Go Back Go Back
Go Back Go Back

ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მოსახლეობის ტენდენციებთან დაკავშირებით გაეროს მიერ წარმოდგენილი მიმოხილვის მიხედვით, საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებზე პოლიტიკურ რეაგირებას საფუძვლად უნდა ედოს ადამიანის უფლებები და არჩევანი

ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მოსახლეობის ტენდენციებთან დაკავშირებით გაეროს მიერ  წარმოდგენილი მიმოხილვის მიხედვით, საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებზე პოლიტიკურ რეაგირებას საფუძვლად უნდა ედოს ადამიანის უფლებები და არჩევანი

Press Release

ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მოსახლეობის ტენდენციებთან დაკავშირებით გაეროს მიერ წარმოდგენილი მიმოხილვის მიხედვით, საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებზე პოლიტიკურ რეაგირებას საფუძვლად უნდა ედოს ადამიანის უფლებები და არჩევანი

calendar_today 19 October 2023

A bunch of people gathered at the ICPD regional conference in Geneva
ფოტო: ვიოლეინ მარტინი/UNECE

ჟენევა, 2023 წლის 19 ოქტომბერი - იმ ფონზე, როდესაც ევროპის რეგიონი მის წინაშე ერთდროულად მდგარ რამდენიმე კრიზისთან ცდილობს გამკლავებას, რომელთა შორისაა ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები, და რეგიონში არსებულ სხვა კონფლიქტები, ჟენევაში დღეს გამართულ და მოსახლეობის საკითხებისადმი მიძღვნილ მაღალი დონის რეგიონულ კონფერენციაზე გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ადამიანების კეთილდღეობასა და არჩევანში ინვესტიცია პრიორიტეტების ჩამონათვალის სათავეში უნდა შენარჩუნდეს, რათა ქვეყნებს საშუალება მიეცეთ გაუმკლავდნენ მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ გამოწვევებს და მაქსიმალურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებიც ამგვარ გამოწვევებს ახლავს თან.

ორდღიანი კონფერენციის - სახელწოდებით „მოსახლეობა და განვითარება: უფლებებისა და არჩევანის უზრუნველყოფა“ - ორგანიზატორები არიან გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). კონფერენციის მიზანს წარმოადგენს მოსახლეობისა და განვითარების შესახებ 1994 წლის საეტაპო საერთაშორისო კონფერენციის მიერ დადგენილი მიზნების მიმართულებით არსებული მიღწევების მიმოხილვა, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეგიონში, რომელიც მოიცავს ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ცენტრალური აზიის 56 წევრ სახელმწიფოს.

„გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეგიონი მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე დემოგრაფიული ტრანსფორმაციის ეპიცენტრს წარმოადგენს. რეგიონის ქვეყნების უმეტესობა უკვე დგას ან უახლოეს მომავალში დადგება ისეთი ცვლილებების წინაშე, როგორიცაა შობადობის კლება, მოსახლეობის დაბერება და სავარაუდო შემცირება. აღნიშნული ცვლილებები გამოწვევებს წარმოადგენს, თუმცა ასევე შესაძლებლობებსაც გვთავაზობს. მოსახლეობის და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) სამოქმედო პროგრამა პოლიტიკის მიდგომების გზამკვლევს წარმოადგენს, რომელიც ინდივიდუალური პირების პოტენციალს ეფუძნება და საზოგადოებების გაძლიერებას ემსახურება, ახალი დემოგრაფიული რეალობის პირობებში“, - განაცხადა ტატიანა მოლჩეანმა, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელმა მდივანმა.

„მატულობს რა შფოთვა დემოგრაფიული ცვლილებების შედეგებთან დაკავშირებით, მოსახლეობის და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPD) შეთანხმებული და მოგვიანებით მდგრადი განვითარების მიზნებში ასახული პრინციპები გვთავაზობს ჩარჩოს კონსტრუქციული, წინდახედული და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოსაძიებლად, რომლებიც სარგებელს მოუტანს თითოეულ ადამიანსა და მთლიან საზოგადოებებს“, - განაცხადა დიენ კეიტამ, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ.

„მიუხედავად მზარდი პოლარიზაციისა, ჩვენ უფრო მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე ერთმანეთისგან გვმიჯნავს. მსოფლიოში არსებული ყველა ერის ინტერესშია ადამიანებზე ორიენტირებული განვითარების უზრუნველყოფა, ვინაიდან სწორედ ეს წარმოადგენს ჯანსაღი, ძლიერი ადამიანებისა და სიცოცხლით სავსე, წარმატებული საზოგადოებების საწინდარს“.

2024 წელს, მოსახლეობის და განვითარების საერთაშორისო კონფერენციიდან (ICPD) 30 წლისთავის აღსანიშნად დაგეგმილი ღონისძიების წინ გამართულ კონფერენციაზე წარმოდგენილ 210-გვერდიან მოხსენებაში ნათქვამია, რომ ზოგადად, წარმატება მიღწეულია მოსახლეობის და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPD) დასახული მრავალი მიზნის მიმართულებით, თუმცა, ამავე მოხსენებაში გაჟღერებულია გაფრთხილება, რომ რიგ სფეროებში, ბოლო დროს, პროგრესის შენელება ან სულაც უკუსვლა შეინიშნება, სხვადასხვა კრიზისის გავლენითა და გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული უფლებების თვალსაზრისით არსებული სიტუაციის გაუარესების გამო.

მოხსენების თანახმად, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეგიონში მოსახლეობის რაოდენობის ზრდა ფიქსირდება და პროგნოზის თანახმად, აღნიშნული ტენდენცია მომდევნო ათწლეულების განმავლობაშიც გაგრძელდება, ძირითადად იმიგრაციის ხარჯზე, რადგან შობადობის მაჩვენებლები კლებას განიცდის და ქვეყნების მზარდი რაოდენობა მოსახლეობის შემცირებისა და დაბერების გამოწვევების წინაშე დგას. შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა კვლავ მცირდება მთელ რეგიონში, გარდა ცენტრალური აზიისა, სადაც შობადობის მაჩვენებელი მაღალი რჩება.

აღნიშნულ რეგიონში წმინდა მიგრაციის მაჩვენებელმა ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, 1994 წლის შემდეგ, თუმცა მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ამ მაჩვენებლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განსხვავებები ფიქსირდება რეგიონში არსებულ ქვეყნებს შორის. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მიმღებმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ მიგრანტების ინტეგრაცია შრომის ბაზარსა და საზოგადოებაში, უზრუნველყონ ისინი ღირსეული სამუშაო და განათლების შესაძლებლობებითა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობით. მოხსენებაში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საერთაშორისო მიგრაცია თანდათან უფრო ინტენსიურ და კომპლექსურ ხასიათს იძენს, შესაბამისად, ყველა წევრ სახელმწიფოს ევალება დაიცვას მიგრანტების უფლებები და ხელი შეუწყოს უსაფრთხო, მოწესრიგებულ და რეგულირებად მიგრაციას.

ადამიანები დღეს უფრო ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობენ, ნათქვამია მოხსენებაში. დღეს მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებებით გაცილებით ნაკლები ქალი იღუპება ვიდრე ორი ათეული წლის წინ, და დღეს ნაკლები მოზარდი მშობიარობს გაუფრთხილებლობით დაორსულების შედეგად. უფრო ფართოდ არის ხელმისაწვდომი პროგრამები, რომლებიც მხარს უჭერს კაცებსა და ქალებს სამსახურებრივი და საოჯახო ვალდებულებების შეთავსებაში.

ამავდროულად, რეგიონის მასშტაბით, დედათა სიკვდილიანობის შემცირების კუთხით არსებული პროგრესი ბოლო დროს შენელდა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაიზარდა კიდეც რეგიონის ქვეყნების დაახლოებით მესამედში. გენდერული ძალადობა კვლავაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება და რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვები ქალების მიმართ ძალადობის მიმღებლობის შემაშფოთებელ ზრდაზე მიუთითებს. ბავშვთა ქორწინება, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში არც თუ ისე გავრცელებულია, ზოგიერთ ქვეყანაში და თემებში კვლავაც პრობლემად რჩება. კონტრაცეფციის საშუალებების მოხმარების მაჩვენებელი პრაქტიკულად უცვლელია გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა კონტრაცეფციის საშუალებების მოხმარების ძალიან დაბალი მაჩვენებლებითა და თანამედროვე კონტრაცეპტივების თვალსაზრისით დაუკმაყოფილებელი საჭიროებებით გამოირჩევა.

აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სხვაობა მთელ რიგ სხვა სფეროებშიც ნარჩუნდება: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ახალგაზრდებს ნაკლებად აქვთ წვდომა სკოლებში ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველ განათლებაზე, აივ-ის გავრცელება და სიკვდილიანობა საგრძნობლად მაღალია, ქალების ძალიან დაბალი პროცენტია ვაქცინირებული საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ და ასევე ძალიან მცირე პროცენტი იტარებს ტესტირებას საშვილოსნოს ყელის კობოს რისკის გამოსავლენად, რის შედეგადაც აღმოსავლეთ ევროპაში გაცილებით მაღალია აღნიშნული კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

კონფერენციას ესწრება ქვეყნების მთავრობათა 300-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის მინისტრები და მაღალი რანგის სხვა ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე პარლამენტარები და ახალგაზრდები.

კონფერენცია ემსახურება პროგრესის შენარჩუნებისა და წარუმატებლობის აღსაკვეთად პრიორიტეტების განსაზღვრას, სამი ძირითადი მიმართულებით: (1) მოსახლეობის დინამიკა და მდგრადი განვითარება; (2) ოჯახის დაგეგმვა და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა მთელი ცხოვრების მანძილზე; და (3) უთანასწორობა, სოციალური ჩართულობა და უფლებები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

- ჟან როდრიგესი, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), jean.rodriguez@un.org, +41 (0) 22 917 27 27

- იენს-ჰაგენ ეშენბახერი, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისიeschenbaecher@unfpa.org, +905497483655 

 

აქტები და ციფრები

  • გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეგიონის მთლიანი მოსახლეობა შეადგენს 1,3 მილიარდ ადამიანს, რეგიონში დღეს 160 მილიონით მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე 1994 წელს. პროგნოზის თანახმად, 2050 წლისთვის რეგიონის მოსახლეობა დამატებით 40 მილიონით გაიზრდება.
  • რეგიონის 56 ქვეყნიდან 38 ქვეყანას დღეს უფრო მეტი მოსახლეობა ჰყავს, ვიდრე 1994 წელს, ხოლო აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 18 ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია.
  • შობადობის ჯამური მაჩვენებელი რეგიონში რეპროდუქციული ასაკის ერთ ქალზე 1,69 ბავშვს შეადგენს, და შემცირებულია 2015 წლის მონაცემთან შედარებით, როდესაც იგი რეპროდუქციული ასაკის ერთ ქალზე 1,83 ბავშვს შეადგენდა.
  • რეგიონის 56 ქვეყნიდან 19 ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი რეპროდუქციული ასაკის ერთ ქალზე 1,5 ბავშვზე ნაკლებია.
  • შობადობის ჯამური მაჩვენებელი 2015 წლიდან 10 პროცენტით ან მეტით შემცირდა რეგიონის ზოგიერთ, მოსახლეობის დიდი რაოდენობით გამორჩეულ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში, თურქეთში, უკრაინაში, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში. შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები სამხრეთ ევროპაში (ანდორა, იტალია, მალტა, სან მარინო, ესპანეთი, პორტუგალია), სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კვიპროსი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია) და უკრაინაში ფიქსირდება. რეგიონის მასშტაბით, შობადობის ჯამური მაჩვენებელი ჩანაცვლების დონეს უტოლდება ან აღემატება მხოლოდ ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანაში, ასევე საქართველოში, ისრაელსა და მონაკოში.
  • გრძელდება გვიან ასაკში პირველი მშობიარობის ტენდენცია, პირველი მშობიარობისას ქალების საშუალო ასაკი 29.7 წლამდე გაიზარდა, მაშინ როცა 2015 წელს იგი 29.1 წელს შეადგენდა.
  • დაბადებისას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაზრდილია და კაცების შემთხვევაში შეადგენს 76.2 წელს, ხოლო ქალების შემთხვევაში - 82 წელ, მაშინ როცა 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებლები შეადგენდა 74.7-სა და 80.9 წელს, შესაბამისად.
  • მოსახლეობის დაბერების ტენდენციარძელდება, 65 წლისა და უფროსი ასაკის პირები შეადგენენ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეგიონის მთლიანი მოსახლეობის 17,6 პროცენტს და რეგიონის 56 ქვეყნიდან 24 ქვეყანაში აღნიშნული მაჩვენებელი 20 პროცენტს აღემატება.
  • რეგიონულ დონეზე, წმინდა მიგრაციის სალდო დადებითია, თუმცა იგი მკვეთრად შემცირდა 2015 წელს სირიიდან ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისით გამოწვეული პიკის შემდეგ.  
  • 2015 წლიდან მოყოლებული, ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანაში, ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების უმეტეს ქვეყნებში და ბულგარეთში, საბერძნეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, თურქეთსა და უკრაინაში წმინდა მიგრაციის უარყოფითი სალდო ფიქსირდება, მაშინ როცა იგივე პერიოდში, რეგიონის სხვა ქვეყნებში, წმინდა მიგრაციის დადებითი სალდო დაფიქსირდა, მათ შორის მიგრანტების ყველაზე დიდი შემოდინება დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთის ფედერაციასა და გერმანიაში.
  • კვიპროსში, ირლანდიაში, ლუქსემბურგში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში მიგრაციით გამოწვეული მოსახლეობის ზრდა 20-დან 40 პროცენტამდე გაიზარდა, 2000 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში.
  • რეგიონში დედათა სიკვდილიანობა შემცირდა საშუალოდ 22-დან 12 შემთხვევამდე, ყოველ 100 000 ცოცხალშობილზე, 2000 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში. 2015 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში ამ მიმართულებით პროგრესი შენელდა და რეგიონის 52 ქვეყნიდან 18 ქვეყანაში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა.
  • მოზარდებს შორის შობადობის მაჩვენებელი 2000 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში შემცირდა, 15-დან 19 წლამდე ასაკის ყოველ 1 000 ქალზე საშუალოდ 20,3 შემთხვევიდან 12,6 შემთხვევამდე.
  • კონტრაცეფციის საშუალებების (ნებისმიერი მეთოდი) მოხმარება, რეგიონში მცხოვრები 15-49 წლის დაქორწინებულ ან პარტნიორთან კავშირში მყოფ ქალებს შორის, 2000 წლის შემდეგ უმნიშვნელოდ შეიცვალა, და 69,6 პროცენტიდან 70,6 პროცენტამდე გაიზარდა.
  • ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებით სარგებლობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია, რეგიონულ თუ გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, და სამი ქალიდან ერთის შემთხვევაში ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდით სარგებლობის საჭიროება დაუკმაყოფილებელი რჩება.
  • ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველი განათლება ჯერ არ არის ფართოდ დანერგილი. 2022 წელს მხოლოდ 28 ქვეყანამ განაცხადა, რომ დანერგა პოლიტიკა, რომელიც სავალდებულოს ხდის ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველი განათლების სასწავლო გეგმებსა ან პოლიტიკაში ჩართვას (2019 წელს მსგავსი პოლიტიკა მხოლოდ 19 ქვეყანას ჰქონდა დანერგილი). 
  • 2022 წელს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 160 000 ადამიანი დაინფიცირდა აივ-ით, რაც 49 პროცენტით აღემატება 2010 წლის მაჩვენებელს და,ღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შეადგინა.
  • აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, საშვილოსნოს ყელის კიბო რეპროდუქციული ასაკის ქალებში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის რიგით მეორე ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს, რადგან ქალების ძალიან დაბალი პროცენტია ვაქცინირებული საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ და ასევე ძალიან მცირე პროცენტი იტარებს ტესტირებას საშვილოსნოს ყელის კობოს რისკის გამოსავლენად, ვიდრე დასავლეთ ევროპაში.
  • გენდერული ნიშნით ძალადობა კვლავ პრობლემად რჩება რეგიონში; რეგიონის ქვეყნების ნახევარში, სადაც ამ მიმართულებით მონაცემების შეგროვება წარმოებს, დროთა განმავლობაში გაიზარდა იმ პირთა წილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კაცის მიერ ცოლის ცემა გამართლებულია.
  • 2020 წელს, გენდერული ნიშნით არსებული სხვაობა შრომის ანაზღაურებაში შემცირდა 2015 წელს დაფიქსირებული 18 პროცენტიდან 14 პროცენტამდე, თუმცა ქალებ კვლავ კაცებზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ თანაბარი სამუშაოსთვის, და, გარდა ამისა, სწორედ ქალები ასრულებენ აუნაზღაურებელი სამუშაოს უდიდეს ნაწილს, რომელიც ოჯახის წევრებზე ზრუნვასა და საოჯახო საქმეებს მოიცავს.