Go Back Go Back
Go Back Go Back

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის განცხადება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაავშირებით

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის განცხადება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაავშირებით

Statement

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის განცხადება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაავშირებით

calendar_today 08 March 2020

8 მარტი, 2020

დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ჩვენ ვამაყობთ ქალებით, რომლებმაც გენდერული თანასწორობისაკენ მიმავალი გზა გაკაფეს. ჩვენ გვეიმედება აქტივისტების დღევანდელი თაობა, ქალები, რომლებიც თავიანთი ხედვით, უკეთეს მომავალს ქმნიან ყველა ადამიანისათვის.  

ისინი, პროგრესის შუქურები, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან, რათა წერტილი დაესვას ძალადობას, ფარდა აეხადოს უსამართლობასა და დისკრიმინაციას, მოხდეს სხეულის ავტონომიისა და მთლიანობის უზრუნველყოფა,  და დაცული იყოს თანასწორობა - შეგვახსენებენ, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევამდე დარჩენილი გზა გრძელი არ უნდა იყოს. ქალები მოითხოვენ, მათი უფლებები და არჩევანი პრიოროტეტად იქცეს სათანადო დროში და სათანადო ნაბიჯების გადადგმა არ დაგვიანდეს. მათი მოთხოვნის შესრულება სასწრაფო და აუცილებელია. 

ყოველი მესამე ქალი თავისი ცხოვრების განმავლობაში აუცილებლად გამოცდის ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას. ყოველი მეხუთე გოგონა, 18 წლამდე ასაკში ქორწინდება, ხოლო დღეს მცხოვრებ 200 მილიონამდე ქალსა და გოგონას გარკვეული ფორმით უკვე გამოუცდია ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკა. 

ზემოთ მოტანილი რიცხვები შოკისმომგვრელია, მაგრამ ეს ჩვენი უთანასწორო სამყაროს მხოლოდ ზედაპირს წარმოადგეს. ყოველწლიურად, 300 000 ქალი და გოგონა იღუპება მშობიარობის დროს; დედათა სიკვდილიანობის შემთხვევების უმეტესობა თავიდან აცილებადია. ასობით მილიონ ქალსა და გოგონას სურს არასასურველი ორსულობის არიდება, მაგრამ ოჯახის დაგეგმვის საიმედო, თანამედროვე მეთოდები მათთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია. 

სულ ერთი წუთით დაფიქრდით მათ მდგომარეობაზე - სიღარიბე, ინფორმაციის სიმწირე, უთანასწორო ურთიერთობები, ხელმისაწვდომობის  შეზღუდვა -  ეს ყველაფერი ხელს უშლის მილიონობით ქალს ფუნდამენტური უფლებების განხორციელებასა და საკუთარი სხეულისა და მომავლის შესახებ არჩევანის გაკეთებაში.

ჩვენ გვაქვს მათი ცხოვრების შეცვლის ძალაუფლება. ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ნორმალიზაციაზე უარის თქმით, ჩვენ შეგვიძლია ამ მდგომარეობას წერტილი დავუსვათ.

გაეროს მოსახლეობის ფონდი აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან, მათ შორის, ახალგაზრდა აქტივისტებთან და ადამიანებთან, რომელთაც ყოველდღიურად მოაქვთ ცვლილებები, რათა ყველა ბარიერი, ქალებსა და გოგონებს თავიანთი უფლებებისა და არჩევანის განხორციელებაში რომ უშლის ხელს, დაინგრეს. იმისთვის, რომ ავაშენოთ გენდერულად თანასწორი სამყარო, ყველა ქალი და გოგონა უნდა გაძლიერდეს და თითოეულმა მათგანმა შეძლოს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების რეალიზება. ჩვენი მიზანია 2030 წლამდე მივაღწიოთ სამ 0-ს. 

0 ოჯახის დაგეგმვის სერვისის დეფიციტი;
0 დედათა სიკვდილიანობა;
0 ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა და საზიანო პრაქტიკები, მათ შორის ადრეული ქორწინება და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება. 

ჩვენი ძალისხმევა ეფუძნება მაღალი ხარისხის მონაცემებს და მტკიცებულებებს, რათა არავინ დარჩეს განვითარების ტალღის მიღმა.  

სამი ნულის მისაღწევად აუცილებელია, გადაწყვეტილების მიმღებებმა თავიანთი პოლიტიკური და ფინანსური ძალები იმ დაპირებების შესრულებისკენ მიმართონ, რომელიც 25 წლის წინ, მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე იქნა შემუშავებული. 1994 წელს, მთავრობები შეთანხმდენენ, რომ ინდივიდების ღირსება და უფლებები, მათ შორის, რეპროდუქციული უფლებები, გლობალური განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს. სამი ნულის მისაღწევად გასული წლის ნოემბერში დამატებითი დაპირებები დაიდო ნაირობის სამიტზე ICPD 25. 

წელს, ქალთა საერთაშორისო მოძრაობა საუკუნის მეოთხედს აღნიშნავს პეკინის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში გენდერული თანასოწორობის მისაღწევად ამბიციური გეგმის დასახვიდან. 

ახლა ჩვენ ვალდებულები ვართ, აღმოვფხვრათ დარჩენილი წინაღობები, რომელიც ახშობს ქალთა ხმას, ხელს უშლის მათი არჩევანის თავისუფლებას, თანხმობას და თანასწორობას. დროა, შევასრულოთ საერთო დაპირებები და ამ გზით უზრუნველვყოთ ქალებისა და გოგონების სხეულის მთლიანობა და მათი ძალაუფლება ცხოვრების ყველა სფეროში. 

ერთად გავაგრძელოთ ჩვენამდე მოღვაწე ფემინისტების მიზნებისთვის ბრძოლა, მათთან პარტნიორობით, ვინც დღეს ფემინიზმის იდეალს წარმოადგენს. ჩვენ, ყველა, თანასწორობის თაობა ვართ. ჩვენ შეგვიძლია, ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიოთ გენდერული თანასწორობას.