Go Back Go Back
Go Back Go Back

ახალგაზრობის საერთაშორისო დღე: ნინო ტყემალაძე

ახალგაზრობის საერთაშორისო დღე: ნინო ტყემალაძე

News

ახალგაზრობის საერთაშორისო დღე: ნინო ტყემალაძე

calendar_today 04 August 2022

ნინო ტყემალაძე, 17 წლის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი სმადა
ფოტო: დინა ოგანოვა & ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი | UNFPA

მულტიმედია პროექტი “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” წარმოგიდგენთ 12 აქტიურ ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელსაც სჯერა გენდერული თანასწორობის, სურს მოახდინოს ცვლილებები საკუთარ თემში და ხელი შეუწყოს ჯანსაღი გარემოს შექმნას მომავალი თაობებისთვის. 

ნინო ტყემალაძე, 17 წლის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი სმადა

ახალგაზრდებს სოფელში ნაკლები განვითარების საშუალება გვაქვს ნებისმიერი კუთხით. მხოლოდ ერთადერთი განათლების მიღების გზა არის სკოლა, დანარჩენი არავითარი წრე არ არის, მათ შორის არაფორმალურიც. ვისაც მეტად უნდა სწავლა და არ ყოფნის საგაკვეთილო პროცესი, მათთვის უნდა იყოს დამატებითი შესაძლებლობები, რომ უფრო მეტად განვითარდნენ. ვისურვებდი, ახალგაზრდებს გვქონდეს სოფლებში [არაფორმალური] სივრცე, სადაც თავს მოვიყრიდით და სხვადასხვა თემებს განვიხილავდით, გამოცდილებას გავუზიარებდით. ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ თვითონვე არ მოიქციონ თავი და თავიანთი ცხოვრება ჩარჩოებში, გამოვიდნენ თავიანთი კომფორტის ზონიდან, თავიანთი ნაჭუჭიდან და რაც შეიძ₾ება მეტი გამოცდილება დააგროვონ. თუ მოვინდომებთ, ქალებსაც და კაცებსაც ერთნაირად შეგვიძლია ნებისმიერი საქმის გაკეთება. Ჩემი აზრით, პრიორიტეტი რაიმე საქმეში არ უნდა იყოს, რომ ვიღაც კაცია. გენდერული თანასწორობა ჩემთვის არის ქალის და კაცის უფლებრივი თანასწორობა, როდესაც არ არსებობს რაიმე ზღვარი, ჩარჩო რომ ქალმა უნდა გააკეთოს ეს, ან კაცმა უნდა გააკეთოს ის, იქნება ეს ფიზიკური სამუშაო თუ საოჯახო საქმეები. მინდა გავხდე ექიმი, რადგან საქართველოს სჭირდება კარგი მედიცინის მუშაკები. თბილისში ვაპირებ ჩაბარებას, მაგრამ ბოლოს მაინც დავუბრუნდები ჩემს მხარეს, თუმცა ჩემი ჰობია ფეხბურთი. ზაფხულში ჩემი დროის უმეტეს ნაწილს ვუთმობ ფეხბურთს. თავიდან მოყვარულის დონეზე ვთამაშობდით ხოლმე სკოლები. რაც გასულ წელს ადიგენის გოგონათა ნაკრების გუნდი შეიკრა, მიმიწვიეს და იქ ვთამაშობ. გოგოების და ბიჭების საფეხბურთო ტურნირები ერთად არ ტარდება. მხოლოდ ახალგაზრდულ შეხვედრებზე ვეთამაშებით ერთმანეთს. ერთხელ, სკოლის თამაშზე  ბიჭების გუნდები ეთამაშებოდნენ ერთმანეთს. ისე მოხდა, რომ ჩვენი ფეხბურთის გუნდის მეკარე ვერ მოვიდა, მასწავლებელმა მე შემიშვა და მომიწია ბიჭებთან ერთად თამაში. თავიდან ალმაცერად მიყურებდნენ, მაგრამ ბოლოს მაყურებლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ ჩემით და ჩემი მასწავლებელიც გაოცებული იყო ჩემი მეკარეობით. 
 

“ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, გენდერული ნიშნით სტერეოტიპების და მანკიერი სოციალური ნორმების აღმოფხვრას ითვალისწინებს. 

ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შემდეგი პროგრამების ფარგლებში: “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” (ქვემო ქართლი), “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ (სამცხე-ჯავახეთი) და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (გურია და იმერეთი). 

ავტორების შესახებ:

დინა ოგანოვა არის ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს. იგი არაერთხელ გახდა პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი, მათ შორის, ევროკავშირის პრიზის მფლობელი ჟურნალისტიკაში და პრემია „ლიტერას“ ლაურეატი. დინა ოგანოვა დასახელებულია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო ქალ ფოტოგრაფებს შორის. მისი ფოტოპროექტებს განეკუთვნება: „მე ვარ საქართველო“, „ჩემი სივრცე”, „გაყინული ტალღები”. დინა ოგანოვას ნამუშევრების გამოფენები გაიმართა იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. დინა ოგანოვა არის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნის „ჩემი სივრცე“ ავტორი, რომელიც ინახება სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კოლექციაში. დინა ოგანოვა 2016 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ისეთი პროექტები, როგორიცაა: „გოგონა დაიბადა“ („ჩუმი ბაღი“), „გოგონები მომავლიდან“, „დედები და ქალიშვილები” და ა.შ. ქალებისა და გოგოების უფლებები მისი შემოქმედების წამყვან თემად რჩება.

თათია ნადარეიშვილი არის ქართველი ილუსტრატორი, სტუდია “ილუსტრატორის” თანადამფუძნებელი (2016), რომელიც წერს და ილუსტრაციებს ამზადებს საბავშვო წიგნებისთვის მისი ერთ-ერთი წიგნი “ძილი ნებისა” 2017 წელს გამოქვეყნდა და რამდენიმე ენაზე ითარგმნა. თათია ნადარეიშვილი 2018 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 2020 წელს მან ილუსტრაციები მოამზადა საბავშვო წიგნისთვის “ლუნა და ციცინათელების პლანეტა”, რომელიც ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი წიგნია და რომლის მიხედვითაც მალე საბავშვო სპექტაკლიც დაიდგმება.