Go Back Go Back
Go Back Go Back

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: Სალომე ტორაძე

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: Სალომე ტორაძე

News

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: Სალომე ტორაძე

calendar_today 04 August 2022

Სალომე ტორაძე, 18 წლის, ქუთაისი
ფოტო: დინა ოგანოვა & ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი | UNFPA

მულტიმედია პროექტი “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” წარმოგიდგენთ 12 აქტიურ ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელსაც სჯერა გენდერული თანასწორობის, სურს მოახდინოს ცვლილებები საკუთარ თემში და ხელი შეუწყოს ჯანსაღი გარემოს შექმნას მომავალი თაობებისთვის. 

Სალომე ტორაძე, 18 წლის, ქუთაისი

დღესდღეობით საზოგადოებაში არსებობს ბევრი პრობლემა, რასაც მოგვარება სჭირდება. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდების ჩართულობა აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ მომავალი იყოს უფრო ნათელი და უკეთ გაკვლეული მომავალი თაობისთვის. თუ ყველა ადამიანი თავის მაქსიმუმს გააკეთებს, ვფიქრობ, რომ შედეგი აუცილებლად დადგება.  აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ვაბარებ, ქუთაისში. თუმცა, მინდა უცხოეთში გავაგრძელო სწავლა. ბავშვობიდან მინდოდა ამერიკაში ცხოვრება. წარმომედგინა, რომ ნიუ იორკში ვიცხოვრებდი და ყავით ხელში გადარბენაზე ვიქნებოდი სამსახურში. ვაბარებ სამართალზე. ძალიან მიყვარს და მაინტერესებს ეს სფერო: საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებში ერკვევი და იცი, როგორ უნდა მოიქცე ქვეყანაში და სხვასაც შემდეგ ასწავლი ამას. ძალიან მიყვარს ჭადრაკის თამაში. ტურნირები როცა ტარდება, გავდივარ ხოლმე, ასევე ვფარიკაობ. დიდად წარმატებული რომ გითხრათ ამ ფარიკაობაში არ ვარ, უფრო ჭადრაკში, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მიყვარს და რაც გიყვარს, ის უნდა გააკეთო.  ჩვენ, ახალგაზრდა თაობა, ვართ თავისუფლები და გვაქვს მეტი შესაძლებლობა. გვინდა ვიპოვნოთ ჩვენი თავი ამ ცხოვრებაში, ჩვენი უფლებები იყოს დაცული, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაში და შეგვეძლოს საკუთარი თავის თვითრეალიზება. როდესაც არ შეგიძლია საკუთარი თავის თვითრეალიზება, ვერ იქნები თავისუფალი. ამას, პირველ რიგში, გაცნობიერება და განათლება სჭირდება იმიტომ, რომ განათლების გარეშე თავისუფლება არ მოდის. [ცვლილებები] ახალგაზრდებიდან უნდა დავიწყოთ იმიტომ, რომ უფროს თაობას უკვე ჩამოყალიბებული აქვს [აზრი] და ვერ შევცვლით, თუმცა შეგვიძლია რაღაც ინფორმაცია გავუშვათ და მოვუწოდოთ იმისკენ, რომ გენდერული უთანასწორობა აღმოვფხვრათ, მაგრამ მაინც ასე თუ ისე, ქვეცნობიერში ჩარჩენილი აქვთ ძველი ქმედებები. ამიტომაც, უფრო მეტად ახალგაზრდებთან უნდა ვიმუშავოთ. ახალგაზრდებს ვურჩევდი, გამოვიდნენ სახლებიდან, პირველ რიგში იმიტომ, რომ ბუნებასთან კონტაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვურჩევდი, რომ დაკავდნენ სპორტული აქტივობით, რადგან ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ენერგია გააღვიძო საკუთარ თავში, დეპრესიულ ფიქრებს არ აყვე, იმიტომ რომ ძალიან გავრცელებულია ახლა, ბევრს აქვს პანიკური შეტევებიც, ჩემს მეგობრებსაც ჰქონიათ. სახლში ჩაკეტვამ იცის ეს ყველაფერი, კოვიდის შემდეგაც და ისედაც არ გვაქვს ჩვენ კონტაქტი გარემოსთან, ძირითადად, ვცდილობთ, რომ კომპიუტერით გავაკეთოთ ყველაფერი, სახლიდან, ოღონდ გარეთ არ გავყოთ თავი და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სახლში მშვიდად ვიჯდეთ.

“ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, გენდერული ნიშნით სტერეოტიპების და მანკიერი სოციალური ნორმების აღმოფხვრას ითვალისწინებს. 

ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შემდეგი პროგრამების ფარგლებში: “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” (ქვემო ქართლი), “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ (სამცხე-ჯავახეთი) და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (გურია და იმერეთი). 

ავტორების შესახებ:

დინა ოგანოვა არის ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს. იგი არაერთხელ გახდა პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი, მათ შორის, ევროკავშირის პრიზის მფლობელი ჟურნალისტიკაში და პრემია „ლიტერას“ ლაურეატი. დინა ოგანოვა დასახელებულია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო ქალ ფოტოგრაფებს შორის. მისი ფოტოპროექტებს განეკუთვნება: „მე ვარ საქართველო“, „ჩემი სივრცე”, „გაყინული ტალღები”. დინა ოგანოვას ნამუშევრების გამოფენები გაიმართა იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. დინა ოგანოვა არის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნის „ჩემი სივრცე“ ავტორი, რომელიც ინახება სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კოლექციაში. დინა ოგანოვა 2016 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ისეთი პროექტები, როგორიცაა: „გოგონა დაიბადა“ („ჩუმი ბაღი“), „გოგონები მომავლიდან“, „დედები და ქალიშვილები” და ა.შ. ქალებისა და გოგოების უფლებები მისი შემოქმედების წამყვან თემად რჩება.

თათია ნადარეიშვილი არის ქართველი ილუსტრატორი, სტუდია “ილუსტრატორის” თანადამფუძნებელი (2016), რომელიც წერს და ილუსტრაციებს ამზადებს საბავშვო წიგნებისთვის მისი ერთ-ერთი წიგნი “ძილი ნებისა” 2017 წელს გამოქვეყნდა და რამდენიმე ენაზე ითარგმნა. თათია ნადარეიშვილი 2018 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 2020 წელს მან ილუსტრაციები მოამზადა საბავშვო წიგნისთვის “ლუნა და ციცინათელების პლანეტა”, რომელიც ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი წიგნია და რომლის მიხედვითაც მალე საბავშვო სპექტაკლიც დაიდგმება.