, ნინო მაჭარაშვილმა. 

ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მოსახლეობის დაბერება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. გაეროს მოსახლეობის განყოფილების (UNPD) პროგნოზის თანახმად კი, საქართველოში 65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის წილი, რომელიც 2015 წელს 14 პროცენტს შეადგენდა, გაიზრდება და 2030 წელს 19 პროცენტს გადააჭარბებს. მიმდინარე დემოგრაფიული ცვლილებები სათანადო რეაგირებას საჭიროებს, კონკრეტულად, პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას მოსახლეობის დაბერებაზე რეაგირებისა და მისი მართვის მიზნით, და ახალი გზების მოძიებას ყველა ასაკის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც უზრუნველყოფს ხანდაზმულთა ჩართულობას და ხანგრძლივ ცხოვრებასთან დაკავშირებული სიკეთეებით სარგებლობის საშუალებას მოგვცემს.

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ახალგაზრდა და უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისევე, როგორც შეხვედრის სხვა მონაწილეებმა,  ისაუბრეს ინკლუზიურობის უზრუნველყოფის გზებზე, ხანდაზმულებისადმი მიმართულ დისკრიმინაციასა და ძალადობასთან გამკლავებისთვის აუცილებელ ძალისხმევაზე, და ღირსეული, ჯანსაღი და აქტიური დაბერების პოლიტიკასა და პრაქტიკაზე.

თაობათაშორისი დიალოგის წარმართვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ინიციატივაა, რომელიც საშუალებას იძლევა გავაანალიზოთ როგორც ახალგაზრდა, ისე უფროსი თაობის წარმომადგენელთა მოსაზრებები იმ ფონზე, როცა მსოფლიო მასშტაბით, ხანდაზმული ადამიანები ხშირად სერიოზულ წინააღმდეგობებს აწყდებიან საკუთარი მოსაზრებების გაჟღერებისა და საკუთარი ინტერესების წინ წამოწევის მცდელობისას. ხანდაზმულთა უფლებების დაცვისა და განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა კი სწორედ მათთვის საკუთარი შეხედულებებისა და ინტერესების გამოხატვის შესაძლებლობების შექმნაა, რათა გავლენა მოახდინონ პოლიტიკის დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.