Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

ვინ არის თქვენთვის შთამაგონებელი ქალი?

ვინ არის თქვენთვის შთამაგონებელი ქალი?

News

ვინ არის თქვენთვის შთამაგონებელი ქალი?

calendar_today 15 March 2023

ნატაშა ლომოურის ახლო კადრის გვერდით ჩანს ეკატერინე ფორაქიშვილის ძველი ფოტო
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

მარტი ქალთა ისტორიის თვეა. 2023 წლის მარტს შთამაგონებელ ქალებს ვუძღვნით. ქალებს, რომელთა შესახებაც წიგნებიდან ვიცით და ქალებს, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. ქალებს, ვის სახელსაც ვუფრთხილდებით და ქალებს, რომელთა ამბებიც გვაძლიერებს… ისინი ბევრნი იყვნენ და დღესაც ბევრნი არიან. 

ნატაშა ლომოური, მწერალთა სახლის დირექტორი:

ოფიციალური მონაცემები ეკატერინე ფორაქიშვილზე ასეთია - რამდენიმე ევროპული ენის თავისუფლად მფლობელი, უაღრესად განათლებული ქალი, დავით სარაჯიშვილის მეუღლე... ეს არასრული ჩამონათვალია მისი ბიოგრაფიიდან. ცნობილია მისი ანდერძიც, რომელიც მან, მეუღლის მსგავსად, საქველმოქმედო მიზნით, ძირითადად საგანმანათლებლო და რელიგიურ დაწესებულებებს დაუტოვა.

ნატაშა ლომოური მუხლმორთხმული ზის იატაკზე
ნატაშა ლომოური. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

რამდენიმე წლით ადრე კი, დავით სარაჯიშვილმა თავისი შთამბეჭდავი ქონებიდან ერთი რამ - სახლი მაჩაბლის ქუჩაზე თავის საყვარელ მეუღლეს უსახსოვრა, სახლი, რომელიც მათი ქორწინების 25 წლის აღსანიშნავად ააშენა.

„დავითს ძველებური მიძღვნები სჩვეოდა. უნდოდა, რომ ახალი საცხოვრისი მისი და მისი მეუღლის ეკატერინე ფორაქიშვილის ქორწინების ოცდახუთი წლისთავისთვის მიეძღვნა და მათი ვერცხლის ქორწილის დღეს, 1905 წლის 3 მაისს გაეხსნა. ეს ფუფუნება შეეძლო, ეს ქალი უყვარდა და სახლიც თითქოს ამ სიყვარულის მუდმივობის აღსანიშნავად აშენდა“ - ასე აღწერს ამ ამბავს აკა მორჩილაძე.

ნატაშა ლომოური ეყრდნობა მოაჯირს
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

დღეს, როცა ეკატერინე ფორაქიშვილზე ვსაუბრობ თქვენთან, მის საყვარელ სახლში ვზივარ და მეფიქრება იმ უამრავ დეტალზე, რომელიც ამ საოცარი ქალის ოფიციალური ბიოგრაფიის მიღმაა და იმაზე, თუ როგორ გამიმართლა, რომ ამ უცნობ დეტალებთან შეხების საშუალება მომეცა. მემორიალური მუზეუმის კეთების პროცესში, ძალაუნებურად ბევრჯერ მომიწია ჩემს წარმოსახვაში მისი არა- საჯარო, შედარებით ინტიმური პორტრეტის შექმნა; მიფიქრია იმაზე, თუ როგორ აწყობდა ამ ულამაზეს სახლს ეკატერინე ფორაქიშვილი, როგორ ჩამოჰქონდა ევროპიდან განსაკუთრებული, დახვეწილი ნივთები, როგორ არჩევდა დავითთან ერთად კიბის უჯრედის გადასახურად იასამნისფერ, გამჭვირვალე მარსელის კრამიტს ან ლიმოჟის მონოგრამიან სერვიზს თავისი განთქმული წვეულებებისთვის; ბევრჯერ დავფიქრებულვარ იმაზეც, თუ რას ნიშნავდა მისთვის დავით სარაჯიშვილის ცოლობა, მასთან ერთად ასე ღირსეულად საქვეყნო საქმეების კეთების ტვირთის ზიდვა; ტვირთის იმიტომ, რომ მჯერა - ეკატერინე სრულად იზიარებდა დავითის მსოფლმხედველობას და გვერდში ედგა მის ყველა ინიციატივას; სიმართლე გითხრათ, მჯერა იმისიც, რომ დავით სარაჯიშვილისნაირი კაცისთვისაც კი, ძლიერი და ჭკვიანი ქალის გვერდში ყოფნა, ბევრის განმსაზღვრელი იქნებოდა. დღეს, ჩემთვის ეკატერინეს პორტრეტი სწორედ ასეთია - განათლებული, ევროპული ღირებულებების მქონე, ქველმოქმედი და ჭკვიანი ქალი. 

ქეთი და ნინიკო ბოჯგუები, DemLab-ის დამფუძნებლები, ერთმანეთის შესახებ:

დები: ნინიკო და ქეთი ბოჯგუა სხედან ფოტოგადაღების ოთახში
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA
ნინიკო:
 
მე ვარ უმცროსი და, ჩვენს შორის დაახლოებით ხუთი წელი არის განსხვავება. ქეთი ყოველთვის იყო შთამაგონებელი, მაგრამ, თავიდან, ცოტა ვეწინააღმდეგებოდი ხოლმე ამ შთაგონებას, რადგან იყო ისეთი, როგორიც მე არ ვიყავი - ჭკვიანი, მიზანდასახული. მაგრამ, სადღაც შუაში, ამ შთაგონებაში, შემოვიდა გარემოს ფაქტორი, სადაც გარემო მეუბნებოდა, რომ აი ნახე, ქეთი როგორია. ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ძირითადად მასწავლებლსებისგან მესმოდა ქეთის თვისებებზე საუბარი. მე ვიყავი ცოტა ქალა-ბიჭას რასაც ეძახიან- მიყვარდა ფეხბურთი, შატალო, მეზარებოდა სწავლა. შესაბამისად, სულ მეგონა, რომ ქეთის უნდა დავწეოდი. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ცოტა რომ გავიზარდე და სკოლა რომ უკან მოვიტოვე, მართლა რომ გავაცნობიერე როგორი ჩემი შემვსებივით გახდა. რომ ამბობენ ხოლმე “სოულმეითი” და მეორე ადამიანი უნდა იპოვოო, რომელიც მთლიანს გაგხდისო, რაღაცნაირი ეგეთი განცდა გამიჩნდა, რომ ისეთი ადამიანი აღმომაჩნდა ცხოვრებაში, რომელსაც ერთის მხრივ შემიძლია ვენდო, სრულად დავეყრდნო, და მეორეს მხრივ, აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც მე საერთოდ არ მაქვს, და მივხვდი რომ მე კი არ უნდა გამომემუშავებინა ეს ყველა თვისება, არამედ გვერდით უნდა მყავდეს ესეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ როდესაც ჩემებურად გავაფრენ, შეეძლოს ჩემი გამოფხიზლება და მითხრას, რომ ნინიკო, გაჩერდი. ამას რომ მივხვდი, ქეთი გახდა ჩემთვის ყველაზე დიდი საყრდენი ცხოვრებაში, და, შესაბამისად, ეს არის რაღაც, რაც ყოველთვის ვიცი, რომ არსებობს, რაც არ უნდა მოხდეს ვიცი რომ იქნება და შემავსებს ყოველთვის იქ, სადაც პატარა სიცარიელეებია ხოლმე. 
ქეთი:
ჩემთვის იგივენაირად იყო ნინიკო, ოღონდ პირიქით. მიყვარდა სწავლა, კითხვა, ვიყავი ხუთოსანი, რომელიც ყველა მასწავლებელს ძალიან უყვარდა. მაგრამ, რაც ნინიკოს გამოსდიოდა ძალიან კარგად - ადამიანეთან ურთიერთობა, ორგანიზების უნარი, ა.შ., იყო ჩემი სუსტი მხარე. ნინიკოს შეეძლო კორპუსის ბავშვები შეეკრიბა, დაეგეგმა კონცერტები და მოევლოთ კორპუსის თექვსმეტივე სართული. ეს უნარები, რაც შემდგომ ბიზნეს ხედვაში გადაითარგმნა, მე არ მქონდა. შესაბამისად, ჩემთვის, მაგ კუთხით ნინიკო იყო შთაგონება. ამის მიხვედრა რომ დავიწყე, ვიყავი 21-ის და ნინიკო იყო 16-ის, და ასაკის სხვაობა ნაკლებად იგრძნობოდა. მაგ დროიდან მოყოლებული უკვე მეც დავიწყე მისგან სწავლა. როდესაც საქმე წამოვიწყეთ ერთად, როდესაც პირველი გრანტი ავიღეთ სკოლებში კონსტიტუციის პოპულარიზაციის პროექტისთვის, მე ჟურნალისტი ვიყავი და არ მქონდა შეხება არც გრანტის ადმინისტრირებასთან, არც პროექტის მენეჯმენტთან. მახსოვს, რომ ვიყავი სრულ პანიკაში, რადგან სრულიად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის როგორ გავართმევდით თავს ამ პროექტს, ნინიკო კი მამშვიდებდა და მეუბნებოდა, რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა. რაც ნინიკომ თქვა ერთმანეთის შევსებაზე, მეც ზუსტად ესე ვხედავ ჩვენს ურთიერთობას. 
ნინიკო, პირველ რიგში, ჩემთვის არის შთამაგონებელი იმ კუთხით, რომ შეუძლია იცხოვროს აწმყოში და მიიღოს სიამოვნება საქმის კეთების პროცესისგან. მე ძალიან პერფექციონისტი ვარ და ყოველთვის ასეთი ვიყავი. როდესაც იმ გრანტის პროქეტს ვაკეთებდით, ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა ეს პროექთი, რომ დავმშვიდებულიყავი. მახსოვს, რომ მითხრა, რომ ასე თუ ვიფიქრებდი, ძალიან გამიჭირდებოდა საქმის კეთება, რადგან აუცილებელია, რომ მთელი პროცესისგან, დაბრკოლელების ჩათვლით, მივიღოთ სიამოვნება. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი პირველი რამ, რაც ნინიკოსგან ვისწავლე. 
 
დები ბოჯგუები ერთად სხედან და ერთმანეთს ეხვევიან
ნინიკო და ქეთი ბოჯგუები. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ნინიკო: 

ჩვენ დავმეგობრდით სასიყვარულო ისტორიების გაზიარებით და ურთიერთობებზე საუბრით. და ასეთი ისტორია მახსენდება: ჩვენ ვცხოვრობდით პირველ სართულზე და ქვემოთ, ჩვენივე სივრცეში, მამაჩვენს ჰქონდა სურსათის მაღაზია. ერთ მშვენიერ ღამეს, როდესაც ბიჭებთან ურთიერთობებს განვიხილავდით და მთელი ღამე გავათენეთ, დილის ექვს საათზე, გვესმის ხმაური ქვემოდან. აღმოჩნდა, რომ მამაჩვენის მაღაზიაში ვიღაცეები შეპარულან და ძარცვავდნენ. იმის შემდეგ, რაც იატაკზე მიდებული ჭიქებით ყურადღებით ვუსმენდით ხმაურს, მამაჩვენი გავაღვიძეთ, და ასე გადარჩა მაღაზია გაძარცვას. 
იქიდან გამომდინარე, რომ აწმყოში ვცხოვრობ, ვარ ძალიან იმპულსური. მჩვევია ემოციური და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები და რაღაცეებს სწორად ვერ ვსაზღვრავ ხოლმე. ესეთ დროს შემოდის ქეთი. ჯიუტად, მაგრამ ვაცნობიერებ ხოლმე სწორი რა არის. ამიტომ, ძალიან კარგია, როდესაც ვიღაც გყავს, ვინც ამ იმპულსურობას აბალანსებს. რაღაცას თუ ვაკეთებთ, რაც შესაძლოა სანსიტიური საკითხი იყოს, თანამშრობლებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ქეთის შეუთანხმონ. 

ქეთი:

თუმცა, რასაც ნინიკო ამბობს, რომ დაფიქრების გარეშე შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და რისკიანი ნაბიჯების გადადგმა, სწორედ ეს არის ჩემთვის მასში ყველაზე შთამაგონებელი. ნინიკოს აქვს ხედვა, შორსმჭვრეტელია. შეუძლია დაინახოს ის რა იქ არ არის, რა შეიძლება გამოვიდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციული განვითარებისთვის. ნინიკოს რისკის სიყვარულმა და ინტუიციური უნარებმა ყოველ ჯერზე გაამართლა, და მივხვდი, რომ ძალიან უნდა ვენდო მის ინტუიციას. ზოგადად, ვფიქორბ, რომ საქართველოში მსგავსი ადამიანი ცოტა არის, და ნინიკოს ეს თვისებები, იმასთან ერთად, რომ შთამაგონებელია, ასევე ძალიან მამშვიდებს, რადგან ვიცი, რომ შემიძლია ვენდო. 

ზოგადად, ამბობენ, რომ ოჯახის წევრებთან ერთად არ ღირს საქმის დაწყება.იკარგება. ჩვენი გამოცდილებით, ეს მხოლოდ უპირატესობა იყო. ხშირად, პროფესიულ გარემოში ვერ ხერხდება ღიად აზრის გამოხატვა და ემოციების გაზიარება, და ის სინერგია, რომელიც უნდა შეიქმნას, იკარგება. რადგან ჩვენ დები ვართ და ძალიან ვენდობით ერთმანეთს, რაც არ უნდა ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ, ძალიან ღიად და ემოციურად გამოხატული კრიტიკის მიცემა და მიღება შეგვიძლია. შედეგად, ყოველთვის რაღაც კარგი გამოდის. 

ნინიკო:

მე, ზოგადად, შემიძლია ხან ერთი რაღაც ვაკეთო, ხან მეორე, მომწონს ეს. ქეთი ყოველთვის პირიქით იყო. რაც უნდოდა, იმას სტაბილურად მიჰყვებოდა ყოველთვის. ის ბევრი წელი იყო ჟურნალისტი, და არ მეგონა, რომ ჰქონდა უნარი გადაეხვია მისი პროფესიიდან და საერთოდ სხვა რაღაც ეკეთებინა ცხოვრებაში. მაშინ ვიგრძენი მე შთაგონება, რადგან მივხვდი, რომ გარდა იმის, რომ ეს ადამიანი ჭკვიანი და მისაბაძია, ასევე შეუძლია თავისი ცხოვრების ასე ამოყირავება და ასეთ რისკზე წასვლა. ამიტომ, იმისდა მიუხედავად, რომ სულ ასე ვპოზიციონირებთ, თითქოს მე ვარ რისკის მოყვარული და ქეთი არა, ასე არ არის. ჩემი რისკები არის უფრო გამართლებული, რადგან მე ვარ ადამიანი, რომელიც სულ ასე ცხოვრობდა და ჩემთვის ეს ბუნებრივი იყო. ქეთი კი აღმოჩნდა რისკიანი ისეთ სივრცეში, რომელთანაც არასოდეს შეხება მანამდე არ ჰქონია. შესაბამისად, შეიძლება რაღაც მომენტებში, ქეთი უფრო რისკიანი იყოს, ვიდრე მე. 

მაია ჩაჩავა, ხელოვნებათმცოდნე - ბებიის, მარიამ (მანიკო) უგრელიძის, პროფესორისა და საქართველოში მეცნიერული და კლინიკური პედიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებლის შესახებ:

მაია ჩაჩავა ზის მაგიდასთან. ტანზე შავი ზედა აცვია
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ბებიაჩემი მანიკო ძალიან დაკავებული ადამიანი იყო, არაფრის დრო არ ჰქონდა. მაგრამ იყო ჩემი წამების წუთებიც, ფრანგულს მასწავლიდა. საინტერესო რაღაცეებს ჭრიდა, მაწებებინებდა, და თან, სულ ფრანგულად მელაპარაკებოდა.

იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან დიდ ბინაში ვცხოვრობდით, მე და ბებიაჩემს ერთად გვეძინა. ძალიან ბევრ რაღაცაზე ვსაუბრობდით და ძალიან ვუყვარდი. ასეთი ახლო ურთიერთობის გამო, მე პედიატრიაში ძალიან გარკვეული ვიყავი. ალბათ, კარგი ექიმი გამოვიდოდი.

მანიკოს იმდენად ყველა პატივს სცემდა, რომ მეც კი თქვენობით მივმართავდი, იმისდა მიუხედავად, რომ მასზე ახლო ადამიანი არ მყავდა. მას მერე, არსად მინახავს ბავშვი ბებიას თქვენობით ესაუბრებოდეს.

ბებიაჩემმა სამედიცინო განათლება დაასრულა ლოზანის უნივერსიტეტში და იქიდან ოდესაში წავიდა, სადაც პეტრე მელიქიშვილს პატრონობდა. შემდგომ, ჩამოვიდა თბილისში.

აღსანიშნავია, რომ ბებიაჩემის დიპლომზე, რომელიც, სამწუხაროდ, დაიკარგა, ეწერა, რომ სურვილი ჰქონდა გამხდარიყო სოფლის ექიმი. სოფლებში უნდოდათ ახალგაზრდებს წასვლა, რადგან იქ ექიმები არ ჰყავდათ, ისინი კი პატრიოტები იყვნენ, უყვარდათ თავიანთი სამშობლო.

კათედრის დაფუძნების შემდეგ, ბებიაჩემი პირველი ქართველი ქალი პროფესორი გახდა.

ქალის შავთეთრი ფოტო
Caption

ძალიან კარგი პიროვნება იყო, რასაც ბევრი მოგონება უკავშირდება, მაგრამ, ხშირად ერთი კონკრეტული ეპიზოდით ინტერესდებიან, როდესაც ბებიაჩემმა ერთი დიდი ვაგონი ბავშვები გადაარჩინა გადასახლებას. 30-იანებში, ძალიან ბევრი ბავშვი იყო ბავშვთა თავშესაფრებში. ერთ დღეს, ბებიაჩემს დაურეკა სადგურის უფროსმა, სადგურზე ბავშვებით სავსე ვაგონიდან ბავშვების კივილი ისმისო, ვაგონში 100-ზე მეტი ბავშვი იყო. ბებიაჩემი მივიდა და დაინახა, რომ გადასახლებული ოჯახებიდან ბავშვები შეაგროვეს ერთ ვაგონში და აგზავნიდან უმისამართოდ რუსეთში. სადგურის უფროსმა და ბებიაჩემმა მოხსნეს ვაგონი, და მატარებელი რომ წავიდა, ვაგონი დარჩა. ბებიაჩემმა წამოიყვანა ეს ბავშვები და სხვადასხვა სახლებში ანაწილებდა. ძალიან დაეხმარა ბებიაჩემს ბესო ოქროპირიძე, ინფექციონისტი, რომელმაც გასცა დოკუმენტი, რომ ბავშვებს ჰქონდათ დიზინტერია და ერთ სივრცეში ამ ბავშვების გადაყვანა არ შეიძლებოდა. მათ ფაქტიურად თავი გაწირეს, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩნენ. სადგურის უფროსი კი, სავარაუდოდ, დახვრიტეს.

ამ თემაზე ოჯახში არ ვსაუბრობდით. ერთ დღეს, მე და დედაჩემი გავედით აფთიაქში, დაახლოებით 11 წლის ვიქნებოდი. დედაჩემს ვიღაც ქალი მიუახლოვდა, გაესაუბრა და ლამის მუხლებზე დაეცა, დედაჩემმა დაიჭირა. სახლში რომ მოვედით, მეორე ბებიას უთხრა, მატარებლის ბავშვი ვნახეო. აქ ეს თემა დაიხურა. დედაჩემისგან ამ მატარებლის ბავშვის შესახებ მხოლოდ სკოლის დამთავრების შემდეგ გავიგე.

კიდევ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, როდესაც ბერიას ბავშვი გაუხდა ავად და მოიწვია კონსილიუმი. საუბარი შრატის გაკეთება-არგაკეთებაზე მიდიოდა. კარი გაიღო, შემოვიდა ბერია და დაჯდა ექიმებთან ერთად. ჩამოწვა სიჩუმე, რომელიც ბებიაჩემმა დაარღვია. მან იკითხა, უკაცრავად, ჩვენ თქვენს თათბირებზე დასწრების უფლება გვაქვსო? ბერიამ უპასუხა, რომ არა, რაზეც ბებიაჩემმა უთხრა, მაშინ არც თქვენ არ გაქვთო. ბერია გავიდა და კარი მოიჯახუნა, რის შემდეგაც მთელმა კონსილიუმმა უთხრა ბებიაჩემს, რომ ახლა მათ დახვრეტდნენ. ბებიაჩემმა ისინი დაამშვიდა, არ მოგვკლავენ, ჩვენ მათ ვჭირდებითო. ამ ინციდენტის შემდეგ, ბებიაჩემს აეკრძალა კონგრესებზე და შეხვედრებზე წასვლა, რაგდან ითვლებოდა პოლიტიკურად არასანდო ადამიანად. ჩვენი სახლი ყოველთვის ითვლებოდა დიდ დისიდენტების ბუდედ, ძალიან ინტელექტუალური საზოგადოება იკრიბებოდა ჩვენთან. არასოდეს გვყოლია პარტიული ოჯახის წევრი.

მაშო სამადაშვილი, მარკეტინგის და კომუნიკაციების სპეციალისტი მწერალ, ანა კორძაია-სამადაშვილზე:

მაშოს და ანას შავთეთრი ფოტო
მაშო და ანა. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

მე და ანა სინამდვილეში ვართ ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩემს ბაბუას ხუთი და-ძმა ჰყავდა და ჩემი ბაბუა ყველაზე უმცროსი იყო, შვილიშვილებში მეც ყველაზე უმცროსი ვარ. მე და ანას გვაქვს დიდი ასაკობრივი განსხვავება და მას თავიდანვე ყველას მამიდაჩემად ვაცნობდი. ასე, ჩვენით დავამკვიდრეთ ეს უწყინარი ტყუილი. ოჯახში ერთი თაობა ვართ, იმის მიუხედავად, რომ სრულიად სხვადასხვა ქვეყანაში დავიბადეთ, ანა - საბჭოთა კავშირში და მე - თავისუფალ საქართველოში. ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა რამდენია, ამის გასახსენებლად დაფიქრება მჭირდება ხოლმე, რადგან ზუსტად არ ვიცი. ერთხელ ასეთი კომიკური სიტუაციაც კი გვქონდა - რაღაცაზე ვლაპარაკობდით და უცბად მითხრა, ჩვენს ასაკში ასე და ასე ხდებაო და ორივეს გაგვეცინა, იმიტომ, რომ ვის ასაკზე იყო ლაპარაკი, ვერ მივხვდით. 

ანასთან დაკავშირებით პირველი მოგონება ძალიან ღრმა ბავშვობიდან მაქვს. მაშინ სამი წლის ვიყავი. ანა ჩვენთან ძალიან ხშირად მოდიოდა, ის და დედაჩემი მეგობრობდნენ, რადგან ტოლები იყვნენ. მაშინ ანას ძალიან გრძელი თმა ჰქონდა, წელამდე და მთელი საღამოს განმავლობაში, საათობით, ვუწნიდი ამ თმას. ეს მოგონება ძალიან მკაფიოდ დამრჩა, არადა ბავშვობიდან ძალიან ცოტა რამ მახსოვს.

შემდგომ წლებში, უფრო ნათესაური ურთიერთობა გვაკავშირებდა, რადგან ანა ხშირად არ იყო თბილისში. 18 წლის რომ გავხდი, მაშინ თავიდან გადაიკვეთა ჩვენი გზები და გადაიკვეთა სამუდამოდ. მას შემდეგ, უკვე 13 წელზე მეტია, ერთმანეთის გარეშე არცერთი დღე გაგვიტარებია - სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, გვიხაროდეს თუ გვტკიოდეს, საზოგადოებრივი საკითხი იყოს საერთო თუ პირადი, ერთმანეთთან სულ ხაზზე ვართ.

ანა კორძაია-სამადაშვილის შავთეთრი კადრი
ანა კორძაია-სამადაშვილი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ანა ჩემთვის უნიკალური ადამიანია ბევრი თვალსაზრისით. უპირველესად, იმიტომ, რომ ერთი მხრივ არის ძალიან თანამედროვე და ჩემი თაობის სატკივარები კარგად ესმის, მეორე მხრივ, იცის რაღაც, რაც მე არასოდეს მინახავს. მისი მონაყოლიდან ვიცი, მაგალითად ძალიან ბევრი ისეთი ისტორია, რომელსაც მე არ მოვსწრებივარ და არც ტექსტებში შემონახულა. იქნება ეს ქალაქის ისტორიები, კონკრეტული ადამიანების ამბები, სასიყვარულო თავგადასავლები, საბჭოთა საქართველო თუ ნებისმიერი სხვა. ჩემი მოსიარულე მატიანეა, რომელიც ყველაფერზე მცემს ხოლმე პასუხს.

ანა თავისთავად ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის შთამაგონებელი, მაგრამ, ჩემთვის უმეტესად იმიტომ, რომ ყველაფერზე აქვს თავისი ძალიან მკაფიო აზრი. ამ საუკუნეში იშვიათია ადამიანი, რომელსაც მსგავსი ღირებულებათა ღერძი აქვს და არ უხვევს თავის რწმენას, შეხედულებებს და გაგებებს. მე და ანას ხანდახან გვილაპარაკია რა არის თბილისური გაგება, რომელიც არსებობდა 1990-იან წლებში და რომელიც გაქრა და გვგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგია ჩვენთვის. ანა ხშირად ადამიანურ საკითხებზე ამბობს ხოლმე, რომ “გაგებით ეს ასე არ არის”. შეიძლება ამ წუთას სასაცილოდ ჟღერდეს, რომ რაღაც „გაგებით“ უნდა გადაწყდეს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის და მართლა ბევრჯერ გამომიჭერია ჩემი თავი, რომ რაც უთქვამს, ის ყოფილა სწორი. 

ანა არასოდეს არავის ახვევს საკუთარ აზრს ისე, თითქოს მან სხვაზე მეტი იცოდეს. ყოველთვის გესაუბრება ისე, როგორც თანატოლს, თანაბარს. რა თქმა უნდა, განუზომლად უფრო დიდი განათლება აქვს, ვიდრე მე. ცნობისმოყვარეობასა და მეხსიერებასთან ერთად, როგორც მწერალი, აბსოლუტურად სხვა შრეებში უყურებს მოვლენებს და მუდმივად იახლებს ამ ცოდნას. თუმცა, არასოდეს უგრძნობინებია ჩემთვის, რომ ჩემზე ჭკვიანია, რაც ადამიანის დიდი ღირსება მგონია. 

ძალიან ძვირფასი არის ის დრო, რომელსაც ვატარებდით მის სახლში. ეს იყო თავშესაფარი ყველასთვის, არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველა ადამინისთვის, რომელსაც ანა ერთხელ მაინც უნახავს. ის არ იყო ღია მხოლოდ მისი მეგობრებისთვის, ის ღია იყო ჩემი მეგობრებისთვის და ჩემი მეგობრების მეგობრებისთვის. ჩვენი საუბრები ამ სახლის სამზარეულოში არის ის, რაზეც ანასავით კარგად წერა რომ შემეძლოს, ერთ კარგ თბილისურ რომანს დავწერდი. იქ მოყოლილი საიდუმლოები არასოდეს არავის დახვედრია წინ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენ გვაკავშირებს - ჩვენი საიდუმლოები. არსებობს ინფორმაციათა კატეგორია, რომელზეც ანა მეუბნება ხოლმე, რომ „ეს არის კუბო და ზედ ყვავი“, რაც ნიშნავს, რომ არასდოეს არავის უნდა უთხრა. მეც აბსოლუტურად ყველაფერში ვენდობი და მან ყველაფერი იცის ჩემ შესახებ. 

მაშოს და ანას შავთეთრი ფოტო
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ანა არის სრულიად არამორალისტი სხვების მიმართ, რაც ადამინებში იშვიათია. ძალიან ბევრჯერ მოუცია რჩევა, მაგრამ მორალი არასოდეს წაუკითხავს და ყოველთვის მიტოვებს არჩევნის თავისუფლებას. ჩვენი ურთიერთობა არ არის მარტივი, რადგან ის მეგობრობასა და (არამკაცრ) დედა-შვილობას შორის მერყეობს.

ჩემთვის ყველაზე დიდი შიში ერთ დღესაც ანას გარეშე დარჩენაა. ეს ჩვენი ასაკობრივი სხვაობიდან გამომდინარეობს. ამაზე ხშირად მიფიქრია, მაგრამ არ მინდა ამაე ფიქრი, როგორც კი ვიწყებ, მაშინვე ვწყვეტ ხოლმე. იმის მიუხედავად, რომ ბევრი მეგობარი მყავს და ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან ჩემ გარშემო, ანა მაინც თავის თავში აერთიანებს ძალიან დიდ უნიკალურ ცოდნას და მუდმივ მზადყოფნას მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის.

შთაგონებას მე სწორედ იმას ვუწოდებ, როდესაც ადამიანს უყურებ და გინდა, რომ შენც უკეთესი გახდე, რაღაცაში გაუმჯობესდე. ანასგან ყველაზე მთავარი რაც გადმომედო არის ის, დაუჯერებელი ენერგია, რომლის გაცემაც სამყაროს მიმართ შეუძლია. იქნება ეს საქმე, რომელსაც აკეთებს - წერს, თარგმნის თუ ასწავლის; მეგობრების დახმარება, თუ თავისი საყვარელი ადამიანებისთვის თავის დადება. ანა გამორჩეული ემპათიის პატრონიც არის, უცნაურად ესმის მრავალი ჯურის ადამიანის. ხანდახან გამკვირვებია კიდეც, ისეთი ადამიანების მდგომარეობაში შესულა. შესაძლოა ამიტომაც გახდა მწერალი, ამდენ განსხვავებულ ტყავში რომ შეუძლია შესვლა. 

წლებთან ერთად, ანამ შეცვალა ჩემი აღქმა სამყაროს მიმართ. თითქოს ჩემი პრიზმა შემოატრიალა. თვითონ არის ძალიან რომანტიკული, ღრმა, მგრძნობიარე ადამიანი, რასაც დიდად არ აჩენს ხოლმე და ჰგონია, რომ მეგობრობა, სიყვარული, სიმამაცე, რაინდობა, ერთგულება არის ყველაზე მნიშვნელოვანი - „ვეფხისტყაოსნის“ ღირებულებებით ცხოვრობს და ასეთ თავგადასავლებს ეძებს, ეს მეც გადმომდო. რთულია, მისი ცხოვრება რთულია, ჩემიც, რადგან ყველაფერში უფრო კარგს ვეძებთ, ვიდრე ის სინამდვილეში შეიძლება იყოს. ამ ქვეყანაში კი, რომელშიც ამდენი განსაცდელია, არ არის მარტივი ხშირად მაღალ მატერიებზე იფიქრო. თუმცა ადამიანებში კარგის დანახვა სიქველე მგონია, ამიტომ ამ მიდგომას მეც განუხრელად მივყვები. 

ანა თავის გარშემო სრულიად განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს. ჩემი ახალგაზრდობა გავატარე უკვე გამოცდილ და ჭკვიან ადამიანებთან ერთად, რომლებიც ანას მეგობრები იყვნენ. დროსთან ერთად ისინი ჩემი მეგობრები, ჩემი მეგობრები კი ანას მეგობრები გახდნენ. ძალიან აირია ერთმანეთში წრეები და თაობები. ხშირად ხან ვკამათობთ, ხან ვთანხმდებით, მაგრამ რაც მთავარია ის კულტურა გვაქვს, რომ კამათი დარჩეს ძალიან გონივრულ ფარგლებში. სერიოზულად ერთადერთხელ ვიკამათეთ მე და ანამ, ორ ქართულ თანამედროვე რომანს ვადარებდით ერთმანეთს და, როგორც დრომ მაჩვენა, ის უკეთესს იცევდა, მაგრამ მე, ჩემი ახალგაზრდული მაქსიმალიზმით განმსჭვალული, ვამბობდი, რომ მე უკეთ ვიცი, და მაშინ მახსოვს, რომ ცოტა გავბრაზდით ერთმანეთზე. ამის იქეთ, არასოდეს მტკენია გული და იმედი მაქვს, რომ თვითონაც ასე იტყოდა. 

მაშო სამადაშვილის შავთეთრი ფოტო
მაშო სამადაშვილი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

საერთოდ ანაზე ლაპარაკი არ არის მარტივი, რადგან გინდა, რომ ყვეალფერი კარგი თქვა. მთელი ცხოვრება ლიტერატურის სფეროში ვმუშაობ, მუდმივად ტექსტებთან მქონდა შეხება და სულ მწერლებს ან ვაქებ ან კონსტრუქციულად ვაკრიტიკებ, მაგრამ, ალბათ ყველაზე ცოტას ანაზე ვამბობ ხოლმე. 

ანა არის საოცრად დელიკატური ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან პირდაპირი. შეუძლებელია რამე ისე გითხრას, რომ გული გეტკინოს. თუ რამე კრიტიკული უნდა გითხრას, წინასწარ გაფრთხილებს, ახლა არ გეწყინოსო. ყველაზე ძვირფასი არის ეს და ჩვენი მოგზაურობები. ჩვენ სულ დავდივართ სამოგზაუროდ, როგორც კი რამდენიმე თავისუფალი დღე გამოგვიჩნდება. იქ სულ სხვა თავგადასავლები გვაქვს, იმიტომ, რომ სრულიად მოცლილები ვართ, არაფერს ვაკეთებთ და მთელი დღეები შეიძლება გავლიოთ ან მუზეუმში ან უაზრო შოპინგში, მაგრამ მე ორივეში აბსოლუტურად ერთი ღირებულების დროს ვატარებ. ანა ჩემთვის სულ გადაშლილი წიგნია, რომელიც უცბად იკეტება და არ იცი შემდეგში რა მოხდება - ასეთი ადამიანია. 

უნდა გაგიმართლოს. მე ვცდილობ, რომ ჩემ გარშემო ყველას ჰქონდეს ანასთან ურთიერთობა, თუ მე ამის ხელშეწყობა შემიძლია, რადგან მასთან გატარებული დრო ძალიან ბევრ რამეს გაძლევს - იქნება ეს ცოდნა, გამოცდილება თუ ერთი წინადადების მრავალმხრივ წაკითხვის უნარი. მე ძალიან გამიმართლა, არასოდეს მიმიღია ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა არსებულ ფაქტად. ამ უზარმაზარ სამყაროში, ჩვენ რომ ერთმანეთი ვიპოვეთ, ჯერ როგორც ნათესავებმა, შემდეგ კი უახლოესმა მეგობრებმა, ძალიან დიდი მონაპოვარია ჩემთვის. იმედი მაქვს, რომ ცოტა მისთვისაც. 

მიყვარს ის, რომ ერთ დროს დავიბადეთ, ერთ დროს ვცხოვრობთ. მე, ცალსახად, მის დროში დავიბადე და მგონია, რომ ოდესმე თუ გოგო შვილი მეყოლება, აუცილებლად ანას დავარქმევ, იმიტომ, რომ ანას არ ჰყავს საკუთარი შვილები და მგონია, რომ ჩვენს გვარში კიდევ ერთი ანა აუცილებლად უნდა იყოს. 

ლილი ფულარიანი, აქტივისტი და კომუნიკაციების სპეციალისტი ბებიის, ნინა ღვინჯილიას შესახებ:

ლილი ფულარიანი ბებიის ფოტოების ანარეკლში
Caption

ქალი, რომელიც ჩემთვის შთაგონების წყაროა, არის ბებიაჩემი, ნინა ღვინჯილია. ნინა ბაღდათში, სოფელ დიმში გაიზარდა და დასთან, ნადიასთან ერთად ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა. იქ სწავლა 1900-იანი წლების დასაწყისში ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა და ამის ფუფუნება მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ. გიმნაზიამ არაერთი ფემინისტი გამოზარდა, მაგალითად კატო მიქელაძე და ნინო ტყეშელაშვილი. ამიტომაც არ გვიკვირს ის ღირებულებები, რასაც ბებია ატარებდა. სამწუხაროდ, ნაადრევი ქორწინების გამო გიმნაზიის დასრულება ვერ შეძლო და სწავლის გაგრძელებაც ოცნებად, წარსულში დარჩა.

ბებია არის ჩემთვის მაგალითი, როგორ შეუძლია ქალს ტრავმული ჯაჭვის გაწყვეტა და სხვა ქალებისთვის ზრუნვისა და მხარში დგომის მაგალითი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება და ამაზე ცხოვრების ბოლომდე დარდობდა, სახლში თუ გარეთ ინტელექტუალ ქალად ითვლებოდა და ყოველთვის ყველა ქალს ეუბნებოდა, რომ მთავარია ცხოვრებაში ქალმა შეძლოს ორი რამ: მიიღოს განათლება და საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს. ეს უნდა ყოფილიყო ყველა ქალისთვის მუდმივი საფიქრალი. თავად ნინა სხვა ქალებს შთააგონებდა და ეხმარებოდა, მათ შორის ხელსაქმეს ასწავლიდა. დღემდე შემორჩენილ მის ნაქარგებს და სხვა ნამუშევრებს ეტყობა, რამდენად კარგად იცოდა ხაზვა და გეომეტრია. 

ნინას 4 ქალიშვილი და უმცროსი ვაჟი ჰყავდა, მამაჩემი. ბაბუაჩემი არ იყო თანახმა, რომ გოგოების განათლებაში დიდი რესურსები დაეხარჯათ. ბებიაჩემმა ოთხივე ქალიშვილს ბაბუაჩემისგან მალულად თბილისში, უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებინა. კონფლიქტი რომ აერიდებინა, ყოველთვის, როდესაც შვილების მოსანახულებლად მიდიოდა, დილის ექვს საათზე დგებოდა, რიონიდან დედაქალაქში მიჰყვებოდა მატარებელს და უკან შუაღამით ბრუნდებოდა. ჩვენს ოჯახში არასდროს იდგა თანასწორობის საკითხი, რადგან ეს ძალიან ბუნებრივი ფაქტი იყო. სულ ვხედავდი მამიდებს, რომლებიც სოფელში პირველები ატარებდნენ მანქანას, ყოველთვის ყველაფერზე ჰქონდათ საკუთარი აზრი, ყოველთვის აფასებდნენ მათ სიტყვას. სახლიდან აღმოვჩნდი ისეთ საზოგადოებაში, სადაც ყველაფერი ასეთი ბუნებრივი არ იყო - ხშირად გავუჩუმებივარ, „შენ გოგო ხარ და რა იცი“, „გოგოები ასე არ იქცევიან“. ამის შემდეგ სულ დამყვებოდა პროტესტის გრძნობა, რადგან მე და ჩემი დები სულ სხვა მაგალითებით გავიზარდეთ.

ლილი ფულარიანი - აქტივისტი და კომუნიკაციების სპეციალისტი
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ეს სახლი, სადაც ახლა ვართ, დიმში, თხუთმეტი წლის წინ, დედაჩემის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ დავტოვეთ. მისი შრომა შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო ოჯახში. ახლა წელიწად-ნახევარია რაც დავბრუნდით და მე და ჩემი და ამ 120 წლის ხის სახლის რესტავრაციას შევუდექით. იმერეთში მიწებს ადრე სოულებად ყოფდნენ. იკითხავდნენ "ეს ვისი სოულია?", მიწის მესაკუთრეს გულისხმობდნენ. მესაკუთრე ყოველთვის კაცი იყო და სამკვიდროსაც მათი სახელი ერქვა - ალექსანდრესოული, მერაბისოული და ასე შემდეგ. აბა, ქალს არ ეკუთვნოდა და სახელს რაღას შეარქმევდნენ? გადავწყვიტეთ, რომ ბებიაჩემის სახელი უკვდავყოთ და სახლს „ნინასოული“ დავარქვათ - პირველი ეზო-კარი, რომელსაც ქალის სახელი ერქმევა.

ამ პროცესებს მე, ჩემი და და დედაჩემი ვხელმძღვანელობთ. აქაურობა ქალების შრომით იქმნება და ეს სახლი სხვა ქალებსაც გააძლიერებს. უკვე 1 წელია სოფელში გვაქვს საინიციატივო ჯგუფი „დიმელი ქალები“, რომლთაც სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, მაგალითად, ღია კინოთეატრი გავხსენით; აქაურმა ქალებმა სხვადასხვა სამეწარმეო უნარების შესწავლა შეძლეს, რამდენიმე მათგანმა გრანტიც აიღო და საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყება/განვითარება შეძლო. ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის ის, რასაც ბებიაჩემი მუდამ ქადაგებდა, რომ მე თუ რაღაც ვერ მივიღე ან რაიმეს ვერ მივაღწიე, როგორც ქალმა, ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ სხვა ქალებს ხელი არ შევუწყო. მე შემიძლია გავხდე კიბის საფეხური სხვა ქალებისთვის, რომ მათ მაინც შეძლონ ის, რისი საშუალებაც თავად არ მომეცა.

ეს სახლი, „ნინასოული“, იქნებ არგო-ტურისტული ობიექტი. აქ სტუმრები შეძლებენ ჩამოსვლას, დასვენებას და ადგილობრივების მხარდამხარ შრომას. მეორეს მხრივ კი სამეზობლოსთვის თანამედროვე განათლების მიღების, მუშაობის, თავიანთი ნაწარმის გაყიდვის საშუალება იქნება, არამხოლოდ ქალებისთვის. სოფლის მაცხოვრებლები ხშირად მეკითხებიან, ‘რატომ მხოლოდ ქალები?’. ამ ყველაფერს მხოლოდ ქალებისთვის არ ვაკეთებთ, მაგრამ ძირითადად ქალები ვართ, რათა როგორც მმართველებს, ბიზნესმენებს და გადაწყვეტილების მიმღებებს შეგვეჩვიონ. ძლიერი ქალი ძლიერ ოჯახს ნიშნავს, ჩაგრული ქალის შვილებიც კი ჩაგრულები არიან.

არ მომწონს, როდესაც ბებიებს, როგორც ხაჭაპურის კარგ მცხობლებად, ისე იხსენებენ. ჩვენი წინაპარი ქალები სამზარეულოს მიღმა ბევრად მეტნი იყვნენ - შრომით, ზრუნვით, გონითა და ინტელექტით. ვფიქრობ, ბებიაჩემი ძალიან აღიარებული ქალი იქნებოდა, განათლების მიღება ისე რომ შესძლებოდა, როგორც ამას ნატრობდა. ასე მგონია, მისი ოცნებები ახლა, 1 საუკუნით გვიან, მაგრამ მაინც, ჩვენით ხდება. არ ვიცი, ერთდროულად ამაზე რთულს, ძვირფასსა და ღირებულს ცხოვრებაში რას შევეჭიდებოდით.