Go Back Go Back
Go Back Go Back

ზრუნვის ეკონომიკის მშენებლობა და ოჯახის მხარდაჭერის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის დანერგვა საქართველოში

ზრუნვის ეკონომიკის მშენებლობა და ოჯახის მხარდაჭერის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის დანერგვა საქართველოში

Press Release

ზრუნვის ეკონომიკის მშენებლობა და ოჯახის მხარდაჭერის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის დანერგვა საქართველოში

calendar_today 08 June 2022

გაეროს სააგენტოების ადგილობრივი წარმომადგენლები საქართველოში
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

გაერო, ევროკავშირი და შვედეთი მხარს უჭერენ პოლიტიკურ მსჯელობას ქალთა გაძლიერების საქმეში სისტემური მიდგომების დანერგვის შესახებ

თბილისი. 8 ივნისი 2022 – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, შვედეთის მთავრობასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობით, მხარს უჭერს საქართველოში ზრუნვის ეკონომიკის საკვანძო პრინციპების დანერგვას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, დასაქმების თანასწორი შესაძლებლობების შექმნას და ოჯახის მხარდაჭერის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის განვითარებას.

ამ ძირეული გარდაქმნისთვის საჭირო ნაბიჯების განხილვა შედგა 8 ივნისს გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფერენცია გაიმართა გაეროს ორი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან შვედეთის მთავრობა გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში და ევროკავშირი „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ პროგრამის ფარგლებში. 

პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა ისაუბრა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეროვნული კონცეფციის ძირითად პრინციპებზე, რომლის შემუშავება ამჟამად პარლამენტში მიმდინარეობს.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკო თათულაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ოჯახის მხარდაჭერის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა ხელს უწყობს ფორმალურ დასაქმებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას, ქალთა კარიერული მისწრაფებების განხორციელებას, შრომით ბაზარზე გენდერული წონასწორობის დაცვას და დისკრიმინაციის შემცირებას. გარდა ამისა, გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა ქმნის საფუძველს ტოლერანტული და არადისკრიმინაციული საზოგადოების მშენებლობისთვის, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, დადებითად აისახება შობადობაზე და დემოგრაფიულ მდგრადობაზე.

კონფერენციის მსვლელობაში გამართული მსჯელობა იმ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს შეეხო, რომლებთან გამკლავება შესაძლებელია ზრუნვის ეკონომიკის არსებობის პირობებში. აღნიშნული გამოწვევების ჩამონათვალშია ქალთა მაღალი წილი ზრუნვასთან დაკავშირებულ აუნაზღაურებელ ან დაბალანაზღაურებად საქმიანობაში, ზრუნვის საქმიანობაში ჩართულთა ეკონომიკური დაუცველობა, ქალთა დაბალი მონაწილეობა შრომის ბაზარზე, ქალებსა და კაცებს შორის არსებული უთანასწორობა საშინაო საქმის განაწილების მხრივ, დაბალი წვდომა ბავშვთა მოვლის ხარისხიან სერვისზე და ქალთა დაბალი ჩართულობა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ საქმიანობაში.

საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველო კონკრეტულ ვალდებულებებს აიღებს ზრუნვის ეკონომიკის მშენებლობისა და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შექმნის მხრივ, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლებმა დაადასტურეს შესაბამისი მხარდაჭერა ამ ინიციატივის მიმართ.

გამომსვლელთა შორის იყვნენ შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია.

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება აქტიური ზომების გატარებას მოითხოვს, რის შედეგადაც გაიზრდება ქალთა წვდომა და კონტროლი ეკონომიკურ რესურსებზე. სხვა საკითხებთან ერთად, ეს ქალებსა და კაცებს შორის საოჯახო საქმის უფრო თანაბრად განაწილებასაც გულისხმობს. შვედეთი მხარს უჭერს ყოვლისმომცველ რეფორმებს, რომლებიც ეკონომიკური თანასწორობის მიღწევას უზრუნველყოფს. მათ შორის, შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, აღმოფხვრას სამართლებრივი და სოციალური უთანასწორობა, რომელიც ქალთა და მოწყვლადი ჯგუფების რესურსებზე წვდომას აფერხებს“, - აღნიშნა შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა.   

„ხელს ვუწყობთ პოლიტიკას, რომელიც ადამიანების საჭიროებებს პასუხობს. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ბავშვთა მოვლის სერვისი, ხანდაზმულებზე ღირსეული ზრუნვა, ანაზღაურებული შვებულება და მოქნილი სამუშაო გარემო - სწორედ ამ აგურებით შენდება საზოგადოება და ეკონომიკა, რომელიც ყოველი ჩვენგანის საჭიროებებზეა მორგებული“, - განაცხადა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკ ბერესფორდმა.

„მტკიცებულება გვიჩვენებს, რომ ოჯახზე ზრუნვის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის  შემუშავებითა და გატარებით შესაძლებელია დისკრიმინაციული გენდერული ნორმების შეცვლა და ზრუნვასთან დაკავშირებული აუნაზღაურებელი საქმიანობის  გადანაწილება, რათა ქალებმა და კაცებმა შეძლონ როგორც კარიერული, ისე რეპროდუქციული მისწრაფებების განხორციელება. როდესაც ქალები უარს ამბობენ კარიერაზე, რათა ბავშვებსა და ოჯახზე იზრუნონ, მათი უნარები, ნიჭი და სხვა სოციალური წვლილი გამოუყენებელია ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე. როდესაც ქალები კარიერული მოსაზრებების გამო არ აჩენენ იმდენ ბავშვს, რამდენიც უნდათ, ეს გავლენას ახდენს შობადობაზე და მოსახლეობის რაოდენობაზე. გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა გონივრული გზაა ამ პრობლემების გადასაჭრელად”, - აღნიშნა UNFPA-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

არსებული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო მაისურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა რუსუდან ბარათაშვილმა, ლიბერთი ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ჩიხლაძემ, „მეამას“ გენერალურმა დირექტორმა ლუკა კაპანაძემ და აჭარა ჯგუფის ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რუსუდან დევიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა გენდერული თანასწორობის მიღწევის მიმართულებით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ საქმიანობაში ქალები კვლავ დისკრიმინაციასა და მოძველებულ სტერეოტიპებს აწყდებიან.  

საქსტატის მონაცემებით, ქართველი ქალების მხოლოდ 40 პროცენტი ჩართულია ფორმალურ დასაქმებაში, რაც უმეტესწილად განპირობებულია იმით, რომ ქალები საშინაო საქმისა და სამსახურეობრივი მოვალეობების შეთავსებას ვერ ახერხებენ. მსოფლიო ბანკი ამ ვითარებას შრომის ბაზრის დაკარგულ რესურსად მიიჩნევს, რომლის გამოც საქართველო ერთ სულზე მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტზე მეტს კარგავს.

საქართველოში საშინაო საქმე კვლავ გენდერული ნიშნით ნაწილდება.  ქალების მონაწილეობა ისეთ საქმიანობაში, როგორიცაა ბავშვების მოვლა, საჭმლის კეთება და სახლის დალაგება, განუზომლად მაღალია. ოთხიდან სამი გამოკითხული ამბობს, რომ საოჯახო მოვალეობებს, ძირითად, ქალები ასრულებენ (UNDP/UNFPA. 2020).

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის მიზანია პასუხ გასცეს ამ ჯერაც გადაუჭრელ პრობლემს და წინაპირობა შექმნას უკეთესი პოლიტიკის შემუშავებისთვის და რეალური თანასწორობის მიღწევისთვის.