გამოკითხულთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ პანდემიის ფონზე, მათი შემოსავლები შემცირდა, ხოლო ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა
თბილისი. 9 მარტი 2021 – კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების შედეგად, საქართველოში გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა შემოსავლები, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ აღმოჩნდა. ასევე გამოვლინდა ოჯახში ძალადობის ზრდის ნიშნებიც. პანდემიამ განსხვავებული გავლენა მოახდინა სხვდასხვა სქესის, პროფესიისა თუ ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანებზე. გარდა ამისა, მისი შედეგების სიმძაფრე ასევე განსხვავდება ქვეყნის რეგიონების მიხედვით.
ამ მრავალმხრივი ზემოქმედების ანალიზი წარმოდგენილია კომპლექსურ კვლევაში „საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება“, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობების ხელშეწყობით განახორციელა.
„საქართველო ცდილობს გამოვიდეს კრიზისიდან და შეუდგეს უფრო მდგრადი და თანასწორი საზოგადოების მშენებლობას. ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის ყველა ასპექტის შესწავლა და იმის გაცნობიერება, თუ რა გავლენა მოახდინა ამ გლობალურმა და ეროვნულმა კრიზისმა თანასწორობასა და სოციალურ სამართლიანობაზე“, - განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა.
„პანდემიამ განაპირობა საგანგებო გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა, როგორც პოლიტიკაში, ასევე საჯარო და ბიზნეს სექტორებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილებები ყველას თანაბრად ეხება, მათი ავტორები ხშირ შემთხვევაში კაცები არიან. პანდემიაზე რეაგირების მიზანია კრიზისიდან გამოვიდეთ და უკეთესი სამყარო ავაშენოთ. ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ქალთა წარმომადგენლობა და პოლიტიკური მონაწილეობა სრულად იქნას გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - აღნიშნა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ თიდესტრომმა.
პანდემიის გენდერული შეფასება განხორციელდა გაეროს სამი სააგენტოს ინიციატივით - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women). საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა ორგანიზაციამ „CRRC საქართველო“ 2020 წლის ოქტომბერში, ხოლო მისი შედეგები შედარებულია გასული წლის მაისში ჩატარებული მსგავსი კვლევის მიგნებებთან.
კვლევის მიზანია პანდემიის გრძელვადიანი შედეგებისა და ზემოქმედების გაცნობიერება და ყველა საპასუხო ქმედებაში გენდერული თანასწორობის გათვალისწინება.
2020 წლის მაისსა და ოქტომბერში ჩატარებული კვლევები პანდემიის მიმდინარეობის ორ სრულიად განსხვავებულ ეტაპს ასახავს. პირველი კვლევა ჩატარდა მკაცრი „ლოქდაუნის“ ფონზე, როდესაც გადაადგილება და კომერციული საქმიანობა რეგულაციებით იყო შეზღუდული, ხოლო კორონავირუსით გამოწვეული სასიკვდილო შემთხვევების რაოდენობა ჯერ კიდევ ერთეულებს ითვლიდა. ამისგან განსხვავებით, ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა რეგულაციების ძირითადი ნაწილის გაუქმებასა და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას დაემთხვა.
გამოკითხვის პერიოდებს შორის არსებულმა განსხვავებებმა თავი იჩინა მიღებულ შედეგებშიც. ოქტომბერში გამოკითხულთა 13 პროცენტმა თქვა, რომ მათი ოჯახის წევრებმა უკვე გადაიტანეს ან ამჟამად დაავადებულები არიან COVID-19-ით, მაშინ როდესაც მაისში ეს მონაცემი 9 პროცენტით უფრო დაბალი იყო.
ორივე კვლევამ გამოავლინა, რომ პანდემიის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. ოქტომბერში გამოკითხულთა 17 პროცენტმა (დასაქმებული ქალების 20 პროცენტმა და დასაქმებული კაცების 15 პროცენტმა) განაცხადა, რომ დაკარგა სამუშაო, ხოლო 43 პროცენტმა (კაცების 49 პროცენტმა და ქალების 39 პროცენტმა) აღნიშნა, რომ მათი შემოსავალი შემცირდა. ეს მონაცემები თავისთავად საგანგაშოა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაისის მდგომარეობასთან შედარებით, ოქტომბერში გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნეოდა. მაისში, გამოკითხულთა 32 პროცენტი აცხადებდა, რომ დაკარგა სამსახური, ხოლო შემოსავლების შემცირებას მოსახლეობის 82 პროცენტი აღნიშნავდა.
ასევე საყურადღებოა, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, სამსახურისა და შემოსავლის დაკარგვის ალბათობა სამჯერ უფრო მაღალია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლთა შემთხვევაში.
პანდემიის მძიმე ეკონომიკური შედეგების საპასუხოდ, საქართველოს მოსახლეობამ მყისიერ ზომებს მიმართა. გამოკითხულთა 41 პროცენტმა განაცხადა, რომ ოჯახის ფულადი დანაზოგი შემცირებული შემოსავლების შესავსებად დახარჯა, 33 პროცენტმა შეამცირა ჯანმრთელობაზე გამიზნული ხარჯები, 19 პროცენტმა აიღო საბანკო სესხი, 15 პროცენტმა შეამცირა ხარჯები განათლებაზე, ხოლო 7 პროცენტმა დაიწყო პირადი საკუთრების გაყიდვა.
ოქტომბერში, გამოკითხულთა 42 პროცენტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან ფულადი დახმარება მიიღო, რაც მაისთან შედარებით, 35 პროცენტით მეტია. 13 პროცენტმა ასევე თქვა, რომ სხვადასხვა სახის არაფულადი დახმარებაც მიიღო.
„კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ პანდემია მძიმედ აისახა საქართველოს ეკონომიკაზე. თუმცა, გამოჩნდა ისიც, რომ ეს წნეხი ყველასთვის ერთნაირი არ იყო. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ამ კრიზისული ვითარებიდან გამოსვლაში, დავიცვათ, როგორც ადამიანის სიცოცხლე, ისე შემოსავლის წყარო, და პასუხი გავცეთ საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას, რომელიც გამოვლინდა ან გაღრმავდა პანდემიის შედეგად“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
გაეროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმების მხრივ, ქალები არათანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან. ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე, ქალთა დაახლოებით ნახევარი ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობად ითვლებოდა, არც დასაქმებული იყო და არც სამსახურს ეძებდა. კაცების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 16 პროცენტს შეადგენდა. ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არაანაზღაურებადი ოჯახური შრომის ტვირთია, რომელსაც საქართველოში ძირითადად ქალები ეწევიან.
პანდემიის დროს, კაცებმაც და ქალებმაც აღნიშნეს, რომ მეტ დროს უთმობდნენ ოჯახურ საქმიანობასა და ბავშვების მოვლას, თუმცა ამ მხრივ იმთავითვე არსებულმა გენდერულმა უთანასწორობამ აქაც იჩინა თავი. ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვის დროს, კაცების 47 პროცენტმა განაცხადა, რომ არასდროს დაულაგებია სახლი, 43 პროცენტმა თქვა, რომ არასდროს გაუკეთებია საჭმელი, ხოლო 33 პროცენტმა დაადასტურა, რომ არასდროს მოუვლია ბავშვებისთვის. საოჯახო საქმის ასეთმა არათანაბარმა განაწილებამ განაპირობა, რომ ბავშვებიანი ქალების უმრავლესობისთვის დატვირთვა კრიტიკულად გაიზარდა, განსაკუთრებით სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში გადასვლის შემდეგ.
ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება პანდემიის კიდევ ერთი მტკივნეული შედეგია. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდის, ხოლო გენდერული განსხვავება აქაც საკმაოდ მაღალია - ქალების 57 პროცენტი და კაცების 40 პროცენტი.
„სამწუხაროდ, პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა ქალთა მდგომარეობა საქართველოში. სკოლების დახურვამ და ოჯახური საქმიანობის არაპროპორციულმა განაწილებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ქალთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. კაცებთან შედარებით, ქალები უფრო ხშირად ცდილობდნენ შემოსავლების შევსებას ჯანმრთელობაზე გამიზნული ხარჯების შემცირებით. ამის გათვალისწინებით, ქალთა ხელშეწყობა კრიზისული ვითარების დროს დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“, - განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.
გაეროს კვლევამ ასევე შეისწავლა, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის ზრდის შესახებ. გამოკითხულთა 20 პროცენტმა (ქალების 23 პროცენტმა და კაცების 17 პროცენტმა) დაადასტურა, რომ თავად განუცდია ან სმენია ოჯახში ძალადობის მომატებული შემთხვევების თაობაზე. თუმცა, ექსპერტების აზრით, როგორც პანდემიის დაწყებამდე, ისე პანდემიის დროს, საზოგადოებაში არსებული სოციალური სტიგმა მნიშვნელოვნად ამცირებს ქალთა მიმართ ძალადობაზე ღიად საუბრის ალბათობას.
საქართველოს მოსახლეობას კვლავ არასაკმარისი ინფორმაცია აქვს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების მხრივ არსებულ სერვისებზე. ქალთა 40 პროცენტმა იცის ფსიქოლოგიური დახმარების მომსახურებაზე, მაგრამ სამი ქალიდან მხოლოდ ერთს სმენია თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების შესახებ. კაცების შემთხვევაში, ცნობიერება კიდევ უფრო დაბალია. ოჯახური ძალადობის მხრივ არსებულ სერვისებზე ცოტა რამ იციან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა და ადამიანებმა უმაღლესი განათლების გარეშე.
„ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა ჩრდილოვანი პანდემიაა. მასზე დაუყოვნებელი რეაგირება გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ქმედებაში, რომელიც მიმართულია COVID-19-ისა და მისი შედეგების დაძლევაზე“, - აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ საბედაშვილმა.
გაეროს კვლევა „საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება“ განხორცილდა შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ და ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) ახორციელებს.