Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

გაეროს აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის მიმართვა შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს

გაეროს აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის მიმართვა შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს

News

გაეროს აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის მიმართვა შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს

calendar_today 01 December 2021

პანდემიებთან გამკლავება მანამ მოგვიწევს, სანამ უთანასწორობა იარსებებს

უკვე მესამე წელია, რაც მსოფლიო ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიას ებრძვის, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამის პარალელურად, უკვე მეხუთე ათწლეული იწყება, რაც ვებრძვით კიდევ ერთ პანდემიას, შიდსის პანდემიას.  ამ პანდემიებმა სააშკარაოზე გამოიტანა ის მკვეთრი სოციალური, ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული, სამართლებრივი თუ ეკონომიკური უთანასწორობა, რომელიც მძიმე ტვირთად აწევს მოწყვლად მოსახლეობას, მთელი მსოფლიო მასშტაბით - და რომელსაც ენითაღუწერელი უბედურება მოაქვს, განსაკუთრებით მილიონობით ქალისა და გოგოსთვის.

ჩვენი მტკიცე სვლა 2030 წლისთვის შიდსის ვირუსის დასრულებისკენ, ბოლო წლებში შეფერხდა, არა ცოდნისა თუ საშუალებების არარსებობის გამო, არამედ იმის გამო, რომ მსოფლიოში გაბატონებული უთანასწორობა ზღუდავს აივ-სგან დაცვასა და მის მკურნალობაზე წვდომას. ეს ის სენია, რომელიც ახლა ძალებს იკრებს, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში შემცირდა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით მომსახურებათა მიწოდება, რადგან, ახალი კორონავირუსის COVID-19) კრიზისის ფონზე, მათი ჯანდაცვის სისტემები უკიდურესად გადაიტვირთა. 

ახალმა კორონავირუსმა (COVID-19), ასევე, ხელი შეუწყო ქალების მიმართ ძალადობის ზრდას, და ისინი, ვინც ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლს წარმოადგენენ, აივ-ით ინფიცირების გაზრდილი რისკის წინაშე დგანან. ამასობაში, ძალადობის საფრთხე ბევრ მათგანს ხელს უშლის, ეძიოს აივ-ის პრევენციის, მასზე ტესტირებისა და მკურნალობის გზები, საშუალებები და მხარდაჭერა, რაც მათ ესოდენ ესაჭიროებათ. მოკლედ, ჩვენი მარცხი - ეფექტურად შევაკავოთ შიდსისა და ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიები და გენდერული ძალადობის „ჩრდილოვანი პანდემია“, მჭიდროდ უკავშირდება სხვა გამანადგურებელ „სენს“ - უთანასწორობას. 

ჩვენ ამ ყველაფრის თვითმხილველნი ვხდებით, როდესაც ვაკვირდებით სოციალური მარგინალიზაციისა და ცრურწმენების მსხვერპლად ქცევის რა მასშტაბის საფრთხის წინაშე დგანან აივ-ინფიცირებული ადამიანები. ჩვენ ამის მოწმენი ვხდებით, როდესაც თვალს ვადევნებთ, თუ დღითიდღე როგორ იზრდება მოზარდი გოგოების, მამაკაცების, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან, სექსმუშაკების, ტრანსგენდერებისა და ინექციურ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების მოწყვლადობის დონე, როგორი დაუცველები ხდებიან ისინი ძალადობისა და აივ-ით ინფიცირების მიმართ და რა მასშტაბის უგულებელყოფის საფრთხის წინაშე დგანან.

პანდემიები მძვინვარებს მზარდი უთანასწორობის მხარდამხარ. უთანასწორობის აღმოფხვრა, მაშასადამე, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმთავრესი ამოცანა, შიდსსა და ახალ კორონავირუსთან (COVID-19) გამკლავების საქმეში და მომავალი პანდემიების თავიდან ასაცილებლად. იმ ინიციატივებისა და პროგრამების ამოცანებში, რომლებიც აივ-ის პრევენციას ემსახურება, აუცილებლად უნდა იყოს ჩართული გენდერული ნიშნით ძალადობის დასრულება, ძალთა უთანასწორო თანაფარდობის დაძლევა და საზიანო გენდერული ნორმების აღმოფხვრა. როგორც შიდსის, ასევე ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შეკავება და მომავალი პანდემიების თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ ეს საჭიროებს ძლიერ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ქმედებასა და ანგარიშვალდებულებას ყველას მხრიდან, და აღიარებას იმისა, რომ არავინ არის დაცული, სანამ ყველა არ იქნება დაცული. 

ვირუსები არ ანსხვავებს ადამიანებს ერთმანეთისგან, მათ დასამარცხებლად ჩვენ მიერ შერჩეული პოლიტიკაც არ უნდა ანსხვავებდეს მათ. თუ ჩვენ საკუთარ თავზე არ ავიღებთ ჯანდაცვის მომსახურებით მსოფლიო მოსახლეობის თანაბრად დაფარვის ვალდებულებას და არ შევცვლით შიდსისა და სხვა პანდემიების წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ტაქტიკას, ისინი კვლავაც განაგრძობენ ადამიანების ცხოვრებისა და თემების ნგრევას, საზოგადოებებს გახლეჩვას. ჯანდაცვის უფრო მდგრად სისტემებში ინვესტიცია შეამცირებს უთანასწორობას, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ყველასთვის. 

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თვალსაზრისით სამართლიანობის უზრუნველყოფა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მტკიცედ ვიდგებით ყველა ადამიანის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის სადარაჯოზე.