Go Back Go Back
Go Back Go Back

დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების კონკრეტული გზები: ინტერვიუ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორთან ფლორენს ბაუერთან

დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების კონკრეტული გზები: ინტერვიუ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორთან ფლორენს ბაუერთან

News

დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების კონკრეტული გზები: ინტერვიუ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორთან ფლორენს ბაუერთან

calendar_today 11 July 2024

Florence Bauer - the Regional Director for Eastern Europe and Central Asia of UNFPA is standing in front of orange background
ფოტო: UNFPA

აღმოსავლეთ ევროპა ხშირად მოიხსენიება როგორც რეგიონი, რომელიც დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას. ეს სიმართლეა?

ფლორენს ბაუერი: აღმოსავლეთ ევროპაში დაფიქსირებული ტენდენციები, როგორიცაა შობადობის დაბალი მაჩვენებლები და მოსახლეობის დაბერება, უცხო არ არის ევროპის დანარჩენი ნაწილისთვისაც. თუმცა ამ ტენდენციებს, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ემიგრაცია აღრმავებს. შობადობის შემცირებამ, მიგრაციის უარყოფით სალდოსთან კომბინაციაში - როდესაც გაცილებით მეტი ადამიანი ტოვებს რეგიონის ქვეყნებს, ვიდრე შემოდის - მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება და მოსახლეობის დაბერების ტემპის ზრდა გამოიწვია. აღნიშნული მთელ რიგ გამოწვევებს უკავშირდება, მაგალითად, სოციალური დაცვის სისტემებთან დაკავშირებით. მაგრამ არ არსებობს სასოწარკვეთის საფუძველი: ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ მთავრობებს, უარყოფითი შედეგების შესამცირებლად და იმ შესაძლებლობების სრულად გამოყენების მიზნით, რომლებიც თან ახლავს მიმდინარე დემოგრაფიულ ცვლილებას.      

 

უნდა გაკეთდეს თუ არა აქცენტი შობადობის მაჩვენებლების ზრდაზე?

ფლორენს ბაუერი: რეგიონის მასშტაბით, დემოგრაფიული ცვლილების შესახებ მიმდინარე საჯარო დისკურსის ძირითად საკითხს შობადობის დაბალი მაჩვენებელი და იმაზე ზრუნვა წარმოადგენს, თუ როგორ აიძულონ ქალები, გააჩინონ მეტი შვილი. ამგვარ მიდგომას შეიძლება მოჰყვეს ქალების დადანაშაულება, მათზე ზეწოლის ზრდა და იმ ძირითადი ფაქტორების უგულებელყოფა, რომლებიც ხელს უშლის ოჯახის შექმნას და ახალისებს მიგრაციას, როგორიცაა არასათანადო განათლება, საცხოვრებლებზე გაზრდილი ფასები, არასტაბილური სამუშაო ადგილები, პოლიტიკური არასტაბილურობა და კორუფცია. სწორედ ამიტომ, შობადობის მაჩვენებლებზე ფოკუსირება შეიძლება კონტრპროდუქტიული და პოტენციურად საზიანო აღმოჩნდეს: ეს საფრთხეს უქმნის დემოგრაფიული გამოწვევების რეალურ გადაჭრასა და, გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული უფლებებისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით ათწლეულების განმავლობაში გაღებული ძალისხმევის შედეგად მიღწეულ მნიშვნელოვან წინსვლას, რაც, პოტენციურად, უარყოფითად აისახება ქვეყნების სტაბილურობასა და განვითარებაზე.      

 
ნიშნავს ეს იმას, რომ შობადობის დაბალ მაჩვენებლებთან გამკლავების მცდელობა ამაოა?

ფლორენს ბაუერი: რა თქმა უნდა არა. რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ადამიანებს იმაზე მეტი შვილი სურთ ჰყავდეთ, ვიდრე ჰყავთ. ეს სხვაობა - შვილების სასურველ რაოდენობასა და ოჯახის რეალურ ზომას შორის - არის ის, რის აღმოფხვრისკენაც მთავრობებმა საკუთარი ძალისხმევა უნდა მიმართონ. მათ შეუძლიათ ოჯახის პოლიტიკა უფრო ხელმისაწვდომი გახადონ, გააძლიერონ ბავშვებზე ზრუნვა, გენდერულად პასუხისმგებლური პოლიტიკის ფარგლებში, აღმოფხვრან დისკრიმინაციული გენდერული ნორმები, შეამსუბუქონ მრავალი ტვირთი, რომელიც თან სდევს დედობას, შეცვალონ სამუშაო ადგილზე დამკვიდრებული კულტურა, გააძლიერონ ზრუნვის ეკონომიკა და უზრუნველყონ აუნაზღაურებელი ზრუნვის პასუხისმგებლობის თანაბარი გადანაწილება. ამ მიმართულებებით განხორციელებული ინვესტიციები შეიძლება არ იყოს შობადობის მაჩვენებლის ზრდის გარანტია, მაგრამ ისინი სარგებელს მოუტანს ინდივიდუალურ პირებს და საზოგადოებას მრავალი გზით, და უნდა განხორციელდეს შობადობაზე მათი გავლენის მიუხედავად. საბოლოო ჯამში, შვილების გაჩენის გადაწყვეტილება ინდივიდუალური პირების პრეპოგატივაა და მთავრობებმა უნდა იზრუნონ მათი არჩევანის მხარდაჭერაზე და არა მის მართვაზე.

როგორ ზემოქმედებს ქალთა გაძლიერება დემოგრაფიულ მდგრადობაზე?

ფლორენს ბაუერი: გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაში ინვესტიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დემოგრაფიული ცვლილების მართვაში. შვილების გაჩენასთან დაკავშირებული ყველაზე მძიმე ტვირთი ჯერ კიდევ ქალების მხრებზეა. ისინი ხშირად არიან პირველადი, ან სულაც, ერთადერთი მზრუნველები. შედეგად, ბევრი დედა წყვეტს განათლებას ან თავს ანებებს სამუშაოს. თუ ისინი ახერხებენ სამუშაოს შენარჩუნებას, მათი შემოსავალი მცირდება, ისინი აღარ ზრუნავენ კარიერულ წინსვლაზე, ასრულებენ დაბალანაზღაურებად სამუშაოებს და სამუშაო ადგილზე სტიგმისა და დისკრიმინაციის ობიექტები ხდებიან. აღნიშნული „დედობის ტვირთის“ შემსუბუქება და ზრუნვის როლების უფრო თანაბრად გადანაწილება ქალებსა და მამაკაცებს შორის საფუძველს ჩაუყრის მომავალში ისეთი საზოგადოებების შექმნას, სადაც ბავშვების გაჩენა არ იქნება „ტვირთი“, არამედ შეფასდება, როგორც საზოგადოების მდგრად მომავალში შეტანილი წვლილი. ეს საშუალებას მისცემს მეტ ქალს გააჩინოს იმდენი ბავშვი, რამდენი შვილის ყოლის სურვილიც აქვთ და შეუერთდნენ სამუშაო ძალას, რაც ხელს უწყობს მშპ-ის ზრდას და მოსახლეობის დაბერებისა და მოსახლეობის რაოდენობრივი შემცირების შედეგების შერბილებას.

ეფექტურია თუ არა შობადობის ზრდის ფინანსური წახალისება?

ფლორენს ბაუერი: მტკიცებულებები, რომლებიც ხელთ გვაქვს, საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ფინანსური წახალისება, როგორიცაა მხოლოდ საგადასახადო ან ფულადი შეღავათები, ძირითადად არაეფექტურია. მათ შეიძლება მოჰყვეს შობადობის მაჩვენებლების მოკლევადიანი რყევები, მაგრამ, როგორც წესი, არ იწვევს ერთი ქალის მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჩენილი ბავშვების რაოდენობის ზრდას. ფინანსურ წახალისებას ასევე შეიძლება ძვირადღირებული შედეგებიც ახლდეს, რადგან მათ შეიძლება მოჰყვეს ქალების გაძევება სამუშაო ძალიდან და სიღარიბის გახანგრძლივება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობებმა ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიონ ოჯახებს. თუმცა ეს მოტივირებული უნდა იყოს ხალხის მხარდაჭერით, რათა მათ ჰყავდეთ ბავშვების ის რაოდენობა, რაც მათ სურთ, და ეს უნდა მოხდეს ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული უარყოფითი სოციალური შედეგები.  

ოჯახის დაგეგმვის მომსახურებაზე წვდომა კიდევ უფრო ამცირებს შობადობას?

ფლორენს ბაუერი: ეს არის გავრცელებული მცდარი წარმოდგენა. ევროპაში არ არსებობს პირდაპირი კავშირი კონტრაცეპტივების გამოყენებასა და შობადობის მაჩვენებელს შორის. საქართველოში, მაგალითად, შობადობის მაჩვენებლის ზრდა დაფიქსირდა კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების გამოყენების ზრდის პარალელურად. საფრანგეთში ოჯახის დაგეგმვა საშუალებას აძლევს ქალებს, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი თავიანთი სხეულისა და ცხოვრების შესახებ. მათ შეუძლიათ დაგეგმონ ორსულობა და ორსულობებს შორის პერიოდი, და თავიანთი რეპროდუქციული მიზნები საგანმანათლებლო, კარიერულ და სხვა ცხოვრებისეულ მისწრაფებებს შეუთავსონ. ეს სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ქალებს, არამედ მთლიანად საზოგადოებებს, განსაკუთრებით თუ ისინი დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების პროცესში იმყოფებიან. 

რაც შეეხება მოსახლეობის დაბერებას, რეალურ საფრთხეს წარმოადგენს იგი?

ფლორენს ბაუერი: მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დაბერება რიგ გამოწვევებს ქმნის, როგორიცაა მაგალითად, ზეწოლა საპენსიო სისტემებზე, იგი თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს. სათანადო დაგეგმვისა და ჯანსაღი დაბერების მხარდაჭერით, ხანდაზმულ ადამიანებს შეუძლიათ გააგრძელონ თავიანთი წვლილის შეტანა საზოგადოების კეთილდღეობასა და ეკონომიკაში. ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ისეთი საზოგადოების შენებისკენ, რომელიც ყველა ასაკის ადამიანების საჭიროებებზე იქნება მორგებული - ასაკობრივი სტიგმისა და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი საზოგადოებების შენებისკენ. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ხანდაზმული ქალების მდგომარეობას, რომლებიც ხშირად ებრძვიან მარტოობასა და სიღარიბეს, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე განცდილი დისკრიმინაციისა და გარიყულობის კუმულაციას წარმოადგენს. 

რა როლს თამაშობს ადამიანური კაპიტალი დემოგრაფიული ცვლილებების მოგვარებაში? 

ფლორენს ბაუერი: ადამიანური კაპიტალი არის ტერმინი, რომელსაც ვიყენებთ მოსახლეობის ჯანმრთელობის, ცოდნისა და უნარების აღსაწერად. ძლიერი ადამიანური კაპიტალის მქონე საზოგადოებები, როგორც წესი, უფრო პროდუქტიულები და ინოვაციურები არიან და უადვილდებათ დემოგრაფიულ ცვლილებასთან ადაპტაცია. მაგალითად, როდესაც ხანდაზმული ადამიანები არიან ჯანმრთელები და განათლებულები, ისინი აგრძელებენ აქტიურ მონაწილეობას ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თავიანთი უნარებისა და გამოცდილების შესაბამისი წვლილი შეაქვთ საზოგადოების კეთილდღეობაში და ნაკლებად არიან დამოკიდებული სოციალურ დახმარებებზე. ანალოგურად, თუ ახალგაზრდა ქალები ფლობენ კონტროლს თავიანთ სხეულსა და ნაყოფიერებაზე, ისინი იღებენ განათლებას, შოულობენ კარგ სამუშაოს და არიან ფინანსურად დამოუკიდებლები. შესაბამისად, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიცია დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზაა.

როგორ შეუძლიათ ქვეყნებს უზრუნველყონ თავიანთი მდგრადობა დემოგრაფიული ცვლილების მიმართ?

ფლორენს ბაუერი: საბოლოო ჯამში, დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს. თუ ახალგაზრდებს აქვთ წვდომა ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე, თუ ისინი სტაბილურ სამუშაოზე არიან დასაქმებული და იღებენ დახმარებას საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ემიგრაციაში წასვლის სურვილი გაუჩნდეთ და, გარდა ამისა, უფრო მეტი შვილის გაჩენის გადაწყვეტილებას იღებენ. მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მაგრამ რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანია ინდივიდის შესაძლებლობები, უნარები და ნიჭი, ისევე როგორც მათი ჯანმრთელობა და პროდუქტიულობა. სწორედ ამიტომაა, რომ ქვეყნებს, რომლებიც ზრუნავენ და იყენებენ თავიანთი მოსახლეობის ადამიანურ კაპიტალს და იზიდავენ ნიჭიერ პირებს სხვა ქვეყნებიდან, აქვთ უნარი აყვავდნენ და დარჩნენ კონკურენტუნარიანი მაშინაც კი, როდესაც შობადობის მაჩვენებელი მცირდება და მოსახლეობის დაბერების მაჩვებელი კი იზრდება.  

ფლორენს ბაუერი არის გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მხარს უჭერს რეგიონის ქვეყნებს დემოგრაფიული ცვლილებების მიმართ მათი მდგრადობის უზრუნველყოფაში.