ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წინამდებარე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროსაბჭოს ოფისი საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ხორვატიის საელჩოები საქართველოში.
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, მხარს ვუჭერთ და სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ქალებსა და გოგოებს, რომლებმაც ძალადობა იწვნიეს. ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და ამის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარღვევაა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.
გასული წლების მანძილზე, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად. მათ შორისაა, ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, გენდერული კვოტირების შემოღება, ამ კანონების აღსრულების უზრუნველმყოფელი ინსტიტუტების გაძლიერება, სხვადასხვა დისკრიმინაციული სოციალური სტერეოტიპის დაძლევა, ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალიზებული სერვისების მიწოდება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
მიუხედავად ამ ძალისხმევისა, საზოგადოებაში გავრცელებული სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის, ქალთა შეზღუდული პოლიტიკური მონაწილეობის, გამყარებული დისკრიმინაციული სოციალური ნორმების, სტიგმისა და სტერეოტიპების გამო, ქართველი ქალები და გოგოები კვლავ განიცდიან ძალადობას როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საქართველოში გრძელდება სექსუალური ძალადობა, რასაც სხვა მიზეზებს შორის, საზოგადოებრივი დამოკიდებულების არასაკმარისი ცვლილებაც განაპირობებს. მოსახლეობის თითქმის მესამედი თვლის, რომ გაუპატიურების მსხვერპლი ქალები თავად ახდენენ თავდასხმის პროვოცირებას. ასეთი დამოკიდებულების გამო, ბევრი ქალი დანაშაულის შეტყობინებას ერიდება და დახმარებას არ ითხოვს. სექსუალური ძალადობის შეტყობინების მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია.
ძალადობის განსაკუთრებით მაღალი რისკის წინაშე დგანან ქალები და გოგოები მოწყვლადი სოციალური ჯგუფებიდან, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. ამ მხრივ, მდგომარეობას ამწვავებს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისი.
ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში და მათი გავლენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე კვლავაც დაბალია. ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა შედარებით გაიზარდა 2020 და 2021 საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შედეგად, თუმცა საქართველოს პოლიტიკაში კვლავ კაცები დომინირებენ.
ყველა დონის სახელმწიფო უწყებამ აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვასა და ქალთა ეკონომიკურ და პოლიტიკურ მონაწილეობასა და გაძლიერებას, რაც გენდერული ძალადობის პრევენციის წინაპირობას წარმოადგენს. საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას სტამბოლის კონვენციის შესასრულებლად (გაუპატიურების სამართლებრივი დეფინიციის ჩათვლით). ეს ასევე წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც ქვეყანამ 2021 წელს გლობალური მოძრაობის „თანასწორობის თაობის“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქმედო კოალიციის ფარგლებში აიღო.
პოლიციისა და სასამართლო ინსტიტუტების მხრიდან მაღალი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემთხვევების ეფექტურ გამოძიებასა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. აუცილებელია პრევენციული სტრატეგიების გააქტიურება ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ძირეული მიზეზების აღმოსაფხვრელად, მათ შორის ისეთი ქმედებების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფს კაცებისა და ბიჭების ჩართულობას მავნე სტერეოტიპებთან ბრძოლაში.
ყოველმა ჩვენთაგანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქალთა მიმართ ძალადობის დასრულებაში და ისეთი მომავლის მშენებლობაში, რომელშიც ყველას ექნება წარმატების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის რეალური შესაძლებლობა.
მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა პარტნიორებს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეში.