გოგოები იბადებიან ძალაუფლებით. ყველა გოგოს აქვს შესაძლებლობები, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება და საშუალებას აძლევს მათ შექმნან საკუთარი მომავალი და, ამასთავანე ჩვენი მსოფლიოს მომავლიც.
ამის მაგალითებს ყველგან ვხვდებით, იმ გოგოებს შორის, რომლებიც სათავეში უდგანან მოძრაობებს ეკოლოგიური სამართლიანობის, განათლების საყოველთაობის და სხვა მოთხოვნებით; ყველგან და ყველა სფეროში ვხვდებით სრულად რეალიზებული და საოცარი ქალების მიერ დატოვებულ იმ მკაფიო ნაკვალევს, რომლებმაც ჩვენი ცხოვრების სიკეთისკენ შეცვლა უზრუნველყო, დაწყებული კანონმდებლობით და ვაქცინებით, რომლებიც სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება, დამთავრებული ტექნოლოგიური ინოვაციებით.
მაგრამ მსოფლიოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია იმ გოგოების რიცხვი, რომელთა თანდაყოლილი ძალაუფლებაც არარეალიზებულია, რომელთა უფლებებიც - უგულებელყოფილი, რომელთაც ჩამორთმეული აქვთ არჩევანის უფლება და განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა. შედეგად, ჩვენ ყველა ვზარალდებით, ვკარგავთ რა იმას, რისი მოცემაც ამ გოგოებს შეეძლოთ, რისი მოტანაც მსოფლიოსთვის შეეძლო მათ ხედვას, შემოქმედებითობასა და სწრაფვას.
დღეს, როდესაც ჩვენ გოგოების საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ, განსაკუთრებით ვუსვამთ ხაზს ციფრული თაობის წარმომადგენელ იმ გოგოების ღვაწლს, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ცდილობენ უზრუნველყონ უკეთესი მომავალი ყველასთვის. თუმცა, ამავდროულად, ჩვენი ყურადღების მიღმა არ უნდა აღმოჩდნენ ის გოგოები, რომლებიც გარიყულები არიან გენდერული დისკრიმინაციის გამო, რომელიც სისტემატურად ზღუდავს მათ და მათ შესაძლებლობებს, როგორც ცხოვრების მოცემულ ეტაპზე, ასევე მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. ეს უთანასწორობა ვრცელდება ინტერნეტზეც, რომელსაც გოგოები ჯერ კიდევ ნაკლებად იყენებენ ვიდრე ბიჭები - ზოგიერთ ქვეყანაში გოგოების მიერ ინტერნეტით სარგებლობის მაჩვენებელი ოთხჯერ ჩამოუვარდება ბიჭების მიერ ინტერნეტით სარგებლობის მაჩვენებელს. აღნიშნული ციფრული უთანასწორობა კიდევ უფრო აღრმავებს გენდერულ უთანასწორობას.
ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ ცხადყო, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაიზარდოს უთანასწორობა: სკოლების დახურვის შედეგად, გოგოები, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, განათლების მიღებისა და ჯანდაცვის საკითხებზე ინფორმირების შესაძლებლობების გარეშე და ზრუნვის მიღმა აღმოჩნდნენ. ბევრ ქვეყანაში, გოგოებს, რომლებსაც განათლების შესაძლებლობა შეეზღუდათ, ემუქრებათ მათი ნების საწინააღმდეგოდ ქორწინება. მრავალი უფლების რეალიზება სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომაზე, რომელიც ეხმარება გოგოებს მოიპოვონ ინფორმაცია, ურთიერთობა დაამყარონ მათ თანატოლებთან, წამოიწყონ ან ჩაერთონ სოციალურ მოძრაობაში, გამოიკვლიონ საკუთარი იდენტობა, აკონტროლონ მენსტრუალური ციკლი და დახმარება მოიძიონ და მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდებიან.
ამგვარი წვდომის გარეშე, გოგოები უდიდეს წინააღმდეგობებს აწყდებიან სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისა და სხეულის ავტონომიის დაცვის მიმართულებით. ლტოლვილთა ბანაკებში ან ღარიბ თემებში მცხოვრებ გოგოებს არ აქვთ შესაძლებლობა და არჩევანი მიმართონ ახლომდებარე სამედიცინო ცენტრებს, რომლებიც მათ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მომსახურებას გაუწევს, მათ საჭიროებებზე სათანადო რეაგირებას მოახდენს და გაგებით მოეკიდება მათ წინაშე მდგარ პრობლემებს. სირცხვილისა ან უხერხულობის განცდა, რომელიც თან ახლავს სქესობრივი კავშირებისა ან გენდერული იდენტობის შესახებ კითხვების დასმას, უფრო ადვილად დაიძლევა ონლაინსივრცეში, სადაც ანონიმურობის შენარჩუნება შესაძლებელია.
ციფრულ ტექნოლოგიებს, რა თქმა უნდა, თავისი უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. გოგოები, რომლებსაც ამ ტექნოლოგიებზე წვდომა აქვთ, კიბერძალადობის სხვადასხვა ფორმის მზარდი საფრთხის წინაშე დგანან. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოებს არასაკმარისი წვდომა აქვთ ციფრულ ტექნოლოგიებზე და ენობრივი ბარიერის საკითხიც საკმაოდ მწვავედ დგას, რაც ასევე ასახავს გენდერული უთანასწორობის მავნე ზემოქმედებას.
არ უნდა დავუშვათ შემწყნარებლური დამოკიდებულება ისეთი ციფრული მსოფლიოს მიმართ, რომელიც აღრმავებს უთანასწორობას. ნაცვლად ამისა, მოდით გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტები გოგოებისთვის გენდერული ძალაუფლებების მიმართულებით არსებული უფსკრულის ამოსავსებად. ჩვენ შეგვწევს ამის ძალა და შევძლებთ ამის გახორციელებას ისეთი პროექტების საშუალებით, როგორიცაა Mandukhai, ახალი ჩეთბოტი, რომელიც შექმნა გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) იმისათვის, რათა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია მიეწოდებინა მონღოლი მოზარდებისათვის. მოდით ეს ტექნოლოგიები გამოვიყენოთ იმისთვის, რათა დავეხმაროთ გოგოებს თავიანთი უფლებებისა და საკუთარი სხეულის ავტონომიის დაცვაში. აი მაგალითად, ინდოეთში ახალგაზრდა ქალმა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ მხარდაჭერილი მობილური სერვისის - ‘edutainment’ მიერ მოწოდებული ინფორმაციით შეძლო ეხსნა თავისი მეგობარი ადრეული ქორწინებისგან.
გოგოები მხოლოდ კი არ სარგებლობენ ამ ინსტრუმენტებით; ისინი მათ ქმნიან. მოდით, მხარში ამოვუდგეთ მათ. გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა რიგ ქვეყნებში არსებულ კერძო სექტორთან, იმ რჩევებითა და რესურსებით მათი უზრუნველყოფის მიზნით, რომლებსაც გოგოები საჭიროებენ, ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებების შემუშავებისათვის, მომავლის შესაქმნელად, რომელიც თანასწორობის პრინციპზე იქნება დამყარებული.
მოდით, ერთად ვიზრუნოთ ისეთი ციფრული სამყაროს შექმნაზე, რომელიც ხელმისაწვდომი და უსაფრთხო იქნება განურჩევლად ყველასთვის, და ისეთი მომავლის შენებაზე, რომელიც ყველა გოგოს მისცემს საკუთარი პოტენციალისა და ძალების სრული რეალიზაციის შესაძლებლობას.