Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

ახალგაზრობის საერთაშორისო დღე: ანი შუბითიძე

ახალგაზრობის საერთაშორისო დღე: ანი შუბითიძე

News

ახალგაზრობის საერთაშორისო დღე: ანი შუბითიძე

calendar_today 03 August 2022

ანი შუბითიძე, 16 წლის, ახალციხე
ფოტო: დინა ოგანოვა & ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი | UNFPA

მულტიმედია პროექტი “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” წარმოგიდგენთ 12 აქტიურ ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელსაც სჯერა გენდერული თანასწორობის, სურს მოახდინოს ცვლილებები საკუთარ თემში და ხელი შეუწყოს ჯანსაღი გარემოს შექმნას მომავალი თაობებისთვის. 

ანი შუბითიძე, 16 წლის, ახალციხე

ჩემი ერთ-ერთი უდიდესი გატაცება არის მთამსვლელობა. პირველად წავედი ხდეში, დარიალის ხეობაში. დღემდე ჩემთვის ეს სამოთხესთან ასოცირდება, [ჩემი] ყველაზე საყვარელი ადგილია: ბუნება, სიმშვიდე, თუნდაც ის, რომ არ გაქვს ტელეფონი, ინტერნეტი, ყველაფერი, რაც იქ იყო, თითქოს ჩემი იყო და იქაური ვიყავი. იქ არის ისეთი სიმშვიდის და კომფორტის შეგრძნება, რაც აქ აღარ არის. სკოლას ვამთავრებ მომავალ წელს. პროფესია ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი. რამდენი ხანია ვფიქრობ, Მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ასე სიარულს და მთას, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოვეშვა. თითქოს გეძახის, გითხოვს შენი სხეული, რომ იქით წახვიდე. ალბათ, ეს უფრო ჰობის დონეზე დამრჩება, პროფესიონალი ალპინისტი არ ვიცი რამდენად გამოვალ, თუმცა, არაფერია გამორიცხული. ჩემი აზრით, ახალგაზრდების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ მიჯაჭვულები არიან თავიანთ კომფორტის სივრცეებს და არ ცდილობენ, გამოვიდნენ სახლებიდან და მიმოიხედონ. ყველას ვერ ეყვარება მთა, მაგრამ კომპიუტერიდან იღებენ იმ სიამოვნებას, რაც შეიძლება, გახვიდე სუფთა ჰაერზე და იქაური სიმშვიდე შეიგრძნო, ამის ნაცვლად, ისინი ცდილობენ სახლში ისხდნენ კომფორტულად. ჩემთვის კომფორტის ზონა სახლი აღარ არის, ჩემთვის კომფორტის ზონაა სადღაც იქ რომ ვარ, გარეთ გადაკარგულში წასული. [ჩემს ტოლებს ვურჩევდი] ეცადონ, ეძიონ ის, რაშიც პოულობენ ბედნიერებას იმიტომ, რომ თუ ბედნიერი არ ხარ, რაც გინდა ის აკეთე, შენთვის აღარ აკეთებ ამას. Მთაში რომ მივდიოდი [ამ ბედნიერებას] არც ვეძებდი, უბრალოდ მივდიოდი. არ ვიცოდი, მომეწონებოდა თუ არა წინასწარ, თუმცა, რომ მივედი და იქაურობა ვნახე და ვიგრძენი ეს ყველაფერი, მივხვდი, რომ ეს ჩემთვის იყო, მივხვდი, რომ ეს ის იყო, რაც მინდოდა და ახლა ზუსტად ვიცი ეს რა არის. მინდა ვუთხრა  ყველას, რომ თუ რაიმე გინდა და მოტივაციის ნაკლებობას გრძნობ, გაიხსენე ის, რაც გინდა, შენი მიზნები გაიხსენე და ყოველთვის ეს წაიმძღვარე წინ იმიტომ, რომ როდესაც წარმოიდგენ შენ თავს იქ უკვე სადაც გინდა რომ იყო, მოტივაცია მაშინვე გიმაღლდება. 

“ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, გენდერული ნიშნით სტერეოტიპების და მანკიერი სოციალური ნორმების აღმოფხვრას ითვალისწინებს. 

ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შემდეგი პროგრამების ფარგლებში: “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” (ქვემო ქართლი), “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ (სამცხე-ჯავახეთი) და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (გურია და იმერეთი). 

ავტორების შესახებ:

დინა ოგანოვა არის ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს. იგი არაერთხელ გახდა პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი, მათ შორის, ევროკავშირის პრიზის მფლობელი ჟურნალისტიკაში და პრემია „ლიტერას“ ლაურეატი. დინა ოგანოვა დასახელებულია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო ქალ ფოტოგრაფებს შორის. მისი ფოტოპროექტებს განეკუთვნება: „მე ვარ საქართველო“, „ჩემი სივრცე”, „გაყინული ტალღები”. დინა ოგანოვას ნამუშევრების გამოფენები გაიმართა იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. დინა ოგანოვა არის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნის „ჩემი სივრცე“ ავტორი, რომელიც ინახება სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კოლექციაში. დინა ოგანოვა 2016 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ისეთი პროექტები, როგორიცაა: „გოგონა დაიბადა“ („ჩუმი ბაღი“), „გოგონები მომავლიდან“, „დედები და ქალიშვილები” და ა.შ. ქალებისა და გოგოების უფლებები მისი შემოქმედების წამყვან თემად რჩება.

თათია ნადარეიშვილი არის ქართველი ილუსტრატორი, სტუდია “ილუსტრატორის” თანადამფუძნებელი (2016), რომელიც წერს და ილუსტრაციებს ამზადებს საბავშვო წიგნებისთვის მისი ერთ-ერთი წიგნი “ძილი ნებისა” 2017 წელს გამოქვეყნდა და რამდენიმე ენაზე ითარგმნა. თათია ნადარეიშვილი 2018 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 2020 წელს მან ილუსტრაციები მოამზადა საბავშვო წიგნისთვის “ლუნა და ციცინათელების პლანეტა”, რომელიც ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი წიგნია და რომლის მიხედვითაც მალე საბავშვო სპექტაკლიც დაიდგმება.