მულტიმედია პროექტი “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” წარმოგიდგენთ 12 აქტიურ ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელსაც სჯერა გენდერული თანასწორობის, სურს მოახდინოს ცვლილებები საკუთარ თემში და ხელი შეუწყოს ჯანსაღი გარემოს შექმნას მომავალი თაობებისთვის.
Ნინო და ნათია გუსეინოვები, 17 და 15 წლის, სოფელი მარადისი
ნინო:
საქართველოში სტატისტიკურად ჯანსაღი ცხოვრების წესებზე როცა ვსაუბრობთ ან თუნდაც გენდერულ თანასწორობაზე, ვხედავთ რომ მითუმეტეს ფეხბურთში გოგოები ძალიან ცოტა არიან ჩართულები. ერთი თვე ვიწვალეთ იმაზე, რომ დავაორგანიზეთ ფეხბურთის ამხანაგური ტურნირი, 8-დან 4 სკოლის დათანხმება ძალიან რთული იყო, რადგან ოჯახები არ უშვებდნენ ბავშვებს. მას მერე გოგოებში დავინახე თავდაჯერება, რადგან ოჯახიდან დამკვიდრებული სტერეოტიპები ჰქონდათ. იქ კი დაინახეს, რომ თურმე არსებობს ის საზოგადოებაც, რომელსაც გოგოების განვითარება უნდა. ახლა ყოველწლიურად გვსურს ასეთივე დიდი და გრანდიოზული, ამხანაგური გოგონათა საფეხბურთო ტურნირი ჩატარდეს ხოლმე. სკოლაში ყველაზე მეტად ინგლისური მომწონს და მინდა ინგლისურის ფილოლოგიაზე ჩავაბარო. იმიტომ რომ მიყვარს მგზავრობა, მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. Მე მათთვის მარტო მასწავლებელი კი არა, ერთგული მეგობარიც მინდა ვიყო. რაც აინტერესებთ, მე შემეკითხონ. იმიტომ რომ მეც ვიცი ეს რა გრძნობაა, როცა რაღაც ძალიან გაინტერესებს, მაგრამ ეგეთ თემებზე საუბარი გერიდება ოჯახში. ან თუ ოჯახს ესაუბრები, გეშინია რომ ცუდი რეაქცია ექნებათ. მინდა რომ ბავშვები იყვნენ თავდაჯერებულები. თავიანთი უფლებები იცოდნენ, რომ რაღაცის მსხვერპლი არ გახდნენ. ჩემი ყველაზე დიდი მიზანი არის ეს. თავიანთ მიზნებს რომ მიაღწიონ ახალგაზრდებმა, ამისთვის საუკეთესო გზა არის განათლება. Როცა განათლებას იღებ, ვინც რა უნდა თქვას, უკვე შენ რაღაც როცა იცი, იმას აკეთებ იმიტომ, რომ იცი, ეს არის ჭეშმარიტება, მაგრამ როცა გაუნათლებელი ხარ, ვიღაც რაღაცას რომ ამბობს, გინდა არ გინდა ცოტა იმას იჯერებ. Ჩემს თანატოლებს ვურჩევ რომ განათლება მიიღონ, ზოგადი განათლება მაინც ჰქონდეთ. თავიანთი უფლებები იცოდნენ, არასდროს თქვან რომ მათი სურვილები და იმედები არ გამართლდება, არ დაანებონ თავი. Შეიძლება ერთ და ორ წელში არა, მაგრამ ერთ დღეს მაინც ეგ სურვილი აუსრულდებათ.
Ნათია:
Ჩვენ იმ გოგოებს განვეკუთვნებით ამ სოფელში, რომლებიც ბიჭებთან მეგობრობენ. ჩემთვის სულერთია ვიღაც გოგოა თუ ბიჭი. მე ყველას ერთნაირად ვექცევი. ცვლილებები ყველაფრისთვის საჭიროა, მაგრამ ნელ-ნელა იწყება. ყველაფრის წინ რაღაც კედელია, მაგრამ კედელზე ბზარიც რომ იყოს ესეც დიდი მიღწევაა ჩვენთვის. მე ძალიან მომწონს ფეხბურთის თამაში, ამას სიტყვებით ვერ აღვწერ მაგრამ გულიდან მოდის ეს. ადამიანი ისე არის ბიოლოგიურად შექმნილი რომ სულ ახალ რაღაცებს სწავლობს. ახალი რაღაცების სწავლით კი ახალი პოტენციალი, შესაძლებლობები გექმნება რომ სხვადასვხა რამ გააკეთო. მაგალითად, “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” რომ არ ყოფილიყო, ვერ გავაკეთებდით ფეხბურთის შეჯიბრს. მე სამედიცინოზე მინდა ჩაბარება. ვფიქრობ, რომ სამედიცინო სფერო იმ მხრივაა კარგი, რომ ვიღაცის სიცოცხლეს გადაარჩენ. მაგრამ გეგმა მაქვს, რომ შევქმნა ჩემი საკუთარი საავადმყოფო სადაც ისეთ ადამიანებს ვუმკურნალებ უფასოდ ვინც სოციალურად დაუცველი იქნება, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს, იმდენი ადამიანი იღუპება იმიტომ რომ შესაძლებლობა არ აქვს. მე ვხედავ რომ ჩვენს სოფელში ბევრია და ძალიან გული მტკივა ამაზე. ასევე როცა თავისუფალი დრო მექნება, შემეძლება ბავშვების ვამეცადინო უფასოდ. ბევრი ბავშვია ვისაც ნიჭი აქვს მაგრამ შესაძლებლობა არა. ნიჭის გამოსავლენად ხელშეწყობა არის საჭირო. ძალიან მინდა იმის თავისუფლება მქონდეს, რომ ჩემს თავს თვითონ მოვუარო. იმისი ძალა მინდა მქონდეს, რომ რისი კეთებაც მსურს, ის გავაკეთო და იმის გაკეთების შესაძლებლობა მქონდეს. ასევე რასაც გავაკეთებ, სიამოვნება მივიღო. თუ რაღაც მართლა გინდა, უკან უნდა მიყვე მას და ის რაღაც აუცილებლად მოხდება. ბევრი უნდა იწვალო და იშრომო, ამის გარეშე მზამზარეული არაფერი დაგხვდება ცხოვრებაში.
“ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, გენდერული ნიშნით სტერეოტიპების და მანკიერი სოციალური ნორმების აღმოფხვრას ითვალისწინებს.
ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შემდეგი პროგრამების ფარგლებში: “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” (ქვემო ქართლი), “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ (სამცხე-ჯავახეთი) და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (გურია და იმერეთი).
ავტორების შესახებ:
დინა ოგანოვა არის ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს. იგი არაერთხელ გახდა პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი, მათ შორის, ევროკავშირის პრიზის მფლობელი ჟურნალისტიკაში და პრემია „ლიტერას“ ლაურეატი. დინა ოგანოვა დასახელებულია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო ქალ ფოტოგრაფებს შორის. მისი ფოტოპროექტებს განეკუთვნება: „მე ვარ საქართველო“, „ჩემი სივრცე”, „გაყინული ტალღები”. დინა ოგანოვას ნამუშევრების გამოფენები გაიმართა იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. დინა ოგანოვა არის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნის „ჩემი სივრცე“ ავტორი, რომელიც ინახება სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კოლექციაში. დინა ოგანოვა 2016 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ისეთი პროექტები, როგორიცაა: „გოგონა დაიბადა“ („ჩუმი ბაღი“), „გოგონები მომავლიდან“, „დედები და ქალიშვილები” და ა.შ. ქალებისა და გოგოების უფლებები მისი შემოქმედების წამყვან თემად რჩება.
თათია ნადარეიშვილი არის ქართველი ილუსტრატორი, სტუდია “ილუსტრატორის” თანადამფუძნებელი (2016), რომელიც წერს და ილუსტრაციებს ამზადებს საბავშვო წიგნებისთვის მისი ერთ-ერთი წიგნი “ძილი ნებისა” 2017 წელს გამოქვეყნდა და რამდენიმე ენაზე ითარგმნა. თათია ნადარეიშვილი 2018 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 2020 წელს მან ილუსტრაციები მოამზადა საბავშვო წიგნისთვის “ლუნა და ციცინათელების პლანეტა”, რომელიც ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი წიგნია და რომლის მიხედვითაც მალე საბავშვო სპექტაკლიც დაიდგმება.