თქვენ აქ ხართ

კამპანიით, რომელიც ქალთა ისტორიის თვეს ეძღვნება, გვსურს, გიამბოთ იმ დედების შესახებ, რომლებსაც გოგოები ჰყავთ და რომლებსაც სჯერათ, რომ ქალებისთვის არაფერია შეუძლებელი.

ნანუკა გელაშვილი სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების წარმომადგენელია, რომელიც დედასთან, მარინა მოდებაძესთან და შვილთან, ქეთი ჯაფარიძესთან ერთად ქალთა საჭიროებებზე მუშაობს და მათ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებაში ეხმარება. 

როგორც ნანუკა ამბობს, მის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში დედას აქვს ყველაზე მთავარი როლი:

ის რომ არა, ალბათ მე სხვაგან ვიქნებოდი, სხვა ადამიანი და ვერ ვიქნებოდი ის, რაც ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ უსიტყვოდ მესმის, რა უნდა და მასაც უსიტყვოდ ესმის ჩემი. რაც შეეხება ქეთის და ჩემს დედობას, მე ვფიქრობ, რომ ჩემი მიზანი, როცა დედა გავხდი, ის იყო, რომ ვყოფილიყავი მისთვის საუკეთესო მეგობარი და მხარდამჭერი. მან იცის, რაც უნდა და როგორც უნდა მე ვიქნები მისი ფარი. ჩვენ ძალიან ვმეგობრობთ. რა თქმა უნდა, რაღაცები არ მოგვწონს, ვკამათობთ, ვმსჯელობთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ვართ საუკეთესო მეგობრები.“

ნანუკა ურჩევს დედებს, რომ მოუსმინონ შვილებს, რადგან „ჩვენ რომ მოვუსმენთ ჩვენს შვილებს, ისინიც უფრო თავისუფლები ხდებიან და სიმძიმე ეხსნებათ როცა დედას უყვება პრობლემას, რომელიც შეიძლება შენ პატარა გგონია, მაგრამ მათთვის არის დიდი. [ყველას ვურჩევ] მოვუსმინოთ შვილებს და ბევრი დრო ვატაროთ მათთან.” 

ნანუკა გელაშვილი შვილთან, ქეთი ჯაფარიძესთან და დედასთან, მარინა მოდებაძესთან ერთად
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ლიზა ზუბაშვილი, დედის, ლაურა კუტუბიძის მსგავსად, ჟურნალისტია. ლიზა, რომელსაც სამი უმცროსი და ჰყავს, საუბრობს თუ როგორი და და დედაა თავად.

ვერც ერთი წუთი დების გარეშე ვერ წარმომიდგენია. არ ვიცი, ესენი რომ არ მყავდნენ ვიქნებოდი თუ არა ისეთი, როგორიც ვარ და ასე სრულყოფილად და ძლიერად ვიგრძნობდი თუ არა თავს, როგორც ვგრძნობ. გვიან გაგვაჩინა დედამ, ამიტომ ყველაფერს ვყვებოდით [მშობლებთან], მაგრამ ეს არ იყო მეგობრული მოყოლა, შენიშვნებს გვაძლევდნენ, ყოველთვის მაღალ მორალურ საფეხურზე უნდა მდგარიყავი,”ამბობს ლიზა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ თავად სხვანაირი დედაა: შეუძლია სანდრასთვის მთა გადადგას, მაგრამ ეს დედა-შვილური დამოკიდებულება კი არაა, უფრო დასავით განიხილავს:

თითქოს ეს არის ჩვენი მეხუთე და და ვცდილობ, რომ რაც ჩვენ მოგვაკლდა მეგობრული ურთიერთობები, მე და სანდრას გვქონდეს. [სამაგიეროდ დედაჩემი] იდეალური ბებო აღმოჩნდა. რასაც ამბობენ რომ ბებიები სხვანაირი ხდებიანო, ზუსტად ასე არის. სულ სხვა ურთიერთობა აქვთ [მას და სანდრას].“ 

როგორც თავად ამბობს, არასდროს ცდილობს შეცვალოს სანდრა ან მისი გემოვნება. პირიქით, ცდილობს, ყოველთვის მისი მოქმედების არეალში იყოს, რადგან მიაჩნია, რომ „ყოველთვის უნდა მიიღო ადამიანი ისეთი, როგორიც არის და მის სამყაროს პატივი სცე.“ 

ლიზა ზუბაშვილი შვილთან, სანდრასთან ერთად
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ჟურნალისტი და დილის შოუს წამყვანი სალომე არშბა თავის შვილთან თინა მიქიაშვილთან ერთად საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ დედებსა და შვილებს საუკეთესო მეგობრები გახდნენ.

რაც გავიგე რომ ორსულად ვარ და რაც თინა გაჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ მართლა მთელი ცხოვრება თავდაყირა დადგა და ჩემი ცხოვრების მთავარი არსი და მიზანი - თინა - არის სულ ჩემთან ერთად და მეც ვცდილობ, რომ მაქსიმალური დრო გავატარო მასთან. ძალიან ბევრს ვფიქრობ როგორი მინდა თინა იყოს როცა გაიზრდება და მე რაში უნდა შევუწყო ხელი,” ამბობს სალომე. 

მისი თქმით, თინას აქვს ძალიან ბევრი თვისება, რომელიც მას აღაფრთოვანებს, მაგრამ ემპათიის, თანაგრძნობის საოცარ უნარს განსაკუთრებით გამოარCევს და ძალიან უნდა, რომ წლების მერე ეს თვისება არ დაიკარგოს. 

თინა არის ახლა 9 წლის და გვაქვს ძალიან საინტერესო პერიოდი, როდესაც ის დამოუკიდებლად სწავლობს, თუ როგორ გაუმკლავდეს იმ სირთულეებს, რაც გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მეც მინდა იმის სწავლა, თუ როგორ ვმართო ეს პროცესი. არ არის მარტივი, მაგრამ შესაძლებელია,“ ამბობს სალომე.

მას ასევე უნდა, რომ თინას დამოუკიდებლობის მომენტი ჰქონდეს, თვითონ შეძლოს წინააღმდეგობების გადალახვა, პრობლემების მოგვარება. თუმცა, ამავდროულად, სულ იცოდეს, რომ რაც არ უნდა დასჭირდეს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, დედა მის გვერდითაა და მზად არის დაეხმაროს. ასევე უნდა, რომ თინა იყოს შინაგანად თავისუფალი, ჩარჩოებისგან, სტერეოტიპებისგან, სტიგმისგან და თავადაც ცდილობს ასეთი თავისუფალი გარემო შეუქმნას: 

ძალიან დიდ პატივს ვცემ თინას არჩევანს და ვფიქრობ, რომ არჩევანის თავისუფლებას ვაძლევ. თინას აქვს ძალიან ბევრი ინტერესი და ჯერჯერობიც დრო აქვს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს სამომავლოდ რა მიმართულებას აირჩევს. მაგრამ ეს იქნება ჩემგან დამოუკიდებელი არჩევანი და ჩემგან სრული თავისუფლება ექნება.“ 

ის ასევე აღნიშნავს, რომ დედა-შვილი ყველაფერს უყვებიან ერთმანეთს და არაფერს უმალავენ.

ხომ ამბობენ ხშირად, რომ გარდატეხის ასაკში, რთულ პერიოდში, მშობელი კარგავს კავშირს შვილთან, ამიტომ მგონია, რომ ლაპარაკი - რაც იწყება სულ პატარაობიდან - ერთგვარად შეიძლება იყოს იმის გარანტია, რომ ეს ჯაჭი თუ ძაფი დედასა და შვილს შორის არ გაწყდეს,“ აღნიშნავს ის.

სალომე არშბა შვილთან, თინა მიქიაშვილთან ერთად
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

გურანდა ფაჩულია იტალიური და პორტუგალიური ენების სპეციალისტი, თარჯიმანი და მთარგმნელია, რომელიც ბოლო 10 წელია, საქართველოში ბრაზილიის საელჩოში მუშაობს.

როგორც თავად ამბობს, არ ვცდილობს იყოს იდეალური დედა და არც მსგავს შეფასებებს ელის. 

ჩემთვის დედობა მოულოდნელი და დაუგეგმავი იყო, მაგრამ ასე ბუნებრივად არცერთი როლი არ გამითავისებია ცხოვრებაში. ჩემს თავისუფალ დროს უმეტესწილად ბაიას ვუთმობ. ის ახლა ნომერი ერთია ჩემს ცხოვრებაში და გარდა იმისა, რომ ამას ბუნებრივად ვაკეთებ, ვთვლი კიდევაც, რომ გარკვეულ ასაკამდე ბავშვები მშობლების პრიორიტეტი უნდა იყვნენ. უპირობოდ! მე ბედნიერი დედა ვარ!" ამბობს გურანდა. 

მას სჯერა, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვებს ცხოვრების, ადამიანების, ცხოველების, ბუნების სიყვარული გავუზიაროთ, რადგან „ისინი ამას ჩვენში გრძნობენ და ჩვენგან იღებენ“ და სწორედ ასე სწავლობენ. 

სიყვარული დასწავლადია, კი.  შეიძლება, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ასეა და ადვილი არ არის. ასევე მნიშვნელოვანია, არ მოვთხოვოთ მათ, იყვნენ იდეალურები. თავისუფლება და მიმღებლობა ბედნიერების გასაღები მგონია. უპირველესად, საკუთარი თავის მიმართ, და როდესაც ბავშვმა ეს იცის, სხვასაც ადვილად იღებს. სხვაში მთელ სამყაროს მოვიაზრებ, ხშირად ჩვენნაირს და შეიძლება, უფრო ხშირადაც, განსხვავებულს,“ აღნიშნავს ის.

გურანდა, როგორც სპეციალური საჭიროების მქონე შვილის დედა, ყველა დედას შვილების ჯანმრთელობას, ბავშვებს კი - ბედნიერ მშობლებს და კარგ განათლებას უსურვებს: 

ყველა დედას ვუსურვებდი, შვილების მამები გვერდით ჰყოლოდეთ. ოღონდ გააზრებულად მამები, ნამდვილები და მზრუნველები და არა ფორმალურად. მე მარტოხელა დედა ვარ და დღეს ჩემი გადასახედიდან ამის თქმა შემიძლია. არაფერია ტრაგიკული იმაში, თუ ვინმე მარტოხელა მშობლობას აირჩევს, მაგრამ ბავშვები ბევრ კითხვას სვამენ და ამისთვის მზად უნდა იყოთ.“

გურანდა ფაჩულია შვილთან, ბაიასთან ერთად
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA