Go Back Go Back
Go Back Go Back

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის გოგოების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი განცხადება

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის გოგოების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი განცხადება

Statement

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის გოგოების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი განცხადება

calendar_today 11 October 2022

გოგონა სახეზე ჭორფლებით
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

დღეს, როდესაც ჩვენ უკვე მეათეჯერ აღვნიშნავთ გოგოების საერთაშორისო დღეს, უნდა დავსვათ კითხვა: ათი წლის ასაკის რამდენ გოგოს აქვს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა?

გოგოების ცხოვრება უნდა დაიწყოს ისე, როგორც ყველას ცხოვრება იწყება: სუფთა ფურცლიდან, რომელშიც იგი საკუთარ ისტორიას წერს.

ცხოვრების გზაზე, რაც უფრო მეტს ზრუნავენ მათზე, ახალისებენ და მხარს უჭერენ მათ, გოგოები მით უფრო მეტად არიან მზად აღიარონ, რომ ისინი იმსახურებენ შესაძლებლობებსა და არჩევანს, მით მეტად არიან მზად იმისთვის, რომ საკუთარი თავი ღირსეულად და დაფასებულად მიიჩნიონ, მიიღონ მონაწილეობა და საკუთარი წვლილი შეიტანონ მსოფლიოს განვითარებაში.

რადგან ეს სწორედ ის გოგოები არიან, რომლებიც გაიზრდებიან და გახდებიან ქალები, შექმნიან კანონებს და ხმას აიმაღლებენ, დაამყარებენ რეკორდებს და აღმოფხვრიან დაბრკოლებებს, ჩაუდგებიან სათავეში სხვადასხვა მოძრაობებს და ცვლილებების შემოქმედებად იქცევიან. და არ აქვს მნიშვნელობა ისინი საპროტესტო აქციებს მოაწყობენ თუ სახელმწიფოთა სათავეში მოვლენ, ისინი გოგოების მომავალ თაობებს მნიშვნელოვან გზავნილს უტოვებენ: დაიკავეთ თქვენი ადგილი! ეს თქვენი სამყაროც არის!

მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნად მოვლინების მომენტიდან, გოგოები უკვე არაპრივილიგერებულებად მიიჩნევიან,  მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოებად დაიბადნენ. მსოფლიო მასშტაბით, 15-დან 19 წლამდე ასაკის იმ გოგოების რაოდენობა, რომლებიც არც დასაქმებული არიან, არც სწავლობენ და არც რაიმე პროფესიას ეუფლებიან, თითქმის ორჯერ აღემატება ამავე ასაკის და ამავე მდგომარეობაში მყოფი ბიჭების რაოდენობას.

ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემია, კონფლიქტები და კლიმატის ცვლილება ზრდის იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც გოგოები იმყოფებიან. პანდემიის დაწყებამდე, პროგნოზის თანახმად, 100 მილიონი გოგო იყო ბავშვთა ქორწინების მსხვერპლად ქცევის რისკის ქვეშ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში; პანდემიით გამოწვეულმა სიღარიბემ და განათლების პროცესის შეფერხებამ ეს მაჩვენებელი კიდევ 10 მილიონით გაზარდა. ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში მცხოვრები გოგოებისთვის ეს რისკები კიდევ უფრო დიდია.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ დაყოვნების გარეშე და მტკიცე გადაწყვეტილებით, რათა დავასრულოთ ბავშვთა ქორწინების მავნე პრაქტიკა; და ამისთვის საჭიროა დავძლიოთ მისი ძირეული გამომწვევი მიზეზი: გენდერულ უთანასწორობა. თუ ყველა გოგო მიიღებს საშუალო სასკოლო განათლებას, ბავშვთა ქორწინება 66 პროცენტით შემცირდება. ხარისხიან განათლებაში ინვესტიციებით, ქალებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნითა და მავნე და საზიანო გენდერული ნორმებისა და სტერეოტიპების დაძლევით, ჩვენ შევძლებთ გოგოები უზრუნველვყოთ იმ მომავლით, რომელსაც ისინი იმსახურებენ.

ჩვენ ამ მიმართულებით წინ მივიწევთ და რამდენიმე გამამხნევებელი და შთამაგონებელი ისტორიაც გვაქვს თქვენთვის მოსაყოლი.

2021 წელს, გლობალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც ბავშვთა ქორწინების დასრულებას ემსახურებოდა, გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და პროგრამის პარტნიორებმა თითქმის 2,6 მილიონი მოზარდი გოგო უზრუნველყვეს ტრენინგით, რომელიც გულისხმობდა მათ აღჭურვას ცხოვრებისეული უნარებითა და მათთვის ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების მიწოდებას, რაც მათ საშუალებას მისცემს გააკეთონ არჩევანი საკუთარ სხეულთან და მომავალთან დაკავშირებით. ბავშვთა ქორწინებასა და მოზარდი გოგოების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე დიალოგში დაახლოებით 16 მილიონი ადამიანი იყო ჩართული. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ სასკოლო განათლებისა და მოზარდების საჭიროებებზე მორგებული ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. და მაინც, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ამ მიმართულებით გასაკეთებელი.

მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი მოზარდი გოგოა, რომელა იმედებიც უნდა გამართლდეს და ოცნებები უნდა ახდეს. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გახდეს მათი მოკავშირე და ყველა ჩვენთაგანს შეუძლია იყოს ამ საქმეში პირველი. იმის ნაცვლად, რომ გოგოებს გვერდით გადგომა აიძულოთ, ყურადღების ცენტრში მოაქციეთ ისინი. იმის ნაცვლად, რომ გააჩუმოთ, მიეცით მათ მიკროფონი. მოუსმინეთ რა აქვს მათ თქვენთვის სათქმელი. მიეცით მათ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და პოზიტიური ცვლილებების შემოქმედებად იქცნენ.