Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის განცხადება მსოფლიო მოსახლეობის დღესთან დაკავშირებით

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის,  ნატალია კანემის განცხადება მსოფლიო მოსახლეობის დღესთან დაკავშირებით

News

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის განცხადება მსოფლიო მოსახლეობის დღესთან დაკავშირებით

calendar_today 11 July 2019

გსურთ გააუმჯობესოთ ქალების ცხოვრება და ქვეყნების კეთილდღეობა?
გააფართოვეთ კონტრაცეპტივების არჩევანი.

ქალის ცხოვრება. ქალის არჩევანი. ჩვენი მომავალი.

 

ქალებს აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილება  საკუთარი ორსულობის შესახებ და დაგეგმონ, თუ რამდენი შვილის ყოლა სურთ, რა ინტერვალით და როდის. 1994 წელს ეს უფლება კიდევ ერთხელ დადასტურდა  კაიროში, მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც 179 ქვეყნის მთავრობა შეთანხმდა, რომ სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა მდგრადი განვითარების საფუძველია.

კაიროში წარმოვიდგინეთ ჩვენი მომავალი, სადაც ყველა ორსულობა სასურველია, რადგან ყველა ქალი და გოგონა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი სხეულის შესახებ და თავად ირჩევს - დაორსულდეს თუ არა, როდის და ვისგან.

ჩვენ წარმოვიდგინეთ სამყარო, სადაც ქალები არ იღუპებიან მშობიარობის დროს, რადგან - განურჩევლად ადგილმდებარეობისა და სოციოეკონომიკური ან სამართლებრივი სტატუსისა - მათ ხელი მიუწვდებათ დედათა ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე.

ჩვენ წარმოვიდგინეთ ერა, სადაც ყველა ცხოვრობს უსაფრთხო გარემოში, ძალადობის გარეშე, პატივისცემითა და ღირსებით, სადაც არცერთი გოგონა არ ქორწინდება იძულდებით და არ უწევს სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის გამოცდა.

1994 წლიდან, მთავრობები, აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაერთიანდნენ სამოქმედო პროგრამის გარშემო და პირობა დადეს, რომ დაამსხვრევდნენ ბარიერებს, რომელიც  ქალებსა და გოგონებს აშორებს მათ ჯანმრთელობასთან, უფლებებთან და ძალაუფლებასთან, თავად გამოჭედონ საკუთარი მომავალი.

და მაინც, მიუხედავად იმ წარმატებისა, რომელსაც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი კაიროში დადებული პირობის შესასრულებლად. ძალიან ბევრი ადამიანი რჩება მიღმა. ბევრს ჯერ კიდევ არ აქვს შესაძლებლობა საკუთარი უფლებები განახორციელოს.

200 მილიონზე მეტ ქალსა და გოგონას ორსულობის გადავადება ან თავიდან აცილება სურს, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს. ესენი არიან ყველაზე ღარიბი ქალები და გოგონები, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ, ან მკვიდრ მოსახლეობას და გარიყულ თემებს მიეკუთვნებიან, ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც მომსახურების მიღებისას უდიდესი დაბრკოლებების წინაშე დგანან.

ახლა სწრაფად მოქმედების დროა, რათა ყველა ქალსა და გოგონას უფლებების რეალიზება უზრუნველვყოთ. კონტრაცეფციის ფართო არჩევანის არსებობის პირობებში, მათ შეეძლებათ გახდნენ თანასწორი პარტნიორები მდგრადი განვითარების მიღწევის საქმეში.

უმოქმედობის ფასი ძალიან მაღალია: მეტი დაღუპული ქალი და გოგონა, მეტი არასასურველი ორსულობა, მეტი საფრთხის შემცველი აბორტი, მეტი ორსული მოზარდი, რომელსაც სკოლაში სიარულის რცხვენია, ინდივიდებისა და საზოგადოების გამქრალი პოტენციალი.

დასაკარგი დრო არ გვაქვს. ჩვენი მომავალი ისევ ჩვენზეა დამოკიდებული.

გაეროს მოსახლეობის ფონდში (UNFPA)  ქვეყნების მთავრობებთან და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა შევქმნათ სამყარო, რომელიც 25 წლის წინ წარმოვიდგინეთ. ჩვენი ხედვა მტკიცედ ორიენტირებულია 2030 წლამდე სამი მიზნის მიღწევაზე:

ნულოვანი ოჯახის დაგეგმვის დაუკმაყოფილებელი საჭიროება;
ნულოვანი თავიდან აცილებადი დედათა სიკვდილიანობა, და
ნულოვანი გენდერული ნიშნით ძალადობა და ისეთი საზიანო პრაქტიკები, როგორიც არის ბავშვთა ქორწინება და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება.

მაღალი ხარისხის მონაცემები დაგვეხმარება ამ მიზნების მისაღწევად საჭიროებების ლოკალიზაციაში და განაპირებული ადამიანების და თემების ხილვადობის გაზრდაში.

დანიისა და კენიის მთავრობებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ 2019 წლის ნოემბერში დაგეგმილ სამიტზე საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ექნება საშუალება განაახლოს კაიროში დადებული პირობა და ქალებისა და გოგონებისთვის რეალობად აქციოს სამყარო, რომელიც ICPD სამოქმედო პროგრამის შედგენისას წარმოვიდგინეთ. გლობალური სამიტი თავს მოუყრის სახელმწიფოებს, აზრის შემქმნელებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ახალგაზრდებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს და ათასობით სხვა ადამიანს, რომლებსაც წვლილი მიუძღვით სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიღწევაში. ეს თითოეული ჩვენთაგანის ვალია.

დღეს, მსოფლიო მოსახლეობის დღეს, მე მოვუწოდებ მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებას, თემებს, და ადამიანებს ყველა სფეროდან იყვნენ თამამები და გაბედულები, გააკეთონ ის, რაც სწორია ქალებისა და გოგონებისთვის მსოფლიოს გარშემო, და რეალობად აქციონ შესაძლებლობები, რომლებიც თან ახლავს კაიროში დადებული პირობების ბოლომდე შესრულებას. წინ წავუძღვეთ სამყაროს, სადაც დაპირებები სრულდება, და სადაც რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს არის სამყარო, რომელიც გვინდა, და შეგვიძლია შევქმნათ, თუკი ნაირობიში და მის გარეთ გავერთიანდებით კონკრეტული პასუხისმგებლობებით და რესურსებით, რათა დავაგვირგვინოთ მოგზაურობა, რომელიც 25 წლის წინ დავიწყეთ.

ქალები და გოგონები ვერ დაიცდიან. ქვეყნები და თემები ვერ დაიცდიან. დრო, როცა დადებული პირობის მისაღწევად და ოჯახის დაგეგმვის უზრუნველსაყოფად უნდა ვიმოქმედოთ, ახლაა.