Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

ახალქალაქში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანია აღინიშნა

ახალქალაქში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანია აღინიშნა

News

ახალქალაქში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანია აღინიშნა

calendar_today 07 December 2019

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, ევროკავშირი საქართველოში (ENPARD) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის  ერთობლივი ძალისხმევით, 16 დღიანი გლობალური კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, გარდა საქართველოს სხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტებისა, ახალქალაქშიც აღინიშნა. 

2019 წლის 7 დეკემბერს, ახალქალაქის #3 საჯარო სკოლაში, ფოტოგრაფ დინა ოგანოვას გამოფენა გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებლებმა ორი ფოტოპროექტი: „გოგონები მომავლიდან“ და „თანატოლები თანასწორობისთვის“ იხილეს. ფოტოპროექტი „გოგონები მომავლიდან“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით. პროექტის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგონების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის, რომ თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს საშუალება, დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ. “თანატოლები თანასწორობისთვის“ კი 12 ახალგაზრდას ისტორიას აერთიანებს. ფოტოპროექტის ფარგლებში ისინი გენდერული თანასწორობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, განათლების, აქტივიზმისა და საკუთარი ინიციატივების შესახებ საუბრობენ. ორივე ფოტოპროექტი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერითაა მომზადებული და ნაწილია იმ მასშტაბური საადვოკაციო სამუშაოსი, რომელსაც UNFPA ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრისა და მოზარდებისა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით ეწევა. 

UNFPA-ს საქართველოს ოფისისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით, ამავე სკოლის ბიბლიოთეკაში გაიხსნა „თანასწორობის კუთხე“. „თანასწორობის კუთხე“ შესაძლებლობას მისცემს ახალქალაქში მცხოვრებ მოზარდებსა და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, თანასწორობის შესახებ ცნობიერება აიმაღლონ. „თანასწორობის კუთხეს“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ გახსნა. ღონისძიების ფარგლებში, გიორგი კეკელიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა და გენდერული თანასწორობის იდეისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. 

„თანასწორობის კუთხის“ გახსნა მიზნად მოზარდებისა და ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას ისახავს. ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოში არსებობდეს რაც შეიძლება მეტი სივრცე, სადაც მოზარდები და ახალგაზრდები არაფორმალური განათლების მიღებას, თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარებას და ერთმანეთისთვის იდეების გაზიარებას შეძლებენ. 

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობისა და პროფესიული სწავლების დეპარტმანეტის ხელმძღვანელმა ნანა ქაშაკაშვილმა, სერტიფიკატები გადასცა სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს ქართულ ენასა და სივრცით ხატვაში.  სასწავლო ცენტრი ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ბაზაზე ევროკავშირი საქართველოში (ENPARD) პროგრამის დაფინანსებით შეიქმნა და მისი მიზანია, სოციალური ინტეგრირების გაუმჯობესება განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცა, დაათვალიერებინა სივრცითი ხატვის კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა. 

ღონისძიებას UNFPA-ს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის, GIPA-სა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება გაიმართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში.