გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების: GYDEA და „ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI“-ის პარტნიორობით თბილისში, თელავსა და საგარეჯოში ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები და ტრენინგები ჩატარდა, ტრენინგების განმავლობაში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია გენდერული თანასწორობის, გენდერული ნიშნით ძალადობის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, აივ/შიდსისა და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ.
„გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად, 12 აგვისტოს აღნიშნავს, რითაც ხაზს უსვამს ახალგაზრდების გადამწყვეტ როლს ოჯახების, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობის ხელშეწყობაში. 2016 წელს ახალგაზრდების საერთაშორისო დღის თემაა „გზა 2030 წლისკენ: სიღარიბის აღმოფხვრა და წარმოებისა და მოხმარების მდგრადობის უზრუნველყოფა“.
მსოფლიოში 500 მილიონზე მეტი ახალგაზრდა სიღარიბეში ცხოვრობს და მათ ხშირად ხელი არ მიუწვდებათ ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაზეც კი. აუცილებელია, ყოველი ინიციატივა და ახალი წამოწყება მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და პოტენციალის სწორად გამოყენებისკენ იყოს მიმართული. ახალგაზრდები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების განხრით, თანამედროვე მსოფლიოს მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. მათი ადამიანური კაპიტალი და პროგრესში შეტანილი წვლილი უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების განვითარებისათვის.
გასულ წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო მდგრადი განვითარების პროგრამა 2030 წლისთვის, რომელიც მოითხოვს დღევანდელი და მომავალი თაობების საჭიროებების ბალანსირებას, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას (თუმცა არა ბუნებრივი რესურსების განადგურების ხარჯზე) და მოხმარების შემცირებას კეთილდღეობისა და ღირსების ხელშეუხებლობის გზით.
გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მსოფლიოს 150-ზე ქვეყანაში თანამშრომლობს ახალგაზრდებთან და ზრუნავს მათ გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე, მათ შორის, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ოჯახის დაგეგმვაზე.
სახელმწიფოებმა უნდა აღმოფხვრან ყველა სახის დისკრიმინაცია ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოზარდი გოგონების მიმართ, რომლებიც კვლავაც არიან სექსუალური ძალადობისა და იძულებითი ქორწინებების მსხვერპლნი, რაც, საბოლოო ჯამში, რისკის ქვეშ აყენებს მათ ბედნიერ მომავალს.